ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2020 წელი და "კოვიდ-19"-ის შესახებ დეზინფორმაციის პანდემია


2020 წელს, მსოფლიოს მთავარი თემა “კოვიდ-19” იყო. პანდემიის შესახებ ჭარბ ინფორმაციაში თან სდევდა დეზინფორმაციაც.

დეზინფორმაციის დიდი ნაწილი ჩინეთიდან მოდიოდა.

ჰუბეის პროვინციის დედაქალაქ ვუჰანში დაავადების პირველი შემთხვევების აღმოჩენის შემდეგ, პეკინი ცდილობდა ჩაეხშო ექიმების გაფრთხილებები, რომ დაავადება ავადმყოფებს სწრაფად კლავდა. მოგვიანებით კი ჩინეთის სახელმწიფო მედიამ სცადა დაავადების აფეთება შეერთებული შტატებისთვის დაებრალებინა. ის ავრცელებდა მრავალ უსაფუძვლო განცხადებას, თითქოს ვირუსი ამერიკულ სამხედრო ლაბორატორიაში შეიქმნა.


ჩინეთის სახელმწიფო მედიამ არასწორად წარმოადგინა იტალიელი მეცნიერების კვლევის შედეგები, რომლითაც დაადგინეს, რომ ადამიანებში ახალი კორონავირუსის ანტისხეულები, ვუჰანში დაავადების აფეთქებამდე გაჩნდა. ჩინელებმა ამის საფუძველზე განაცხადეს, რომ ვირუსის საწყისი წერტილი ვუჰანში არ იყო, თუმცა იტალიელი მეცნიერები ამბობენ, რომ მათი აღმოჩენა ვირუსის ჩინეთში წარმოშობას არ უარყოფს და მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ჩინეთში ეპიდემია დროულად არ იქნა აღმოჩენილი.

მაისში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გაზეთმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ცდილობდა მერილენდის შტატის ხანდაზმულთა სახლში ინფექციის აფეთქება, ამერიკის არმიის ბიოლოგიური კვლევის ლაბორატორიასთან დაეკავშირებინა, რომელიც მერილენდში, ფორტ დეტრიკშია განლაგებული, თუმცა ასეთი განცხადებების მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

6 აპრილს, ჩინეთის ახალი ამბების სააგენტომ “სინჰუა” კორონავირუსზე ქვეყნის რეაგირების დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქალაქ ვუჰანში დაავადების პირველი შემთხვევები 2019 წლის დეკემბრის ბოლოს შენიშნეს, რაც სიცრუეა. მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ უცნობი დაავადების შესახებ დეკემბრის დასაწყისში იცოდა, მაგრამ ინფორმაცია არ გაამხილა და მოგვიანებით დასაჯა ისინი, ვინც განგაში ატეხა. სამეცნიერო დასკვნები აჩვენებს, რომ დაავადების პირველი შემთხვევები, მთავრობის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებართვის გაცემამდე კვირეებით ადრე აღირიცხა.


აპრილში ჩინეთის სახელმწიფო გამოცემა “გლობალ თაიმსმა” გამოაქვეყნა მასალა სათაურით: “მთავრობის მხრიდან პასუხების გარეშე, მეცნიერებს არ შეუძლიათ განსაჯონ, არის თუ არა ამერიკული ლაბორატორია ვირუსის წყარო”. ეს განცხადებები სიცრუეა. სამეცნიერო დასკვნები მტკიცედ მიანიშნებს, რომ ახალი კორონავირუსი ბუნებრივად განვითარდა.

რუსული დეზინფორმაცია

“კოვიდ-19”-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი წამყვანი წყაროა რუსეთიც.

აპრილში, კრემლის მხარდამჭერმა მედიამ “ნიუს ფრონტმა” გამოაქვეყნა სტატია, რომელიც სვამს კითხვას: “არის თუ არა “კოვიდ-19” შეერთებული შტატების წარმატებული პროექტი?”. სტატია უბრუნდება რუსული დეზინფორმაციის ისეთ თემებს, როგორიცაა შეთქმულების თეორიები იმაზე, რომ ამერიკის მიერ სხვა ქვეყნებში დაფინანსებული კვლევითი ლაბორატორიები, ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე საიდუმლოდ მუშაობენ. ამ შემთხვევაში, სამიზნე საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორია იყო.

კრემლთან დაკავშირებულმა მედიამ შეთქმულების თეორიები გაავრცელა შეერთებული შტატების და საქართველოს მიმართ ბრალდებით, რომ თითქოს მომწამლავი ნივთიერება “ნოვიჩოკი”, რომელიც აგვისტოში რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოსაწამლად და 2018 წელს სალისბურიში ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლისას გამოიყენეს, ამ ლაბორატორიაში შეიქმნა. არასდროს ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება იმაზე, რომ ლუგარის ლაბორატორია ჩარეული იყო ბიოლოგიური იარაღის, “კოვიდ-19” ან “ნოვიჩოკი” შექმნა.

რუსეთი ასევე ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას რუსული ვაქცინა “სპუტნიკ V-ის” შესახებ დასავლეთის რეაქციაზე. კრემლთან დაკავშირებული მედია, დასავლეთს ბრალს სდებდა ვაქცინის შემუშავების დაყოვნებასა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საბოტაჟში. თუმცა დასავლურ გამოცემებში კითხვები მხოლოდ “სპუტნიკ V” ცდების დაუსრულებლად დამტკიცებასა და ვაქცინის ეფექტურობის შესახებ მონაცემების არარსებობაზე წამოჭრეს.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გააჟღერეს ამერიკისადმი კოვიდ-19 დახმარების თემა და აცხადებდნენ, რომ ის ჰუმანიტარული დახმარება იყო. სინამდვილეში, შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან მასალები ნაწილობრივ ან სრულად შეიძინა. იმავდროულად რუსულ მედიაში არ აღუნიშნიათ ის, რომ პარალელურად შეერთებული შტატები რუსეთს კორონავირუსის დახმარებას აწვდიდა.

ამასთან ერთად, ხელოვნური სუნთქვის აპარატებმა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა რუსეთისგან შეისყიდა, ორ რუსულ საავადმყოფოში ხანძრები გამოიწვია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. თავსებადობის და უსაფრთხოების პრობლემების გამო, შეერთებულ შტატებს რუსული აპარატები არ გამოუყენებია.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG