ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ეფლის" ხელმძღვანელი მთავრობისგან საკანონმდებლო რეგულაციას ითხოვს


კომპანია "ეფლის" ხელმძღვანელი ტიმ კუკი, მომხმარებელთა ციფრული ინფორმაციის დაცვის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ის დაბეჯითებით იმეორებს, რომ ინტერნეტით ხელმისაწვდომი პერსონალური ინფორმაციის დაცვა ადამიანის "ფუნდამენტური უფლება უნდა იყოს". კუკი "ეფლის" მომხმარებლებს არაერთხელ დაპირდა, რომ მათ ამ უფლებას გაუფრთხილდება და პირად ინფორმაციაზე დაყრდნობით, რეკლამას არ გაყიდის.

ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ტიმ კუკს მართალია, ორი წამყვანი ინტერნეტ-კომპანია "ფეისბუქი" და "გუგლი" კონკრეტულად არ დაუსახელებია, მაგრამ მათზე გარკვევით მიანიშნა. ამ კომპანიებისგან განსხვავებით, "ეფლი" უკეთ იცავს პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობას იმით, რომ არ აგროვებს და კომერციულად არ იყენებს მომხმარებელთა პირად მონაცემებს.

"ჩვენი კერძო ინფორმაცია, ყოველდღიურიდან დაწყებული, ღრმად პერსონალურით დამთავრებული, ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო სიზუსტით გამოიყენება" - თქვა "ეფლის" ხელმძღვანელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის და კერძო ინფორმაციის კომისართა კონფერენციაზე. მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში მილიონობით მომხმარებლის ციფრულ მონაცემთა გაჟონვის რამდენიმე მსხვილი ფაქტი გამოაშკარავდა, პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრობლემა ტექნოლოგიური კომპანიების კორპორატიულ საზღვრებს გასცდა და პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი გახდა.

"ყოველდღიურად, მილიარდობით დოლარი ხელიდან ხელში გადადის, უთვალავი გადაწყვეტილების მიღება ხდება იმაზე დაფუძნებით, თუ რა მოგვწონს, ან რა არ მოგვწონს, ჩვენს მეგობრებზე, ოჯახებზე, ურთიერთობებზე და მათთან საუბრებზე დაყრდნობით, ჩვენი სურვილებიდან, შიშებიდან და ოცნებებიდან გამომდინარე" - განაცხადა "ეფლის" ხელმძღვანელმა. შემდეგ კი ამ ერთი შეხედვით, უწყინარი ინფორმაციის შეკრება, ანალიზი, შეჯამება, დასკვნების გამოტანა და უნებართვოდ გაყიდვა ხდება.

"ეს თვალთვალია. და პირად მონაცემთა ეს გროვა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - იმ კომპანიების გამდიდრებას, ვინც მათ აგროვებს" - აღნიშნა თავის გამოსვლაში ტიმ კუკმა. მან ევროპის კავშირი ამ პრობლემების წინ წამოწევისთვის შეაქო, კერძოდ იმ რეგულაციისთვის, რომელიც ევროკავშირმა ინტერნეტ-მომხმარებლის კერძო ინფორმაციის დაცვის მიზნით, დიდი ინტერნეტ-კომპანიების დასარეგულირებლად მიიღო.

"დადგა დრო, დანარჩენმა მსოფლიომაც, მათ შორის ჩემმა სამშობლომაც თქვენ მოგბაძოთ" - განაცხადა ტიმ კუკმა. მის გამოსვლას ბელგიის დედაქალაქში ხანგრძლივი ტაშით შეხვდნენ. ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციას ტექნო-გიგანტების და სამთავრობო რეგულატორების წარმომადგენლობით დელეგაციები ესწრებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG