ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსტონის კონფერენციიდან კორონავირუსი 330 000-ზე მეტ ადამიანს გადაედო


ქ. ბოსტონი

10 დეკემბერს, ჟურნალ „საიენსში“ გამოქვეყნებულმა ნაშრომმა, კარგად წარმოაჩინა გავრცელების ის მასშტაბი, რაც ახალ კორონავირუსს ახასიათებს. მეცნიერთა ანგარიშით, ქ. ბოსტონში გამართული ორდღიანი საერთშორისო ბიოტექნოლოგიურ კონფერენციიდან, ვირუსი დროთა განმავლობაში, 330 ათას ადამიანზე გავრცელდა. თუმცა, ეს რიცხვი სინამდვილეში, შეიძლება გაცილებით დიდი იყოს.

კვლევამ ისიც კარგად აჩვენა, თუ რამდენად მაღალია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა, თავად ინფიცირებული იქნება ეს, თუ მასობრივი შეხვედრების ორგანიზატორი. ჯანდაცვის მართვისთვის ეს კვლევა აშკარა დადასტურებაა იმის, რომ ე.წ. „სუპერგამავრცელებელ ღონისძიებებს ეპიდემიის განვითარების კურსზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ მსგავსი შეხვედრების დროს, პრევენცია, დეტექცია და უარყოფითი შედეგების მინიმიზაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს“ - ნათქვამია ნაშრომში.

დღევანდელი გადასახედიდან, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კრიზისების დროს ადრეული ინტერვენცია, პანდემიის აგრესიული მართვა და აღებული კურსის ბოლომდე გატარება. ამის რამდენიმე საუკეთესო მაგალითად სამხრეთ კორეის, ახალი ზელანდიის და ავსტრალიის მიერ კოვიდ-19-ის მართვა სახელდება.

ეს ზამთრის ბოლოსკენ მოხდა, 26-27 თებერვალს, როცა პანდემია კოვიდ-19-ის გამო მკაცრი შეზღუდვები ჯერ კიდევ შემოღებული არ იყო. თუმცა, შეერთებულ შტატებში უკვე მოქმედებდა ფრენების ნაწილობრივი შეზღუდვა და მსუბუქი საკარანტინო ზომები.

დაახლოებით რომ აღვადგინოთ მაშინდელი რეალობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სარს-კოვ-2-ის გავრცელების გამო, საერთაშორისო ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობა 30 იანვარს გამოაცხადა. შეერთებული შტატების ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება მეორე დღესვე, 31 იანვარს გამოცხადდა. ეს წესით, ამერიკაში, ადგილობრივი მთავრობებისთვის უკვე მნიშვნელოვანი სიგნალი უნდა ყოფილიყო.

ამას გარდა, 25 თებერვალს, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. იქ ითქვა, რომ ამერიკის მოსახლეობა ახალი კორონავირუსის გავრცელებისთვის და ამერიკული ჯანდაცვა კი კრიზისთან გასამკლავებლად უნდა მოემზადოს.

„საკითხავი ის კი არ არის, მოხდება თუ არა ეს, არამედ - როდის მოხდება“ - თქვა მაშინ ექიმმა ნენსი მესიონერმა. მანვე ამერიკელებს უთხრა, რომ სკოლების, თუ სამსახურების დახურვისთვის და მასობრივი ღონისძიებების გაუქმებისთვის უნდა მომზადებულიყვნენ. ამ პრესკონფერენციის დეტალების გაცნობა „ამერიკის ხმის“ იმ დღეების პუბლიკაციაშია შესაძლებელი.

ბოსტონის „ბიოგენის“ ორდღიანი კონფერენცია ამ განცხადებიდან მეორე დღეს დაიწყო, მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებამდე თითქმის 2 კვირით ადრე. ჯანმომ ახალი კორონავირუსის ეპიდემიას პანდემიის კვალიფიკაცია 11 მარტს მისცა.

ამერიკის და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ კონფერენციის სტუმრებს შორის, რა თქმა უნდა, თავად ბიოტექნოლოგიური კომპანია „ბიოგენის“ ლიდერებიც იყვნენ. სწორედ მათში იყვნენ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები, ოღონდ მათ დიაგნოზის შესახებ არ იცოდნენ.

მასაჩუსეტსის შტატის მეცნიერთა დიდი ჯგუფის ავტორობით შექმნილი კვლევის მიხედვით, აღნიშნულ კონფერენციაზე გავრცელებულმა ვირუსმა სარს-კოვ-2, ადამიანები სულ ცოტა, 29 შტატში დააინფიცირა. მთლიანად ამერიკაში კი, კონფერენცია ინფიცირების შემთხვევების თითქმის 2 პროცენტზეა პასუხისმგებელი.

მომხდარის შესახებ ინფორმაციის შეკრების შემდეგ, პირველივე კვლევაში გაირკვა, რომ კონფერენციაზე სულ ცოტა, 99 ადამიანი დაინფიცირდა. თუმცა, სარს-კოვ-2, რა თქმა უნდა, აქ არ შეჩერებულა. ასამდე ადამიანმა ნოემბრამდე, სულ ცოტა, 330 000 ადამიანი დააინფიცირა.

ვირუსის გავრცელების კვალზე თვალის მიდევნება მისი გენომის სიკვენსირებით ხდება. კონფერენციაზე სპეციფიკური მუტაცია, სახელად C2416T გავრცელდა. ეს მუტაცია ევროპაში ცოტა უფრო ადრე, იანვარში და თებერვალში ფიქსირდებოდა. მეორე ვარიაციაა G26233T, ისიც კონფერენციამდე ამერიკაში არსად აღრიცხულა. გამოდის, რომ ბოსტონის ბიოტექნოლოგიურ კონფერენციაზე, ამერიკაში სარს-კოვ-2 ვირუსის ორი ახალი მუტაცია გავრცელდა.

კორონავირუსის გენომთა გლობალური საინფორმაციო ბაზაც აჩვენებს, რომ ეს ორი ვარიაცია ამერიკაში კონფერენციამდე არ ფიქსირდებოდა. ამასობაში, პირველ ნოემბრამდე, პირველი ვარიაციის 245 ათასამდე შემთხვევა და მეორე ვარიაციის 88 000 შემთხვევა აღირიცხა. ჯამში, 330 000-ზე მეტი. თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ძალიან კონსერვატიული რაოდენობაა და გამომდინარე იქიდან, რომ უსიმპტომო ადამიანები ანალიზს საერთოდ არ იღებენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოსტონის კონფერენციიდან გაცილებით მეტი დაინფიცირდებოდა როგორც ამერიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კვლევის დეტალების გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალ „საიენსის“ (Science) 10 დეკემბრის გამოცემაში. მისი ავტორია ჰარვარდის, ბოსტონის და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების, შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის, ასევე რამდენიმე საავადმყოფოს ექიმების და მეცნიერების დიდი ჯგუფი.

ჟურნალ „საიენსს“ გამოსცემს დაახლოებით 170 წლის წინ დაარსებული, ამერიკის მეცნიერების დაწინაურების ასოციაცია (AAAS). მასში თითქმის 120 000 ადამიანი ერთიანდება. საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის მიზანია მსოფლიო მასშტაბით სამეცნიერო თავისუფლების დაცვა, მეცნიერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სამეცნიერო პასუხისმგებლობის სტიმულირება, სამეცნიერო განათლების და მეცნიერების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG