ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულის დაცემიდან დღემდე 18 000 ადამიანია ევაკუირებული


ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების ორგანიზაციის „ნატოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქაბულის დაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ავღანეთიდან 18 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. მონაცემები ყოველ საათში იცვლება, რადგან ბოლო ორი დღის განმავლობაში, აეროპორტიდან რეგულარულად ხდება სპეციალური სამხედრო რეისების შესრულება.

ევაკუირებულთა დიდი ნაწილი სასოწარკვეთილებაში მყოფი ავღანელები არიან. უამრავი ადამიანი კი დღეს და ღამეს ქაბულის საერთაშორისო აეროპორთან ათევს, რათა რეისზე მოხვდეს და ავღანეთს თავი დააღწიოს. ეს მაშინ, როცა არალეგალურად ქვეყნის დატოვების მსურველებს თალიბანმა სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდა. მოსახლეობის ნაწილი ამას მუქარად აღიქვამს.

მთავარი საფრთხე იმ ადამიანებს ემუქრება, რომლებიც ამერიკის, ნატოს და მოკავშირე ქვეყნების ჯარებისთვის 20 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, ასევე ქალებს, განსაკუთრებით - ლიდერ ქალებს.

თუ თალიბანი პირველი დღეების განმავლობაში ამბობდა, რომ ამნისტია გამოაცხადა და მოწინააღმდეგეთა დევნას არ დაიწყებდა, ვითარება ახლა უკვე მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. თალიბანის შეიარაღებულმა წევრებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, არიან გარდაცვლილები, დაშავებულები და გატაცებულებიც. ამ დრომდე უცნობია სად იმყოფება, აქციების გაშუქების დროს დაკავებული ორი ჟურნალისტი.

ავღანეთში ყველაზე რთული ვითარება დედაქალაქ ქაბულშია, სადაც ქალაქის ქუჩები თითქმის სრულად ცარიელია. ჟურნალისტებს ადგილობრივები უყვებიან, რომ ქაბულის მსგავსად რთული ვითარებაა კიდევ სამ დიდ ქალაქში, სადაც ადამიანები სალოცავშიც კი არ დადიან.

ჯალალაბადსა და ხოსტაში დაუმორჩილებლობის მსგავსი მოძრაობები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თალიბანის მიერ მთავრობის დამხობას აპროტესტებენ და ულებების დასაცავად ქუჩაში გამოდიან. აქციებს თალიბანის მებრძოლები იარაღის გამოყენებით შლიან და სასტიკად უსწორდებიან. დამკვირვებლები ამბობენ, რომ ეს სურათი 1919 წლის მოვლენებს ძალიან ჰგავს.

თუ პირველ დღეებში თალიბანი მედიასთან აქტიურად ურთიერთობდა, ახლა უკვე ისინი კომენტარს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აღარ აკეთებენ. რაც შეეხება მედიას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მედიის კრიტიკული როლი თალიბანისთვის მიუღებელია. საჯაროდ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, რამდენიმე ტელეკომპანიაში თანამშრომლები გაათავისუფლეს, მათ შორის ქალი ტელეწამყვანები.

ახლა ავღანეთში ქაოსია, ერთადერთი ადგილი, რომელსაც ახლა დასავლეთის ძალები აკონტროლებენ აეროპორტია. ავღანეთში ამ დროისთვის 5 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმყოფება, რომლებიც აეროპორტის უსაფრთხოებაზე და ევაკუაციის პროცესის წარმართვაზე არიან პასუხისმგებლები. პროცესი აეროპორტში კი დრამატულად ვითარდება. ათასობთ სასოწარკვეთილი ადამიანი გაქცევას ცდილობს, მათ შორის კი დადასტურებული ინფორმაციით, ტერორისტებიც იმყოფებიან, რომლებიც ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას ცდილობენ. მათი მოგერიება და ლიკვიდაცია ამ დრომდე წარმატებით ხორციელდება. აეროპორტის ტერიტორიაზე მოკლულია 12 ადამიანი.

თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩევლმა ჯეკ სალივანმა „ენ-ბი-სი ნიუსთან“ საუბრის დროს თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „კონცენტრირებულია ტერორისტული თავდასხმების პოტენციურ საფრთხეებზე, რომლებიც მომდინარეობს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრთა მხრიდან“

ავღანეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის ევაკუაციაზე, დღეს რამდენიმე საათში ვაშინგტონში პრეზიდენტი ბაიდენი ისაუბრებს. გავრცელებული ცნობით, თეთრ სახლში პრეზიდენტ ბაიდენის მიმართვა ადგილობრივი დროით, 13:00 საათზე დაიწყება.

პარალელურად კი დასავლეთში, კრიტიკა მზარდია. მაგალითად ბრიტანეთის მედია იუწყება, რომ ავღანეთში განვითარებული პროცესების გამო შესაძლოა ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, მიზეზი კი არაზუსტი და არასწორი სადაზვერვო ინფორმაცის შემუშავება გახდეს.

კრიტიკა მზარდია გერმანიასა და ავსტრალიაში. უახლოეს პერიოდში კი დიდი შვიდეულის ფორმატში მსოფლიო ლიდერების შეხვედრა უნდა გაიმართოს, სადაც ავღანეთში მიმდინარე პროცესებს განიხილავენ.

ჩინეთი მსოფლიოს მოუწოდებს, ცნონ თალიბანი და არ გაზარდონ ზეწოლა. პარალელურად თალიბანის წარმომადგელები ამბობენ, რომ ჩინეთი კონსტრუქციულ როლს ასრულებს ავღანეთში მშვიდობისა და შერიგების პროცესში.

ავღანეთში ვითარება ბოლო კვირების განმავლობაში ეტაპობრივად რთულდებოდა. ქვეყანაში არეულობა და ქაოსი მას შემდეგ დაიწყო, რაც ავღანეთი ამერიკის, ნატოს და მოკავშირე ქვეყნების სამხედროებმა დატოვეს. ვითარება კიდევ უფრო გაართულა ქვეყნის პრეზიდენტის გაქცევამ და ქაბულის დაცემამ. მას შემდეგ, რაც ავღანეთს თალიბანი აკონტროლებს, ქვეყანაში ქაოსია და პროცესები დრამატულად ვითარდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG