ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შესაძლოა ვაქცინების შეფასება გახდეს საჭირო - ბავშვების და ზრდასრულების იმუნიტეტის შედარებამ პარადოქსული შედეგები აჩვენა


სარს-კოვ-2 ვირუსის კლასტერი მიკროსკოპში

ახალ კვლევაში, რომელიც 21 სექტემბერს გამოქვეყნდა, მეცნიერებს პირველად ჰქონდათ საშუალება შეედარებინათ კოვიდ-19-ზე ბავშვების და ზრდასრულების იმუნური რეაქცია. ისინი იმ მნიშვნელოვან განსხვავებებს გადააწყდნენ, რაც შეიძლება მედიკოსებს დაეხმაროს იმის ახსნაში, თუ რატომ ვითარდება ბავშვებში ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება შედარებით მსუბუქად, ვიდრე - ზრდასრულებში. მაგრამ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ისინი ფიქრობენ, რომ შედეგები მკურნალობის მეთოდებისა და ვაქცინების უკეთ გააზრებას მოითხოვს.

ექსპერიმენტის დროს პაციენტების სისხლში გამუდმებით ამოწმებდნენ სხვადასხვა ტიპის იმუნურ უჯრედებს, ანტისხეულებს და ციტოკინებს. ერთმანეთს ადარებდნენ თანდაყოლილ და უჯრედულ იმუნურ პასუხებს. უფროსებთან შედარებით, ბავშვების და მოზარდების კლინიკურ მანიფესტაციაში დაფიქსირებული განსხვავებები იმაზე მიანიშნებდა, რომ ასაკობრივი ფაქტორები გავლენას ახდენს ანტივირუსულ იმუნურ პასუხზე.

„ჩვენი მიგნებების მიხედვით, კოვიდ-19 ბავშვებს იმიტომ გადააქვთ უკეთ, ვიდრე ზრდასრულებს, რადგან მათ სარს-კოვ-2-სგან, ახალი კორონავირუსისგან, რომელიც დაავადებას იწვევს, უფრო ძლიერი თანდაყოლილი იმუნიტეტი იცავს“, - ამბობს კვლევის წამყვანი თანაავტორი, ექიმი ბეტსი ჰეროლდი. ის ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯში ინფექციური დაავადებების განყოფილების თავმჯდომარეა და პედიატრიის განყოფილებაში კვლევების ვიცე-თავმჯდომარეც არის. ნაშრომის მეორე წამყვანი ავტორია იმუნოლოგიის პროფესორი იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში - ქევან ჰეროლდი.

კვლევაში სამი დაწესებულების მეცნიერთა ჯგუფი მონაწილეობდა: ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯიდან (ნიუ-იორკის შტატი), იელის უნივერსიტეტიდან (კონექტიკუტის შტატი) და მონტეფიორის ბავშვთა საავადმყოფოდან (ნიუ-იორკის შტატი). ისინი აკვირდებოდნენ 60 ზრდასრულ და 65 პედიატრიულ პაციენტს, რომლებიც კოვიდ-19-ის დიაგნოზით მათ საავადმყოფოებში 13 მარტიდან 17 მაისამდე იმყოფებოდნენ. პედიატრიულ პაციენტებში 20-ს ჰქონდა მულტი-სისტემური ანთებითი სინდრომი - კავასაკის სინდრომის მსგავსი იშვიათი ანთებითი დაავადება, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებში ვითარდება და სასიცოცხლო რისკების შემცველია.

კვლევის შედეგების მიხედვით, ბავშვებმა კოვიდ-19 გაცილებით იოლად გადაიტანეს. უფროსებში 22 პაციენტს (37%) დასჭირდა მექანიკური ვენტილაცია, პატარებში კი მხოლოდ 5 ბავშვს (8%). 60 ზრდასრული პაციენტიდან 17 (28%) საავადმყოფოში გარდაიცვალა. 65 პედიატრიული პაციენტიდან კი მარტო 2 ბავშვი (3%) გარდაიცვალა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილ ბავშვებში არცერთს არ ჰქონდა მულტი-სისტემური ანთებითი სინდრომი.

სპეციალისტების განმარტებით, ადამიანებს ორი ტიპის იმუნიტეტი აქვთ, თანდაყოლილი და შეძენილი. ბავშვებში თანდაყოლილი იმუნიტეტის შემთხვევაში, იმუნური უჯრედები ორგანიზმში შეჭრილ ნებისმიერი სახის პათოგენზე, უმეტესად უფრო სწრაფად და ძლიერად რეაგირებენ. როცა საქმე შეძენილ იმუნურ პასუხთან გვაქვს, იქ რეაქცია სპეციფიკურ ვირუსებზე და სხვა მიკრობებზე სხვადასხვაგვარია.

კვლევაში, უფროს პაციენტებთან შედარებით, კოვიდ-19-ით დაავადებულ ახალგაზრდა ორგანიზმში, ფიქსირდებოდა გარკვეული ციტოკინების მნიშვნელოვნად მაღალი დონე, რომელიც თანდაყოლილ იმუნურ პასუხთან ასოცირდება. ბავშვებში, ზრდასრულებთან შედარებით, განსაკუთრებით მაღალი იყო ერთი კონკრეტული ციტოკინის რაოდენობა, რომელიც ცნობილია სახელით IL-17A.

"სწორედ ამ IL-17A ციტოკინის მაღალი დონეები, რომელიც ჩვენ პედიატრიულ პაციენტებში ვიპოვეთ, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს კოვიდ-19-ის პროგრესთან ბრძოლაში“, - აღნიშნავს იმუნოლოგიის პროფესორი იელის უნივერსიტეტში ქევან ჰეროლდი.

ახალი კორონავირუსის ე.წ. სპაიკ-ცილების წინააღმდეგ ანტისხეულები როგორც ბავშვების, ისე ზრდასრულების ორგანიზმში ფიქსირდებოდა. როგორც ცნობილია, მათ ვირუსი უჯრედებში შეღწევისა და მათი ინფიცირებისთვის იყენებს. გამომუშავებულ ანტისხეულებს შორის იყო გამანეიტრალებელი ანტისხეულებიც, რომლებიც კორონავირუსს უჯრედებში შეღწევაში უშლიდნენ ხელს.

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ მკვლევრების თქმით, გამანეიტრალებელი ანტისხეულების დონე ზრდასრულ პაციენტებში უფრო მეტი იყო მათ შორის, ვინც გარდაიცვალა, ან მექანიკური ვენტილაცია დასჭირდა, ვიდრე იმ პაციენტებში, ვინც გამოჯანმრთელდა და გაცილებით მეტი - ბავშვებთან შედარებით.

„ეს იმაზე მიუთითებს, რომ როცა ზრდასრულებში უფრო მწვავე კოვიდ-19-თან გვაქვს საქმე, ეს არ არის გამოწვეული ორგანიზმის შეძენილი იმუნიტეტის უუნარობით, გამოიმუშავოს T-უჯრედები, ან ანტისხეულების საპასუხო რეაქცია... არამედ, უფროსი პაციენტები კორონავირუსის ინფექციას პასუხობენ ზედმეტად ძლიერი შეძენილი იმუნიტეტით, რაც შეიძლება იწვევდეს ანთებას, რომელიც ასოცირდება მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომთან“, - ამბობს პროფესორი ჰეროლდი.

მეცნიერების აზრით, ახალი კვლევის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც კოვიდ-19-ის მკურნალობის, ისე ვაქცინების განვითარებისთვის. და აი, რატომ: პროფესორ ჰეროლდის თქმით, გამოჯანმრთელებული ადამიანის „პლაზმით მკურნალობა, რომელიც გამანეიტრალებელი ანტისხეულებითაა მდიდარი, შესაძლოა არ დაეხმაროს ზრდასრულ ადამიანებს, ვისაც უკვე აქვს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ნიშნები... საპირისპიროდ, თერაპიები, რომლებიც დაავადების საწყის ეტაპზე თანდაყოლილ იმუნურ პასუხს გააძლიერებს, შესაძლოა განსაკუთრებით ეფექტური იყოს“.

რაც შეეხება ვაქცინებს: მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვაქცინების კანდიდატთა უმეტესობა, რომელმაც სარს-კოვ-2-ის ინფექციისგან უნდა დაგვიცვას, მიზნად ისახავს გამანეიტრალებელი ანტისხეულების დონეების გაზრდას. ამიტომ, იელის უნივერსიტეტის იმუნოლოგის აზრით, შესაძლოა, საჭირო იყოს ვაქცინების შეფასება. „ჩვენ ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ის ვაქცინები, რომლებიც იმუნიტეტის გაძლიერებას სხვა გზებით იწვევს, როგორიცაა - თანდაყოლილი იმუნური პასუხი“, - ამბობს პროფესორი ჰეროლდი.

ნაშრომის სრული დასახელებაა “სარს-კოვ-2 ინფექციაზე იმუნური პასუხი ჰოსპიტალიზებულ პედიატრიულ და ზრდასრულ პაციენტებში“. ის 21 სექტემბერს გამოქვეყნდა მეცნიერების დაწინაურების ამერიკული ასოციაციის ჟურნალში Science Translational Medicine.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG