ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ-19-ის პანდემიის ერთი წელი: ვინ და რას ვეძებდით ინტერნეტში?


რამდენიმე კვირაში 1 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც მსოფლიო პანდემიის პირობებში ცხოვრობს. 2020 წელს არაერთი კომპანია უკვე აჯამებს. კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ერთის მხრივ ასობით ათასი ადამიანი გარდაიცვალა, მეორეს მხრივ კი მსოფლიოში ბიზნესების ნაწილი სამუდამოდ დაიკეტა და მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა. Yelp-ის მონაცემებით, პანდემიის პირობებში დახურული ბიზნესების 60% აღარ გაიხსნება.

მსოფლიო გაზაფხულის შემდეგ შემოდგომის ბოლოს უკვე მეორედ ჩაიკეტა და შეზღუდვები გამკაცრდა. ადამიანთა დიდი ნაწილი სახლიდან მუშაობს, გაიზარდა ინტერნეტის მოხმარება და მოთხოვნა კომპიუტერებზე, პლანშეტებსა და ტელეფონებზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერნეტის, სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობაც.

პანდემიის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ინფორმაციის ნაკადი ძალიან დიდი იყო, ძნელი იყო დეზინფორმაციის გამოვლენა, თუმცა მედია ორგანიზაციებისა და სოციალური ქსელების აქტიური მუშაობით პრობლემა მალევე მოგვარდა. ზოგად სტატისტიკას მსოფლიოში ბევრი მედიასაშუალება აშუქებს, თუმცა როგორც ჩანს, ადამიანთა დიდი ნაწილი დამატებით ინფორმაციისთვის ინტერნეტ საძიებო სისტემას მაინც იყენებდა.

და მაინც ვინ, რას და როდის ვეძებდით ინტერნეტში? - კითხვაზე პასუხი "გუგლმა" უკვე გაგვცა მაშინ, როცა კომპანიამ წელი შეაჯამა.

გუგლის საძიებო სისტემა მსოფლიოში ყველაზე დიდი და პოპულარულია. დამუშავებული მონაცემებით კი შეიძლება ვთქვათ, თუ რას ვეძებდით ადამიანები გუგლის სისტემის დახმარებით 2020 წელს.

ტოპ 5 თემა, რომელსაც გუგლის საძიებო სისტემაში ვეძებდით:
  • კოვიდ19
  • არჩევნების შედეგები
  • კობი ბრაიანტი
  • ზუმის აპლიკაცია
  • ინდოეთის პრემიერ ლიგა

გუგლის საძიებო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ, როცა პანდემიური ვითარება მსოფლიოში უარესდება და შეზღუდვები მკაცრდება, ადამიანების დიდი ნაწილი იწყებს ძებნას შეიძლება თუ არა ესა თუ ის სიმპტომი გამოწვეული იყოს კოვიდ-19-ით. მხოლოდ მარტში 6-ჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა რომლებიც გაციების მსგავს სიმპტომებს გუგლავდა. "რა იწვევს გართულებულ სუნთქვას? " - მარტსა და აპრილში გუგლის საძიებო სისტემაში ეს კითხვა მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა დასვა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მეტად ადამიანები კორონავირუსის ტიპებს ეძებენ, დიდია ინტერესი კორონავირუსის მუტაციის შესახებაც. ერთ კვირაში 5 000 %-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუერ მაკრონის ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებიან. მაკრონს გასულ კვირას კოვიდ-19-ი დაუდასტურდა. ყველაზე ხშირად მაკრონის ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებიან საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, კანადასა და ინდონეზიაში.

ვიდეო - ყველაზე პოპულარული რეკლამები პანდემიის დროს:

ბოლო ერთ კვირაში გუგლის საძიებო სისტემაში ამერიკელები ინტერესდებიან რამდენად უსაფრთხო არის კოვიდ-19-ის ვაქცინა ორსულებისთვის. ამერიკაში ასევე აინტერესებთ რატომ სჭირდება ვაქცინას ძლიან ცივი გარემო. დიდ ბრიტანეთში კი აინტერესებთ, როგორია იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებმაც ვაქცინა უკვე გაიკეთეს.

გუგლის საძიებო სისტემის მეშვეობით ყველაზე პოპულარული ადამიანი მსოფლიოში ჯო ბაიდენი და კიმ ჩენ უნი არიან. ყველაზე ხშირად გუგლში სწორედ მათ ეძებდნენ.

5 ადამიანი, რომელსაც გუგლში 2020 წელს ყველაზე ხშირად ეძებდნენ:
  • ჯო ბაიდენი
  • კიმ ჩენ ინი
  • ბორის ჯონსონი
  • კამალა ჰარისი
  • ტომ ჰენკსი

მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ტელე-შოუებსა და ფილმებზე. გუგლის მომხმარებლების დიდი ნაწილი ინტერესდებოდა ისეთი ფილმებით, რომლებიც ვირუსის ან პანდემიის შესახებ იყო მომზადებული. თუმცა ამ დროისთვის, გუგლის საძიებო სისტემაში ლიდერობს ფილმი "პარაზიტი", რომელიც კლასობრივი დისკრიმინაციის შესახებ მოგვითხრობს.

ტოპ 5 ფილმი, რომლსაც გუგლში 2020 წელს ეძებდნენ :
  • პარაზიტი
  • 1917
  • შავი პანტერა
  • 365 DNI
  • გადამდები

პანდემიის დაწყებიდან მალევე სასწავლო პროცესმა ინტერნეტში გადაინაცვლა, სამსახურების დიდი ნაწილიც ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. მოთხოვნა კი გაიზარდა ისეთ აპლიკაციებზე, რომლებითაც დიდი რაოდენობით ადამიანების ერთ სივრცეში კომუნიკაცია იქნებოდა შესაძლებელი. ასეთი ერთ-ერთი აპლიკაცია "ზუმია", რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნა აპრილში დაფიქსირდა. მოგვიანებით ადამიანებმა გუგლში დაიწყეს ძებნა " ანონიმური ალკოჰოლიკების შეკრება ზუმში", "როგორ ვითამაშოთ ზუმში", სასაცილო "ფონები ზუმში"

მესამე კვირაა რაც მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. პირველი ვინც ფაიზერის მიერ შექმნილი ვაქცინა დაამტკიცა დიდი ბრიტანეთი იყო. რამდენიმე საათიანი სხვაობით ფაიზერის მიერ შექმნილი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ. ორ კვირაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2 ვაქცინა დაამტკიცა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ფაიზერის და მოდერნას მიერ შექმნილი ვაქინები გამოიყენება.

ტოპ 5 ქვეყანა, სადაც ვაქცინის შესახებ ინფორმაციას ეძებენ:
  • კანადა
  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • დიდი ბრიტანეთი
  • ინდოეთი
  • ავსტრალია

ვაქცინის შესახებ ინფორმაციას ხშირად ეძებენ სამხრეთ აფრიკაში, კენიაში, შვედეთში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, ფილიპინებსა და მექსიკაში. 2020 წელს საქართველოში გრიპის ვაქცინას გუგლის საძიებო სისტემაში უფრო მეტი ადამიანი ეძებდა, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში. მონაცემები 101%-ით არის გაზრდილი.

რას ეძებდნენ გუგლში ქართველები?

რაც შეეხება საქართველოს - გუგლის საძიებო სისტემა ბევრ ინფორმაციას ამ მხრივ არ ინახავს, თუმცა არსებული ინფორმაციით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველები ბოლო 12 თვის განმავლობაში ყველაზე ხშირად ინტერესდებოდნენ კოვიდ-19-ით და ამინდის პროგნოზით. კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციას ქართველები ყველაზე ხშირად ინგლისურ და რუსულ ენებზე ეძებდნენ. დიდი მოთხოვნა იყო კოვიდ-19-ის სტატისტიკის ვებგვერდზეც. ათასობით ადამიანი გუგლში ეძებდა ვებგვერდს "stopcov.ge" სტატისტიკაზე თვალის სადევნებად. ქართველები ხშირად იყენებდნენ ვებგვერდს "worldometer", ეძებდნენ "ზუმს" და "მაიქროსოფთ თიმსს". დიდი მოთხოვნა იყო სხვადასხვა აზარტული თამაშების ოფიციალურ ვებგვერდებზე.

საქართველოში გუგლის საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად წერდნენ "ამინდი ხვალ" და "ჩემს კარზე დააკაკუნე". 180%-ით არის გაზრდილი მოთხოვნა რუსულ საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკზე". ვებგვერდით ყველაზე ხშირად აფხაზეთში, სამცხე ჯავახეთში, შიდა ქართლში და აჭარაში ინტერესდებიან.

რაც შეეხება იუთუბს, ქართველები პლატფორმის საძიებო სისტემაში ხშირად ეძებდნენ:
  • ფილმები ქართულად
  • კინოები ქართულად
  • tik tok mushup
  • სიმღერები 2020
  • ნიჭიერი 2020
  • sen cal capimi
  • რუსულად ფილმები 2020
  • მულტფილმები ქართულად
  • საეჭვო კაცი
  • მუსიკები 2020

გუგლის ფოტო საძიებო სისტემაში კოვიდ-19, აიფონი და ძაღლების სხვადასხვა ჯიშები ჭარბობს.

გუგლის ფოტოს საძიებო სისტემაში ქართველები 2020 წელს ყველაზე ხშირად ეძებდნენ:
  • კოვიდ-19
  • აიფონ 10
  • კანე კოსრო
  • დაბადების დღის მილოცვები
  • ლომი
  • შილაკი
  • მეგლი
  • აიფონ სე

საქართველოში 2020 წლის განმავლობაში გუგლის საძიებო სისტემაში უფრო ხშირად ეძებდნენ ამერიკულ სიახლეებს ვიდრე რუსულს. საძიებო სისტემაში ქვეყანა "აშშ" გუგლში 2019-წელთან შედარებით გაცილებით მეტმა ადამიანმა ჩაწერა მონაცემი 105%-ით გაზრდილი. გუგლის საძიებო სისტემის მონაცემებით წელს საქართველოში განსაკუთრებით აინტერესებდათ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოში გუგლის საძიებო სისტემაში წერდნენ "ამერიკის არჩევნები 2020", "არჩევნების შედეგები ამერიკაში", "ამერიკული არჩევნები". ამ მხრივ საძიებო სისტემაში მოთხოვნის 150%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG