ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალხაზ ვანიშვნილის ახალი ცხოვრება ოკუპაციის ხაზს მიღმა


საოკუპაციო ხაზი, საქართველო

ოკუპაციის ხაზთან არსებული ვითარების სიმძიმე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა 17 დეკემბერს, როდესაც ცნობილი გახდა საქართველოს მოქალაქის მიერ დე-ფაქტო ადმინისტრაციისადმი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნის თაობაზე. პირი, ვინც დე-ფაქტო ცხინვალს თავშესაფარს სთხოვს და მოქალაქეობის მიღებაზეა თანახმა, ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია. ის ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვნილის შვილიშვილი, მალხაზ (მახო) ვანიშვნილი-ქურთაევია.

მალხაზ ვანიშვნილის ცხოვრება იოლი არასდროს ყოფილა. ის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ 2008 წლის შემდგომ რამდენჯერმე დააკავა. დაკავების მიზეზი კი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთაა. იმ რეალობის წარმოსადგენად, სადაც უწევდა ცხოვრება მალხაზ ვანიშვნილს, რამდენიმე დეტალის აღნიშვნაა საჭირო. პირველ რიგში კი უნდა ითქვას იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ხურვალეთში, სოფელში, სადაც ამ დრომდე ცხოვრობდა მალხაზ ვანიშვნილი.

2008 წლის შემდგომ, საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთს ნაწილი „ჩამოაჭრეს“, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რის შემდგომაც ხურვალეთელების რამდენიმე ოჯახი ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. მათ შორისაა დათა ვანიშვნილის ოჯახი. 88 წლის მოხუცი, მეუღლესთან ერთად მავთულხლართებით შემოსაზღვრულ სივრცეში გამოამწყვდიეს, რითაც მას საარსებო წყარო გადაეკეტა.

წლების განმავლობაში, დათა ვანიშვნილს ეგრეთ წოდებული „ქართული პენსიის“ ასაღებად მალულად უწევდა მოქმედება. ელემენტარულად, პური რომ იყიდოს, მისთვის ესეც პრობლემაა, რადგან რუსი მესაზღვრეები, ვინც დათა პაპას აქტიურად დარაჯობს, მის ყოველ გადაადგილებას ფხიზლად აკონტროლებენ. დათა პაპა ნებისმიერი ნაბიჯის გამო მათგან ისჯება.

ხურვალეთი
ხურვალეთი

ის, რომ მოხუცისთვის პურის ყიდვაც პრობლემას წარმოადგენს, არაერთხელ აღუნიშნავს თავად დათა პაპას, მათ შორის უცხოელ ელჩებთან და სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან შეხვედრისას, ვინც, 2019 წლის აგვისტომდე (ამ შემთხვევაში, ჩორჩანა-წნელისის კრიზისია გზაგამყოფი) აქტიურად სტუმრობდნენ ხურვალეთს.

ასევე, "ამერიკის ხმას" არაერთხელ დაუფიქსირებია დათა პაპას პრობლემატიკა. მოხუცი ბებია-პაპას დახმარებას მალხაზ ვანიშვნილი ცდილობდა. ის ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში ცხოვრობდა, თუმცა, ამავდროულად, ოჯახის უხუცესი წევრების საჭიროებებზე ზრუნავდა. ვინაიდან ზრუნვას, მას რუსი მესაზღვრეები უკრძალავდნენ, ეს ფარულად უნდა გაეკეთებინა. სწორედ ამის გამო, მახო, ისევე როგორც თავად დათა პაპა, არაერთხელ აღმოჩნდნენ ცხინვალის ციხეში.

უკანასკნელად, ამგვარი შემთხვევა "ამერიკის ხმამ" 17 აპრილს აღმოაჩინა. ამ შემთხვევაში ტერმინი „აღმოაჩინა“ სწორედ რომ რელევანტური გახლავთ, რადგან იმ დრომდე, ვიდრე "ამერიკის ხმის" წარმომადგენლები არ მივიდოდნენ დათა პაპასთან, არავის ჰქონდა იმფორმაცია იმის თაობაზე, რომ მალხაზ ვანიშვნილი, ისევე როგორც მისი მეუღლე, თათია ადიკაშვილი, რუს მესაზღვრეებს ჰყავდათ დატყვევებული.

„ჩემი მახო წაიყვანეს ორი დღეა, დღეს დილით მოვიდნენ, შემოვიდნენ სახლში და რძალიც წაიყვანეს“,- გვითხრა 17 აპრილს დათა ვანიშვნილმა.

პასპორტის გადაცემა. ახალგორი
პასპორტის გადაცემა. ახალგორი

საქართველოს ხელისუფლება, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს რუსული მავნებულური და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გამთელი პოლიტიკისადმი წინააღმდეგობის გაწევას. საქართველოს მოქალაქეები, ვინც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს, სრულიად დაუცველნი არიან რუსული ძალმომრეობისგან. რუსი მესაზღვრეები პერიოდულად კვეთენ მათ მიერვე „საზღვრად“ მიჩნეულ მონაკვეთებს და საქართველოს მოქალაქეები ტყვეებად მიჰყავთ.

ამ თვალსაზრისით, საკმაოდ თვალსაჩინოა ხურვალეთიდან მაია ოთინაშვილის გატაცების შემთხვევა, რაც 2018 წლის 29 სექტემბერს დაფიქსირდა. ანალოგიური პრაქტიკა წლების განმავლობაში გრძელდება. 2020 წლის დაკავების უკანასკნელი ფაქტი 20 ნოემბერს, ზარდიანთკარში დაფიქსირდა. 2020 წლის 11 ივლისს კი სხვილოს ციხის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ფეხში დაჭრეს და ისე გაიტაცეს ქვემო-ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე. ისინი დღემდე ცხინვალის ციხის ტყვეები არიან, გასულ წელს დაკავებულ, გენადი ბესტაევთან ერთად.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ 17 დეკემბერს, ქვემო-ჭალაში გატაცებული გახალაძის ოჯახში სტუმრობისას, დაადასტურა მალხაზ ვანიშვნილის მიერ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის თაობაზე. მისი მეუღლე, 8 თვის ფეხმძიმე თათია ადიკაშვილი ამავე დღეს, ოძისის გამშვები პუნქტიდან ქართულ მხარეს „გადმოსცეს“. მან ორი კვირა ახალგორში, ეგრეთ წოდებულ კარანტინში გაატარა. თათია ადიკაშვილს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, აპირებს თუ არა თვითონაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მოითხოვოს.

88 წლის დათა ვანიშვნილს არაერთხელ დაუფიქსირებია იმის თაობაზე, რომ მთელი ცხოვრება საქართველოში გაატარა და რომ არასდოს იქნება მისთვის სამშობლო სხვა მიწა. მისი შვილიშვილის მხრიდან დე-ფაქტო ადმინისტრაციისთვის მოქალაქეობის მოთხოვნით მიმართვა, ამ ფონზე, საკმაოდ „მყვირალა“ ფაქტია, თუმცა, ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის რეალობა, რაშიც მას უწევს ცხოვრება. კერძოდ კი ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს დათა ვანიშვნილისა და მისი მეუღლის ელემენტარული საჭიროებებით უზრუნველყოფას. მალხაზ ვანიშვნილის ოჯახი ადრე თუ სოციალური შემწეობისთვის გამოყოფილი თანხით სარგებლობდა, ბოლო თვეებში, ესეც მოუხსნეს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მეუღლის მშობლების სახლს აფარებდა თავს.

თათია ადიკაშვილის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მალხაზ ვანიშვნილმა არაერთხელ სცადა სამუშაოს პოვნა, მათ შორის თბილისშიც, თუმცა ეს ვერ შეძლო. მალხაზ ვანიშვნილი ერთდროულად აღმოჩნდა არაერთი გამოწვევის წინაშე. ერთის მხრივ, მან ვალდებულება აიღო ბებიასა და პაპას მიხედოს, მეორეს მხირვ კი საკუთარ ოჯახს. ბებია-პაპაზე პასუხისმგებლობის აღება კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ის მუდმივად უნდა ყოფილიყო რუსი მესაზღვრეებისგან გატაცების საფრთხის წინაშე, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოუწევდა „შეპარვა“. დე-ფაქტო ადმინისტრაციისადმი მოქალაქეობის მოთხოვნით, როგორც ჩანს, მან ისეთი ყოფითი პრობლემის მოგვარება სცადა, რის მოგვარებაც საქართველოს სახელმწიფომ ვერ შეძლო.

"ამერიკის ხმამ" მიმდინარე წლის 27 ნოემბრის შემდგომ არაერთხელ სცადა დათა ვანიშვნილის მონახულება ხურვალეთში, რისთვისაც არაერთხელ მიმართა შესაბამის სამსახურებს, თუმცა მათგან მიიღო უარი და რჩევა დალოდების რეჟიმზე ყოფნის თაობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩორჩანა-წნელისის კრისიზის შემდგომ, ჟურნალისტებისთვის კონფლიქტის ზონაში გადაადგილება მხოლოდ შესაბამის სამსახურებთან შეთანხმების გზითაა შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის წვდომა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეუზღუდავია, კონფლიქტის ზონებთან მიმართებით (სადაც საქართველოს მოქალაქეები ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ), თანდათანობით, განსხვავებული პრაქტიკა დამკვიდრდა, რასაც უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტების დაცვის მომეტებული აუცილებლობით ხსნის.

უნდა აღინიშნოს, რომ დე-ფაქტო ადმინისტრაციამ, სადაც ამ დროისთვის საკმაოდ დაძაბული ვითარებაა ცხინვალში ქუჩის გამოსვლების გამო, უკვე არაერთხელ განაცხადა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები მათ თავშესაფარს სთხოვენ. დე-ფაქტო ცხინვალი „გაზრდილ მოთხოვნილებას მოქალაქეობის მიღებაზე“ იმით ხსნის, რომ „საქართველოში განსაკუთრებით მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა და ადამიანები ამის გამო ქვეყნიდან გარბიან". უფრო მეტიც, დე-ფაქტო ცხინვალი ყველა მოქალაქეს არ იღებს. მაგალითად, რევაზ ბერიძეს მოქალაქეობაზე მათ უარი უთხრეს და საქართველოს ტერიტორიაზე 9 დეკემბერს გამოისტუმრეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG