ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და კორონავირუსზე გავრცელებული დეზინფორმაცია


შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული დაზვერვის სამსახურები კორონავირუსის პანდემიის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად ინგლისურენოვან ვებ-გვერდებს იყენებენ.

მთავრობის ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს დაადასტურეს, რომ ორი რუსი, რომლებსაც მოსკოვის დაზვერვის სამსახურ “გრუ”-ში მაღალი თანამდებობები ეკავათ, გამოავლინეს როგორც იმ ძალისხმევაზე პასუხისმგებელნი, რომელიც ამერიკელ და დასავლეთის აუდიტორიაზე წვდომისკენ იყო მიმართული. ისინი “ასოშეითიდ პრესს” ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, რადგან საჯაროდ ინფორმაციის გაცემის ნებართვა არ ჰქონდათ.

ინფორმაცია ადრე გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ მოგვიანებით საიდუმლო სტატუსი შემცირდა და ახლა მის შესახებ უფრო თავისუფლად საუბარი შეუძლიათ. მათ თქვეს, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ კონკრეტული ვებ-გვერდების შესახებ განგაში ატეხონ და გამოააშკარაონ ის, რაც მათი თქმით, ამ ვებ-გვერდებსა და რუსულ დაზვერვას შორის აშკარა კავშირზე მიუთითებს.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ სამშაბათს მოხსენიებულმა ვებ-გვერდებმა, მაისის ბოლოდან ივლისის დასაწყისამდე, პანდემიის საპასუხო ღონისძიებების შესახებ 150 სტატია გამოაქვეყნა. მათ შორის იყო ამბები, რომელიც რუსეთს აქებდა, შეერთებულ შტატებს კი აკრიტიკებდა.

იმ სათაურებს შორის, რომლებმაც ამერიკელი ოფიციალური პირების ყურადღება მიიპყრო, იყო ასეთები: “რუსეთის მიერ ამერიკისთვის “კოვიდ-19”-ს საწინააღმდეგო დახმარების მიწოდება ხელს უწყობს დაძაბულობის შემსუბუქებას”, რომელიც მიანიშნებდა, რომ რუსეთმა შეერთებულ შტატებს პანდემიასთან საბრძოლველად გადაუდებელი და საფუძვლიანი დახმარება გაუწია.

ამ ფაქტების გამხელა იმ დროს ხდება, როდესაც დეზინფორმაციის, მათ შორის რუსული დეზინფორმაციის, გავრცელება, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ძლიერ შეშფოთებას იწვევს და ამერიკელი ოფიციალური პირები ცდილობენ თავიდან აიცილონ 2016 წელს მომხდარი შეჯიბრი, როდესაც რუსულმა “ტროლების ფაბრიკამ” სოციალურ მედიაში ფარული კამპანია წამოიწყო, რათა ამერიკული საზოგადოებრივი აზრის დაყოფა გამოეწვია და უპირატესობა, იმ დროს კანდიდატ, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გადახრილიყო.

შეერთებული შტატების კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, იშვიათ საჯარო განცხადებაში პარასკევს თქვა, რომ რუსეთი თავისი მიზნების მისაღწევად ინტერნეტ “ტროლების” გამოყენებას აგრძელებს.

პოლიტიკის მიღმაც, ორმა კრიზისმა, რომელიც ქვეყანას და მსოფლიოს დიდ ნაწილ ურტყამს - პანდემია და რასობრივმა ურთიერთობებმა და პროტესტებმა, დეზინფორმაციას ან პირდაპირ ტყუილებს ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნა. კრიტიკა თვითონ ტრამპსაც მისწვდა იმის გამო, რომ კორონავირუსის სამკურნალო დაუდასტურებელ წამალზე არასწორი ინფორმაცია გააზიარა ვიდეოებით, რომლებიც “ტვიტერმა” და “ფეისბუქმა” წაშალა.

ოფიციალურმა პირებმა რუსული დეზინფორმაცია იმ მიმდინარე და გამაღიზიანებლად უწყვეტი ძალისხმევის ნაწილად დაახასიათეს, რომელიც მოვლენათა ყალბ აღწერას ავრცელებს და დაბნეულობას იწვევს. მათ არ თქვეს, კონკრეტულად ამ ვებ-გვერდების ძალისხმევა ნოემბრის არჩევნებთან თუ იყო დაკავშირებული, თუმცა ზოგიერთი მასალა, როგორც გამოიყურებოდა, ტრამპის დემოკრატ მეტოქე ჯო ბაიდენს აშავებდა და მოუწოდეს გაეხსენებინათ 2016 წელს რუსეთის ძალისხმევა, ამერიკაში რასობრივი ურთიერთობა გაემწვავებინათ და შეერთებული შტატების პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ, კორუფციაში ბრალდებების იმპულსი შეექმნათ.

შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ გაფრთხილებები ადრეც გამოთქვეს, მაგრამ სამშაბათს უფრო შორს წავიდნენ და გამოყვეს რუსეთში დარეგისტრირებული საინფორმაციო სააგენტო “ინფოროსი”, რომელიც სამ ვებ-გვერდს მართავს: “infoRos.ru”, “infobrics.org” და OneWorld.press. ამ ვებ-გვერდებმა ანტი-დასავლური მიზნების და დეზინფორმაციის გასავრცელებლად პანდემია გამოიყენეს.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს გვერდები მოვლენების საკუთარი ხედვის დასაწინაურებლად დახვეწილ, მაგრამ ვერაგულ ძალისხმევას მიმართავენ, რომელიც მათ ფულის გათეთრებას შეადარეს. ისინი გამართული ინგლისურით დაწერილ, ხშირად პრო-რუსული განწყობის სტატიებს, ახალი ამბების სხვა წყაროების წრეზე ატარებენ, რათა მისი წარმომავლობა დაფარონ და ინფორმაციის ლეგიტიმურობის ხარისხი გააძლიერონ. ეს გვერდები სხვა წარმომავლობის ამბებსაც აძლიერებენ. “ინფოროსმა” სამშაბათს გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტას არ უპასუხა.

საბჭოთა თეორია რომელსაც რუსეთი დღესაც იყენებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:09:10 0:00

კორონავირუსის გარდა, ყურადღება გამახვილებულია შეერთებული შტატების ახალ ამბებზე, გლობალურ პოლიტიკაზე და დღის მთავარ ამბებზე. ამერიკის ქალაქებში მიმდინარე არეულობების შესახებ სამშაბათს გამოქვეყნებული სტატიის სათაურია: “ქაოსი ამერიკის ლურჯ (დემოკრატების მიერ მართულ) ქალაქებში. სტატია მოთქვამს ნიუ-იორკელებზე, რომლებიც ყოფილი მერების, რუდი ჯულიანის და მაიკლ ბლუმბერგის კრიმინალისადმი მკაცრი მიდგომის პერიოდში გაიზარდნენ, “ქუჩის საშიშ გარემოში გადარჩენის ნულოვანი უნარი” აქვთ და ახლა “მაღალი დამნაშავეობის ქალაქის გარემოსთან შეგუება” მოუწევთ. სხვა სტატის ჰქონდა სათაური: “ბაიდენის უკრაინული ხაფანგი” და ირწმუნებოდა, რომ “უკრაინგეითი” - უკრაინულ გაზის კომპანიასთან ბაიდენის ვაჟ ჰანტერის ყოფილ კავშირზე მინიშნება - “განახლებული ძალით იხსნება”.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ამოიცნეს ორი პირი, რომლებიც სავარაუდოდ ამ ვებ-გვერდების ოპერაციებზე არიან პასუხისმგებელი. ისინი, დენის ვალერიევიჩ ტიურინი და ალექსანდრ გენადიევიჩ სტარუნსკი, ადრე “ინფოროსის” ხელმძღვანელ პოზიციებზე იყვნენ, მაგრამ ასევე მსახურობდნენ “გრუ”-ს ქვედანაყოფში, რომლის სპეციალიზაცია სამხედრო ფსიქოლოგიური დაზვერვაა და იმ დანაყოფში ღრმა კონტაქტებს ინარჩუნებენ.

“ინფოროსის” და “ვან ვორლდის” რუსეთის სახელმწიფოსთან კავშირებმა, დეზინფორმაციის ევროპელი ანალიტიკოსების ყურადღება წარსულშიც მიიპყრო. 2019 წელს, ევროკავშირის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც დეზინფორმაციის კამპანიებს შეისწავლის, “ვან ვორლდი’ დაახასიათა, როგორც “მოსკოვში დაფუძნებული დეზინფორმაციული წყაროების პანთეონის ახალი დამატება”. სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა, რომ “ვან ვორლდის” მასალები ხშირად თუთიყუშივით იმეორებს სხვადასხვა საკითხზე რუსულ სახელმწიფო პოზიციას, მათ შორის, სირიაში ომთან დაკავშირებით.

გასულ თვეში, მეორე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ბრიუსელში დაფუძნებულმა ევროკავშირის “დისინფოლებმა" “ინფოროსის” და “ვან ვორლდის” რუსულ სამხედრო დაზვერვასთან კავშირი შეისწავლა და ანგარიში გამოაქვეყნა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს ტექნიკური ნიშნები, რომელიც ამ ვებ-გვერდებს რუსეთს უკავშირებს და “ინფოროსსა” და მთავრობას შორის ფინანსური კავშირები დაადგინეს.

ანგარიშის ავტორების დასკვნით, “ინფოროსი” ჩრდილოვან, რუხ ზონად ვითარდება, სადაც ჩვეულებრივი საინფორმაციო საქმიანობა და უფრო საკამათო საქმიანობა ერთმანეთში ირევა, რაც სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთის სახელმწიფოს საინფორმაციო ოპერაციებთან იყოს დაკავშირებული. “ინფოროსი” “ფეისბუქის” თავის ინგლისურენოვან გვერდზე საკუთარ თავს ასე აღწერს: “საინფორმაციო სააგენტო: მსოფლიო რუსეთის თვალსაწიერიდან”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG