ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანონმდებლები და ანალიტიკოსები ავღანეთზე ბაიდენის პასუხისმგებლობას არაერთგვაროვნად აფასებენ


ავღანეთის სრულ ტერიტორიას თალიბანი აკონტროლებს. ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და ქაბულის სწრაფ დაცემაზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 20 წლიანი მხარდაჭერის, დაფინანსებისა და წვრთნის შემდეგ, ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს უნდა შესძლებოდა თავის დაცვა. პრეზიდენტის გამოსვლას და მის შეფასებებს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა როგორც ამერიკელი კანონმდებლების, ისე - ანალიტიკოსების მხრიდან.

“ვფიქრობ, მან საკმაოდ დამაჯერებლად წარმოადგინა, რომ ამერიკა ავღანეთის სამოქალაქო ომის შუაგულში არ უნდა იყოს”, - თქვა არმიის გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა, ნატოში აშშ-ს ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა დაგ ლუტმა.

ავღანეთში ვითარება ბოლო კვირების განმავლობაში გართულდა. მას შემდეგ, რაც ამერიკელმა, ნატოსა და მოკავშირე ქვეყნების სამხედროებმა ქვეყანა თითქმის სრულად დატოვეს, თალიბანმა ეტაპობრივად აიღო ქვეყნის რამდენიმე დიდი ქალაქი. სამი დღის წინ კი თალიბანმა კონტროლი მოიპოვა დედაქალაქ ქაბულზე. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებასა და პრეზიდენტის გამოსვლას განსხვავებულად აფასებს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერი კევინ მაკარტი.

“ექვსდღიანი სიჩუმის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ბოლოს და ბოლოს ისაუბრა საგარეო პოლიტიკის ათწლეულების განმავლობაში ყველაზე უარეს კატასტროფაზე. მისსმა კომენტარებმა პასუხი არ გასცა არც ერთ კითხვას ჯარების კატასტროფულად გამოყვანის შესახებ, რომელმაც ვერ დაიცვა ამერიკის მოქალაქეები, ათასობით ჯარისკაცი საფრთხის ქვეშ დააყენა და მთელ მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხე აამაღლა”, - თქვა კევინ მაკარტიმ. ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის ნაბიჯები უარყოფითად შეაფასა რესპუბლიკელმა სენატორმა და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა მტკიცე მოკავშირემ, ლინდსი გრემმაც.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა ავღანეთში საშიში და სამარცხვინო გზა აირჩია და ამ კატასტროფის გამო, საკუთარი თავის გარდა არავის დადანაშაულება არ შეუძლია”, - თქვა სენატორმა გრემმა.

პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ კი განაცხადა, რომ “პრეზიდენტი ძლიერი ლიდერობისა და ავღანეთში ამერიკული სამხედრო ჩართულობის დასრულებაზე განსაკუთრებული ყურადღებისთვის შექებას იმსახურებს.”

ამერიკის მოქალაქეებთან ერთად, საფრთხეში მყოფი ავღანელების დახმარების დაუყოვნებლივ საჭიროებაზე საუბრობს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინიც:

“არის ბევრი კანონმდებელი, რომელიც ავღანეთიდან [ამერიკის] გამოსვლას ეწინააღმდეგება, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ შეერთებულმა შტატებმა მოწყვლადი ავღანელების ევაკუაცია დაუყოვნებლად უნდა მოახდინოს. პრეზიდენტი დღეს ამას კვლავ ადასტურებს და ადმინისტრაციას დაჟინებით მოვუწოდებ, გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა მათი და მათი ოჯახების ევაკუაცია მოახდინოს და ბიუროკრატიულ საკითხებს მერე მიხედოს. ახლა ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის საკითხი წყდება", - ამბობს ჯინ შაჰინი, დემოკრატი სენატორი.

ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარი ქეთი ზიმერმანი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც თალიბანმა ავღანეთში ისლამური საამირო ხელახლა დააფუძნა, ბაიდენის არგუმენტი, რომ ადამიანის უფლებები მისი საგარეო პოლიტიკის ცეტრშია, ყალბად ჟღერს.

“ვფიქრობ, მან სოლიდური არგუმენტი წარმოადგინა, რომ რამდენად ხანგრძლივადაც არ უნდა დავრჩენილიყავით [ავღანეთში], ვერ მივაღწევდით მიზანს, რომ როგორღაც ეფექტური მთავრობა და დემოკრატია შეგვექმნა”, - თქვა ენტონი კორდესმანმა, "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" სტრატეგიის მიმართულების თავმჯდომარემ.

აარონ დევიდ მილერმა, "კარნეგის ფონდის" უფროსმა მკვლევარმა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ახლო აღმოსავლეთის საკითხების მრჩევლად და მომლაპარაკებლად და ასევე რესპუბლიკური და დემოკრატიული ადმინისტრაციების ანალიტიკოსად მუშაობდა, აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა თალიბანის წარმატების სისწრაფით გაკვირვება არ დამალა: “როგორც ჩანდა, [პრეზიდენტმა] საკუთარ პასუხისმგებლობასთან მიმართებით მხოლოდ ერთი აღიარება დაუშვა იმ ფაქტზე, რომ სათანადოდ ვერ შეაფასეს ის სისწრაფე, რომლითაც თალიბანმა ტერიტორიები და საბოლოდ ქაბული აიღო”, - თქვა მან.

“ფრიდომ ვორქსის” პრეზიდენტმა ადამ ბრენდონმა კი აღნიშნა, რომ ავღანეთში განვითარებულ მოვლენებში ბრალი მხოლოდ პრეზიდენტ ბაიდენს არ მიუძღვის, პასუხისმგებლობა ასევე უნდა დაეკისროს სამხედრო უწყებისა და დაზვერვის ოფიციალურ პირებს, რომლებიც კონგრესს წლების განმავლობაში, ადგილზე ნამდვილი ვითარების არამართებულ სურათს აძლევდნენ.

საგარეო ურთიერთობების საბჭოს უფროსმა მკვლევარმა ჩარლზ კუპჩანმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში თქვა, რომ რესურსების ფლანგვას აზრი აღარ ჰქონდა და მცირედით მეტი დრო არაფერს შეცვლიდა:

“როგორც დღეს ბაიდენმა თქვა, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კიდევ ექვსი თვე, კიდევ ერთი წელიწადი, ორი წელიწადი შედეგს შეცვლიდა. ფულის გაფლანგვის შემდეგ, იმ ფულის ამოსაღებად დამატებით ფლანგვას აზრი არ აქვს", - ამბობს კუპჩანი.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG