ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკონკურენტო "ეფლი" საკუთარ რეკორდებს აუმჯობესებს


​კომპანია "ეფლი" კვლავ ლიდერია და მხოლოდ თავად შეძლო 2018 წელს დადებული რეკორდის გაუმჯობესება. "ეფლმა" 2 წელიწადში კომპანიის ღირებულება გააორმაგა. თუ 2018 წელს კომპანია ტრილიონ დოლარად იყო შეფასებული, დღეს მისმა ღირებულებამ 2 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

კომპანიამ შეძლო და აქციების ფასი 60%-ით გაზარდა, მაშინაც კი როცა მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ჩინეთში კი მისი ქარხნები რამდენიმე თვის განმავლობაში იყო დახურული. კომპანია "ეფლი" მომხმარებელში დიდი სანდოობით სარგებლობს და წლიდან წლამდე ახალ მომხმარებლებსაც იძენს. ერთგული მომხმარებლები კი "ეფლის" პროდუქციის ყიდვას ყოველწლიურად განაგრძობენ. მის მოწყობილობებზე მოთხოვნა პანდემიის პირობებში უფრო გაიზარდა, ამას აპრილ-ივლისის მონაცემები ადასტურებს.

"ეფლი" ცდილობს ინვესტორებისთვის საფონდო ბირჟებზე მის აქციებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს და ამ მიზნით, რამდენიმე კვირის წინ საგანგებო რეფორმა გაატარა. "ეფლის" ამ ნაბიჯს სხვა ტექნოლოგიური გიგანტებიც ბაძავენ.

დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ავანგარდში კომპანია "ეფლია", რომელიც მუდმივად გამოშვებული ელექტრო მოწყობილობებით, სმარტფონებით, სმარტსაათებით, კომპიუტერებით და რაც მთავარია, მუდმივად განახლებადი სისტემური განახლებებით, უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს და ზრდის აქციების ღირებულებას საფონდო ბირჟაზე. მარტო 5 მსხვილ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელშიც ერთიანდებიან "ეფლი", "მაიკროსოფტი", "ამაზონი", "ფეისბუქი" და "გუგლი", ბირჟაზე უდიდესი 500 კომპანიის, ე.წ. S&P 500-ის მოცულობის 23% უკავია.

"ეფლს" კონკურენციას მხოლოდ საუდის არაბეთის "არამკომი" უწევდა, რომლის ღირებულებამ ბაზარზე 2019 წელს 2 ტრილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა, მას შემდეგ კომპანიის აქციების ფასი დაეცა, რაშიც დიდი როლი ითამაშა ნავთობის გაუფასურებამ. ახლა კომპანიის ღირებულება 1.82 ტრილიონი ამერიკული დოლარია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG