ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დათა ვანიშვნილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა


დათა ვანიშვილი, რუსული ოკუპაციის მსხვერპლი ხურვალეთში

დათა პაპას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა - ამის თაობაზე "ამერიკის ხმასთან" მისი მეუღლე ვალია ვანიშვნილი საუბრობს. მოუცი ცოლ-ქმარი ხურვალეთში, ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხოვრობს. დათა ვანიშვნილი, როგორც თავად აღნიშნავს, 88 წლის არის. მისი მხნეობისა და გამძლეობის თაობაზე კარგადაა ცნობილი როგორც ახლობლებისთვის, ისე რუსული ოკუპაციის საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. თუმცა, უკანასკნელი ორი კვირა დათა პაპასთვის მძიმეა. ამ დროისთვის მას ფილტვების ანთება აქვს. ოჯახს ექიმები, ზოგჯერ ცხინვალიდან სტუმრობენ, ზოგჯერ კი კონსკულტაცია ახალგორის ამბულატორიასთან მიმდინარეობს. საქართველოს კონტროლირებული ტერიტორიიდან მოხუცს ვერ ეხმარებიან.

მშობლების მონახულებას ხურვალეთში ვერ ახერხებს ვერც დათა ვანიშვნილის ქალიშვილი, რომელიც მიმდებარე სოფელში ცხოვრობს. ჩვენთან საუბრისას ნანა ვანიშვნილი აცხადებს, რომ მხოლოდ „მარშუტკას“ თუ გაჰყვა, ასე შეუძლია „შეპარვა“ ხურვალეთში. სხვა მხრივ, ამის უფლებას მას არც ქართველი სამართალდამცავები აძლევენ და არც რუსი მესაზღვრეები. „ეშინიათ, რომ მამაჩემის სახლში არ შევიპარო და ამიტომ არ მიშვებენ. არადა, რამით ხომ უნდა მივხედო ჩემ მშობლებს. მეც არაფერი მაქვს, მაგრამ სულ მცირეოდენს მაინც წავუღებ, ან წამალს მივაწვდი“. ნანა ვანიშვნილმა რომ მშობლები მოინახულოს, ეკრძალება, რადგან ამით საფრთხეს საკუთარ თავს, მართლაც, შეუქმნის. როგორც კი ნანა ვანიშვნილს რუსი მესაზღვრეები დათას სახლში დააფიქსირებენ, მას ცხინვალის ციხეში უკრავენ თავს. ქართველი სამართალდამცავები ცდილობენ ამგვარი შემთხვევის პრევენცია მოახდინონ იმ ფორმით, რომ ნანას, უბრალოდ, მშობლების მონახულება აქვს აკრძალული.

"ამერიკის ხმასთან" სატელეფონო საუბრისას, დათა ვანიშვნილის მეუღლე ვალია ვანიშვნილი ამბობს: „დათა ძალიან ცუდად არის. დღესაც იყო ექიმი ცხინვალიდან. ფილტვების ანთება აქვს. ნემსები გაუკეთს ახლა. წნევა არა აქვს, არც სიცხე, მაგრამ მუხლები სტკივა და ფეხზე ვეღარ დგება. სიცოცხლე აღარ მინდა. ამ კაცს რომ რამე მოუვიდეს, რა უნდა გავაკეთო, ან როგორ დავმარხო, ან რა ვქნა?“

საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი მოხუცები ურთულეს მდგომარეობაში არიან. ერთადერთი ადამიანი, ვინც მათზე ზრუნვას ახერხებდა, შვილიშვილი, მალხაზ (მახო) ვანიშვნილი-ქურთაევია. თუმცა, როგორც ვალია ბებო ამბობს, „ამჟამად ის დაკავებულია და ახალგორში ჰყავთ.“

მალხაზ ვანიშვნილი და მისი 8 თვის მეუღლე, თათია ადიკაშვილი დათა პაპას სახლში იმყოფებოდნენ, მაგრამ რუსი მესაზღვრეებისთვის ეს კანონდარღვევად ითვლება, ამიტომ ორივე დააკავეს. მალხაზი ახალგორში გადაიყვანეს, მისი მეუღლე კი წითელ ჯვარს ოძისის გამშვები პუნქტიდან 17 დეკემბერს გამოაყვანინეს. მალხაზის ერთადერთი დანაშაული ის გახლავთ, რომ ის ბებიასა და პაპაზე ზრუნავს. „ზაფხულში მანდეთ იყო მახო, ცოლის მშობლების ოჯახში, შემდეგ, ავად რომ გავხდით, ჩვენს მოსავლელად გადმოვიდნენ და დააკავეს. ტირის, ტირის, მახო, აღარ იცის, რა ქნას, რომ არ წავიდეს, დაიჭერენ და 6 წელს მიუსჯიან. ჩვენთან წინაგარის საბჭო იყო მოსული და გვითხრა, ოთხ დღეში მოვიყვანთ მახოსო, მაგრამ ორჯონიკიძეში უნდა წავიდეს, თორემ დავაკავებთო. მახოს დედა ორჯონიკიძეში ცხოვრობს. თურმე, მახო თავს იკლავდა და ყარაულები დაუყენეს,“- გვეუბნება ვალია ვანიშვნილი.

მალხაზ ვანიშვნილი რთული არჩევანის წინაშე დგას. ის იძულებულია რვა თვის ფეხმძიმე ცოლი ხურვალეთში დატოვოს, მოხუცი და მის მოვლაზე დამოკიდებული ბებია-პაპა კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თვითონ ვლადიკავკაზში წავიდეს. ეს ერთადერთი არჩევანია, რასაც დე-ფაქტო რეჟიმი მალხაზ ვანიშვნილს სთავაზობს. ვალია ბებოს ვეკითხებით, თქვენ როგორ უნდა იცხოვროთ, მახოს გარეშე? მისი პასუხი ასეთია: „რომ არ წავიდეს, დაიჭერენ და რა ვქნათ?“

დათა ვანიშვნილი, ხურვალეთი
დათა ვანიშვნილი, ხურვალეთი

ვალია ვანიშვნილს თავადაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მოხუცი მეუღლის დამოუკიდებლად მოვლას ვერ ახერხებს. „ორივე თვალზე მაქვს ოპერაცია გაკეთებული, მხედველობა მიჭირს, ერთი თვალი ისევ მტკივა“, - ამბობს ჩვენთან.

მოხუცებმა გათბობისთვის შეშა ზოგი თვითონ იყიდეს, ზოგი კი ცხინვალიდან გამოუგზავნეს. იმის გამო, რომ გადაადგილებას ვერ ახერხებენ, სამი თვის პენსია და სოციალური დახმარების ფული ჯერაც ასაღები აქვთ. „კაპიკი ფული არ გვაქვს, რომ წამლები ვიყიდოთ. ნანასაც (ვანიშვნილების ქალიშვილს) არ უშვებენ რუსები. ახლაც ჩვენ ეზოში დადიან. გაივლიან-გამოივლიან“,- წუხს მოხუცი.

ჟურნალისტები დათა პაპას მონახულებას ხურვალეთში რა ხანია ცდილობენ, თუმცა ისიც მოცემულობა გახლავთ, რომ საქართველოს კონტროლირებული ტერიტორიიდან მავთულხლართებთან გამართული შეხვედრების შემდგომ, დათა პაპას და მის ოჯახს რუს მესაზღვრეებთან უწევს „თავის მართლება“. რამდენჯერმე დათა დააკავეს და ცხინვალშიც გადაიყვანეს. ამდენად, დათა ვანიშვნილისთვის იოლი საქმე სულად არაა კამერების წინაშე გამოჩენა, თუმცა, ამავდროულად, არც საზოგადოებრივი სივრციდან დათა პაპას გაუჩინარებას მოაქვს სასიკეთო შედეგი მისთვის. ვანიშვნილების ოჯახი ხურვალეთში ამჯამად ურთულესი სოციალურ-პოლიტიკური და სამართლებრივ გამოწვევების წინაშე დგას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG