ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ19-ის პანდემია ციფრებში 


ახალი კორონავირუსით ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 292 000- უკვე გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

ამ დროისთვის, ამერიკაში ყველაზე მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი ლოს-ანჯელესშია. სხვადასხვა შტატები ხელახლა ამკაცრებენ სოციალური დისტანცირების წესებს.

პანდემიის მხოლოდ 9 თვეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კოვიდ სიტუაციასთან საბრძოლველად, 1.62 ტრილიონი დოლარი უკვე დახარჯა. მონაცემები ოფიციალურია და ის USA SPENDING.gov-მა გამოაქვეყნა. სულ ოფიციალური მონაცემებით, გამოყოფილია 2.6 ტრილიონი ამერიკული დოლარი, ამ დროისთვის 800.7 მილიარდი ამერიკული დოლარი კვლავ რეზერვშია.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს, სხვადასხვა ბიზნესები დაიხურა, სამსახურების ნაწილმა კი თანამშრომლები დაითხოვა. სულ, ქვეყანაში 2020 წლის ნოემბრის თვის მონაცემით უმუშევართა რაოდენობამ 6.7 პროცენტი შეადგინა. ისტორიის განმავლობაში, ამერიკაში უმუშევართა ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი 1969 წელს დაფიქსირდა-3.6 პროცენტი.

უმუშევრობის ზრდის პარალელურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა პროგრამა შეიქმნა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების დასახმარებლად. ახალი ფინანსური დახმარების პაკეტზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება. კონგრესში ამ დრომდე დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ვერ ხდება შეჯერება საბოლოო გადაწყვეტილებაზე, რის გამოც ბოლო დღეების განმავლობაში ვაშინგტონში არაერთი აქცია გაიმართა. აქცია გამართეს რესტორნების მფლობელებმა და თანამშრომლებმა, რომლებმაც კაპიტოლის წინ ცარიელი თეფშები მიიტანეს კანონმდებლებისთვის. ცოტა ხნის წინ, კაპიტოლთან აქცია გამართეს ტაქსის მძღოლებმა. ისინი კანონმდებლებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.

ტაქსის მძღოლებმა ვაშინგტონში აქცია გამართეს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:02 0:00

უმუშევართა მზარდი რაოდენობის გამო, ამერიკის ცენტრალურმა ხელისუფლებამ მხოლოდ 9 თვეში უმუშევრობის დაზღვევაში $548,343,232 დოლარი დახარჯა. სახელმწიფომ დაფარა კოვიდ19-ის ტესტირებისთვის საჭირო თანხები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დაზღვევა არ ჰქონდათ, ჯამში ეს ფედერალურ ბიუჯეტს ამ დროისთვის არსებული მონაცემებით $492,289,244 დაუჯდა. "მცირე ბიზნესის ადმინისტრაციამ" 9 თვის განმავლობაში $577,762,485,048 დოლარი დახარჯა. დახმარება პანდემიის გამო მიიღეს ფერმერებმაც​.

ყველაზე მეტი ფედერალური დაფინანსება კოვიდ19-თან ბრძოლაში მიიღო - ნიუ-იორკმა, კალიფორნიამ, ტეხასმა, ჯორჯიამ და ფლორიდის შტატებმა.

ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება ამერიკელი კანონდმებლებს შორის ახალ ეკონომიკურ პაკეტზე შეთანხმება. საკითხი ოქტომბერში განიხილებოდა, თუმცა მაშინ მხარეებმა საკითხებზე შეჯერება ვერ მოახერხეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG