ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ომის ფასი


ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი - ეს სიტყვები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ისმის. 20 წლის შემდეგ ამერიკის საბრძოლო მისია ავღანეთში სრულდება, ქვეყანაზე კონტროლი თალიბანმა ხელმეორედ დაამყარა. ანალიტიკოსების თქმით, კონგრესის მხრიდან ომმა ავღანეთში შედარებით ნაკლები ზედამხედველობის ქვეშ გაიარა, ვიდრე მაგალითად, ვიეტნამის ომმა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამერიკელ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი ათობით ათასი იყო. ამერიკამ ამ ომების დასაფინანსებლად თანხის დიდი ნაწილი ისესხა, რის გადახდაც ამერიკელთა მომავალ თაობებს მოუწევთ.

31 აგვისტოს ამერიკის საბრძოლო მისია ქვეყანაში სრულად უნდა დამთავრდეს. ადმინისტრაცია ცდილობს ამ დრომდე მოახერხოს ამერიკის მოქალაქეების და იმ ავღანელთა ქვეყნიდან გამოყვანა, ვინც წლების განმავლობაში ამერიკელებს ეხმარებოდა.

"ასოშეიტედ პრესი" ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სკოლის წარმომადგენელ ლინდა ბილმსისა და ბრაუნის უნივერსიტეტის "ომის ფასის" პროექტზე დაყრდნობით ავღანეთის ომთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან რიცხვებს აქვეყნებს. თუმცა, რადგან 2003-2011 წლებში ამერიკა ავღანეთში და ერაყში ერთდროულად აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს და ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი მონაცვლეობით ორივე ომში მონაწილეობდა, ზოგიერთი მონაცემი ამ მაჩვენებლებსაც აერთიანებს.

ყველაზე ხანგრძლივი ომი:

ამერიკის მოსახლეობის ყოველი მეოთხე წარმომადგენელი 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგაა დაბადებული.

მსხვერპლი:

ავღანეთში 2021 წლის აპრილის მონაცემებით, 2 448 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და 3 846 კონტრაქტორი დაიღუპა. სხვადასხვა ეტაპზე გარდაიცვალა ავღანეთის ეროვნული ძალების 66 000 სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი. ამერიკის მოკავშირეთა, მათ შორის ნატოს წევრ სახელმწიფოთა სამხედროებს შორის მსხვერპლის რაოდენობა 1 144-ია. ავღანეთის მისიაში საქართველოს 32 ჯარისკაცი დაიღუპა და დაახლოებით, 300 დაიჭრა. ასევე დაიღუპა ავღანეთის 47 245 მოქალაქე, ჰუმანიტარულ თუ სხვა ტიპის მხარდამჭერ საქმიანობაში ჩართული 444 პირი და 72 ჟურნალისტი. თალიბანისა და სხვა ოპოზიციური მებრძოლების მხარეს კი მსხვერპლის რაოდენობა 51 ათასს აჭარბებს.

ავღანეთი ამერიკის ჩართულობის 20 წლის შემდეგ:


ახალშობილთა და ჩვილთა სიკვდილობის მაჩვენებელი ავღანეთში თალიბანის მმართველობის დასრულების შემდეგ თითქმის განახევრდა. თუკი 2000 წელს, ჩვილთა სიკვდილობის მაჩვენებლით ავღანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყო და ყოველ 1000 დაბადებულ ბავშვს შორის 100 კვდებოდა, 2018 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 48-მდე შემცირდა. დღეს ავღანელი გოგონების რიცხვი, რომელთაც კითხვა შეუძლიათ, 37%-ს აღწევს.

კონგრესის ზედამხედველობა:

ამერიკის კონგრესმა შეერთებული შტატების ჯარს 11 სექტემბრის თავდასხმაში დამნაშავეთა წინააღმდეგ მოქმედების ავტორიზაცია 2001 წლის 18 სექტემბერს მისცა. ამერიკელ კანონმდებლებს ავღანეთში ომის გამოცხადებისთვის კენჭი არ უყრიათ.

ვიეტნამის ომის დროს კი სენატის ასიგნებათა კომიტეტის თავდაცვის ქვეკომიტეტის წარმომადგენლებმა ამ ომის ხარჯების თაობაზე, სულ მცირე, 42-ჯერ მაინც ისაუბრეს. ამავე ქვეკომიტეტში ავღანეთისა და ერაყის ომის ხარჯები 2021 წლის ზაფხულის შუა პერიოდამდე სულ 5-ჯერ ახსენეს.

სენატის საფინანსო კომიტეტის წევრებმა კი ავღანეთ-ერაყის ომების ხარჯების შესახებ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ სულ ერთხელ ისაუბრეს.

ომის საკრედიტო ღირებულება:

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ვალად აღებული თანხა ავღანეთისა და ერაყის ომების პირდაპირი ხარჯების დასაფარად 2020 წელს 2 ტრილიონ დოლარს აღწევდა. საპროცენტო განაკვეთით ომების დასაფინანსებლად აღებულმა ვალმა შესაძლოა 2050 წლისთვის 6.4 ტრილიონს მიაღწიოს.

მაშინ, როდესაც პრეზიდენტები ჰარი ტრუმანი და ლინდონ ჯონსონი კორეისა და ვიეტნამის ომების ხარჯებთან გასამკლავებლად მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის გადასახადებს ზრდიდნენ, ავღანეთში შეჭრის პირველ ეტაპზე ჯორჯ ბუშ უმცროსმა ყველაზე მდიდარ ამერიკელებს გადასახადები შეუმცირა.

ომი მთავრდება, ხარჯი - არა

ლინდა ბილმსის კვლევის გაანგარიშებით, ის თანხები, რომლებიც ამერიკამ ავღანეთის და ერაყის ომის 4 მილიონამდე ვეტერანს თუ ამ ომებთან დაკავშირებულ პირებს უნდა გადაუხადოს - ჯანდაცვის, შეზრუდული შესაზლებლობის პენსიის, დაკრძალვის თუ სხვა ხარჯების გათვალისწინებით - 2 ტრილიონს აჭარბებს. ამ ხარჯების პიკი კი 2048 წელს დადგება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG