ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტი ამერიკაში - რუსეთისა და ჩინეთის დეზინფორმაციის ახალი სამიზნე


პოლიციის მიერ დაკავებული ამერიკელი შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი შტატების მიღმაც, არაერთ სხვა ევროპულ სახელმწიფოშიც გააპროტესტეს. თუმცა, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ინტერესით ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს მაინც მისი მეტოქე სახელმწიფოებიდან აკვირდებიან. რუსეთი, ჩინეთი და ირანი არ აყოვნებენ და სხვადასხვა განცხადებით თუ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში ამერიკის იმიჯის შელახვას და მისი ორმაგი სტანდარტების მქონე ქვეყანად წარმოჩენას ცდილობენ. ამ მცდელობაზე, მათ მიზნებსა და ტაქტიკაზე, მედიისა და ციფრული დეზინფორმაციის მკვლევარს, ბრეტ შაფერს ვესაუბრეთ. გერმანიის მარშალის ფონდის „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ წარმომადგენლის თქმით, მათი კვლევითაც აშკარაა, რომ ეს არის სამივე ქვეყნის კოორდინირებული ძალისხმევა ერთობლივი მიზნის მისაღწევად:

- ბრეტ, გვითხარით თქვენი უახლესი დაკვირვების შესახებ. ვის ქმედებებს ადევნებდით თვალს და რა გამოავლინეთ?

ბრეტ შაფერი
ბრეტ შაფერი

- ჩვენ ირანის, ჩინეთისა და რუსეთისგან მომდინარე გზავნილებს ვაკვირდებოდით. ეს არის მათი ოფიციალური „ტვიტერის“ ანგარიშები, რომლებიც დაკავშირებულია ამა თუ იმ სამთავრობო პირთან, მათ დიპლომატებთან თუ სახელმწიფო მედიასთან. ჩვენ ასევე ვადევნებდით თვალს, მათ მაუწყებლებს, ვებგვერდებს, ოფიციალურ განცხადებებს და მსგავს შეტყობინებებს. ბოლო კვირის განმავლობაში ვნახეთ ამერიკაში, ჯორჯ ფლოიდთან დაკავშირებული პროტესტის უდიდესი მასშტაბით გაშუქება, ყველა მხარის მიერ. უმთავრესი „ჰეშთეგი“ ყველასთვის „ჯორჯ ფლოიდი“ იყო, ან ვარიაციები ამავე თემაზე, იქნებოდა ეს „მინეაპოლისი“, „პროტესტი“ თუ სხვა. ეს ნამდვილად იყო ყველაზე პრიორიტეტული გზავნილი ირანის, ჩინეთისა და რუსეთისთვის, იმ მიზნით, რომ ამერიკაში მიმდინარე არეულობაზე ყურადღება მიემართათ, გამოეკვეთათ რასიზმი და იმგვარად გაეშუქებინათ მიმდინარე პროტესტი, რომ გლობალურად საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოეხდინათ.

- რა კონკრეტული შედეგის მიღება სურდათ ამ ძალებს? ეს ზოგადად ამერიკის იმიჯის დაზიანებაა თუ უფრო კონკრეტული პრობლემების გამოკვეთა, რომელთა გამოც ისინი თავად ყველაზე ხშირად არიან საერთაშორისო საზოგადოეის კრიტიკის საგანი?

ვფიქრობ, საქმე გვაქვს ფართო გლობალურ მცდელობასთან, რომ რასიზმი და არეულობა ამერიკაში, შტატებისა და მისი სანდოობის შესასუსტებლად იყოს გამოყენებული. რადგან, თუკი მსოფლიოს სხვა ნაწილებში ამერიკას დაინახავენ, როგორც არასანდოს, ორმაგი სტანდარტების მქონეს, შედეგად, ამერიკის გზავნილს წონა აკლდება.

- თქვენ ნახავთ მცირედით განსხვავებულ ნარატივებს, რომლებიც ამ სამი სხვადასხვა მხარიდან მოდის. ჩინეთი ახლა ძლიერაა ფოკუსირებული იმაზე, რასაც მათ „ამერიკული ჰიპოკრატია“ დაარქვეს. ეს ჩინეთის საპასუხო მესიჯებია: როგორ შეიძლება რომ მხარს უჭერდეთ პრო-დემოკრატიულ მოძრაობას ჰონგ-კონგში, როცა, შეხედეთ, თქვენ თავად როგორ ექცევით დემონსტრანტებს. ამგვარი იყო გზავნილები ირანისა და რუსეთის მხრიდანაც.

მაგრამ რუსეთს ამერიკაში რასიზმის პრობლემის გაშუქების ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. ვგულისხმობ იმას, რომ ეს [ძალისხმევა] შეიძლება 60 წლის წინაც კი გვენახა. ეს რუსეთის სტრატეგიული ინტერესშია: დააზიანოს, ძირი გამოუთხაროს ამერიკის სანდოობას საზღვარგარეთ, გააღვივოს შუღლი ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებს შორის. ჩვენ ძალიან ბევრი ამგვარი გზავნილი ვნახეთ ლათინური ამერიკის და ესპანურ ენებზეც. ასე რომ ვფიქრობ, საქმე გვაქვს ფართო გლობალურ მცდელობასთან, რომ რასიზმი და არეულობა ამერიკაში, შტატებისა და მისი სანდოობის შესასუსტებლად იყოს გამოყენებული. რადგან, თუკი მსოფლიოს სხვა ნაწილებში დაინახავენ ამერიკას, როგორც არასანდოს, არასაიმედოს, ორმაგი სტანდარტების მქონეს, ამის შედეგად ამერიკის გზავნილს უკვე წონა აკლდება. ასე რომ სწორედ თუ სადმე ვხედავთ ამ გზავნილების მსგავსებას, ეს სწორედ მათი [ამ სამი ქვეყნის] საერთო ინტერესია, რომ მსოფლიოში ამერიკის სიძლიერეს ძირი გამოუთხარონ.

დმიტრი კისილიოვის გადაცემა "კვირის ცნობები" - ფოტომონტაჟი ჯორჯ ფლოიდის თემაზე
დმიტრი კისილიოვის გადაცემა "კვირის ცნობები" - ფოტომონტაჟი ჯორჯ ფლოიდის თემაზე

- რა ახალი ტენდენციებია მაინც ამ კოორდინირებულ ძალისხმევაში, რომელსაც ათწლეულებია ვხედავთ? თქვენც ახსენეთ და ცხადია, ეს არ არის ძალისხმევა, რომელიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა შედეგად. თუმცა, არის ახლა რაიმე განსხვავებული ტენდენცია იმისგან, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა? ის, რაც გამოარჩევს ახლანდელ კოორდინირებულ ძალისხმევას იმისგან, რაც აქამდე გვინახავს?

- ის, რაც შედარებით ახალია, ვგულისხმობ ბოლო 10 წლის განმავლობაში, არის ის, რომ ამ ხელისუფალთ ახლა აქვთ საშუალება გამოიყენონ დასავლური სოციალური მედიის პლატფორმები და უშუალოდ დასავლეთში მყოფ აუდიტორიას მისწვდნენ, რაც მათ ცივი ომის დროსაც არ შეეძლოთ გაეკეთებინათ. თუკი საბჭოთა კავშირში 60-იან წლებშიც საუბრობდნენ ამერიკაში რასიზმის პრობლემაზე, ახლა დიპლომატებს ონლაინ შეუძლიათ იგივეს კეთება. ისინი მთელ მსოფლიოში წვდებიან აუდიტორიას. განსაკუთრებით კი, ბოლო წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ჩინური და ირანული მხარე ძლიერ აქტიურობს „ტვიტერზე“. მათ აგრესულად დაიწყეს გზავნილების გავრცელება ინგლისურად და დასავლური სოციალური მედიის პლატფორმებზე. გასულ წელს, 300 %-იანი ზრდა იყო იმ ჩინელი დიპლომატებისა, რომლებიც „ტვიტერზე“ დარეგისტრირდნენ. იგივე ზრდა დაფიქსირდა ირანშიც, ბოლო ორი წლის განმავლობაში.

ეს ხდებოდა წარსულშიც, ისინი ყოველთვის საუბრობდნენ ამერიკაში რაიმე მარცხზე. ისევ და ისევ იმისთვის, რომ თავად, სახლში ძალაუფლება შეინარჩუნონ, შეასუსტონ საზღვარგარეთ ამერიკის იმიჯი. ეს მათთვის არის გზა, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოახდინონ სახლშიც და საზღვარგარეთაც იმ გზებით, რომლებითაც 10 წლის წინ ვერ შეძლებდნენ.

- თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთი ამას აკეთებს ყველგან, სადაც სტრატეგიული ინტერესი აქვს, და ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ეს ტაქტიკა კარგად გამოცდილია აღმოსავლეთ ევროპის თუ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებშიც. შეიძლება თუ არა პარალელების გავლება თუ როგორ იყენებს ახლა რუსეთი ამერიკაში მიმდინარე პროტესტს და როგორ ცდილობდა საქართველოში, უკრაინასა თუ სხვა მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროტესტით სარგებლობას?

რაც კარგად არ გვესმის იმაზე, თუ როგორ მართავს რუსეთი საზღვარგარეთ საინფორმაციო ოპერაციებს, ისაა, რომ მისი დიდი ნაწილი სიმართლეა, მაგრამ მანიპულაციური სიმართლე. ყველაზე საშიში კი სწორედ გამოგონილი ცნობები და ფაბრიკაცია კი არაა, არამედ - რეალური ინფორმაციით მანიპულირება.

- დიახ, კონტექსტის მიხედვით, არის მსგავსებებიც და განსხვავებებიც. თუმცა რუსეთთან დაკავშირებით უცვლელია ის, რომ მას სურს ძალა გამოაცალოს ამერიკის კრიტიკას თავად რუსეთში მიმდინარე პროტესტის თაობაზე. თუკი ამერიკა მხარს უჭერს მათ, ვინც საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ინტერესებს აპროტესტებს, რუსეთს სურს, რომ ამ დროს დაფიქსირდეს გზავნილი: ამერიკა ორმაგი სტანდარტების ქვეყანაა. რომ მას რეალურად არ აქვს მორალური უფლება გააკრიტიკოს რუსეთი დემონსტრანტებთან ანგარიშსწორებისთვის, როდესაც მათ შეუძლიათ ამერიკაში პოლიციის სისასტიკის რეალური ვიდეოები აჩვენონ. ამ გზავნილის გავრცელება სურთ ე.წ. ახლო საზღვარგარეთში - რომ შეეძლოთ თქვან, ამერიკის მხარდაჭერას არ აქვს მორალური საფუძვლები, ისინი არასწორ ხალხს უჭერენ მხარს. მაგალითად როგორც უკრაინაში ამბობენ, რომ ამერიკა ნეო-ნაცისტების უკან დგას. რუსეთი იმ გზავნილის გარშემო ტრიალებს, რომ ამერიკა რეალურად არ არის დემოკრატიისა და პროტესტის მომხრე, რომ მას მხოლოდ საკუთარი ინტერესები აღელვებს.

იცით, რუსეთი არასდროს ცდილობს თქვას, ჩვენ სხვაზე უკეთესები ვართ, პირიქით, ის ცდილობს თქვას, შეხედეთ, ყველა ისეთივე ცუდია, როგორც ჩვენ. ეს არაა რუსეთისკენ აუდიტორიების მოზიდვის სურვილი. ესაა უფრო იმის მცდელობა, რომ დააშოროს, განიზიდოს ისინი ამერიკისა და დასავლეთისგან: „შეხედეთ, ამერიკა აკეთებს ყველაფერ იმას, რისთვისაც ჩვენ გვაკრიტიკებს. ისინი არათანმიმდევრულები არიან იმის შესახებ, თუ როგორ და სად დაუჭერენ მხარს დემონსტრანტებს მთელ მსოფლიოში“ - ვფიქრობ, ეს გზავნილი სულ მცირე აუდიტორიის გარკვეულ რაოდენობამდე მაინც მიდის და რჩება.

- ეს ამერიკისთვის საარჩევნო წელია, როგორ ფიქრობთ, ამგვარად გააქტიურებულ კოორდინირებულ ძალისხმევას არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ამერიკის სხვა მეტოქეების, ჩინეთის თუ ირანის მხრიდან, შეიძლება არჩევნებზე თუ წინასაარჩევნო პროცესებზე გავლენა ჰქონდეს? რას გაჩვენებთ ამჟამინდელი ტენდენციები ამის შესახებ, რა რისკები არსებობს?

დმიტრი კისილიოვი გადაცემაში ჯორჯ ფლოიდზე საუბრობს
დმიტრი კისილიოვი გადაცემაში ჯორჯ ფლოიდზე საუბრობს


- რასაც ამ ეტაპზე ნამდვილად ვხედავთ, ისაა, რომ ეს სამი ქვეყანა ერთმანეთის გზავნილებს აძლიერებს და ავრცელებს. ზოგიერთი უბრალოდ სხვა სახელმწიფო მედიის თუ სხვა ქვეყნის დიპლომატების „ტვიტებს“ აზიარებს. ასე რომ, ვხედავთ რეალურად ამ სამი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების შერწყმას და ეს ხდება ერთი უმთავრესი ნარატივის ირგვლივ - ანტი-ამერიკული ნარატივის.

ვფიქრობ, მათ ახლა უფრო მეტი წარმატება აქვთ საზღვარგარეთ, ვიდრე ამერიკაში, რადგან აუდიტორიაზე RT-ის (Russia Today) გავლენაც კი, რომლის გავრცელებულ ინფორმაციაზეც ამერიკელები წუხან, ნამდვილად ძალიან მცირეა. მაგრამ, შეშფოთების საფუძველი ყოველთვის არის ის, რომ არ არის საჭირო გავლენის ამერიკის მოსახლეობის დიდ ნაწილზე მოხდენა იმისთვის, რომ პრობლემები შექმნა. გავლენის გაზომვა ძალიან ძნელია, ჩვენ ბევრი რამ ვცადეთ, იქნებოდა ეს „ტვიტერზე“ პოსტების ნახვა, ჩართულობა თუ სხვა, მაგრამ რეალურად საჭიროა, მავნე გავლენა მოახდინო მცირე ჯგუფზე იმისთვის, რომ რაიმე პრობლემა შექმნა. ესაა საყურადღებო.

ეს არ არის ის, რომ რუსეთს ან ჩინეთს შეუძლია ამერიკის მოსახლეობის მოსაზრებები დრამატულად შეცვალოს, მაგრამ ესაა ძალისხმევა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ საზოგადოების „განაპირა ჯგუფებში“. მაგალითად, თუ ისინი შეძლებენ დაარწმუნონ ზოგიერთი ადამიანი, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რაც მაგალითად 2016-ში იყო სტრატეგია.

რუსეთს ან ჩინეთს არ შეუძლია ამერიკის მოსახლეობის მოსაზრებები დრამატულად შეცვალოს, მაგრამ რისი გაკეთება შეუძლიათ ამ ძალისხმევით საზოგადოების „განაპირა ჯგუფებში“? საჭიროა, მავნე გავლენა მოახდინო მცირე ჯგუფზე იმისთვის, რომ უფრო დიდი პრობლემა შექმნა. საყურადღებოა თუკი ისინი შეძლებენ დაარწმუნონ ზოგიერთი ადამიანი, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რაც მაგალითად 2016-ში იყო სტრატეგია. 

ჩვენ ვნახეთ რუსები, რომლებიც ცდილობდნენ გავლენის მოხდენას შავკანიანი აქტივისტების მოძრაობაზე და მათ დარწმუნებას, რომ მაშინდელი კანდიდატის, ჰილარი კლინტონისთვის მხარი არ დაეჭირათ. ასე რომ არსებობს შესაძლებლობა რომ შეამცირონ ამა თუ იმ ადგილას ხმის მიცემა, კონკრეტული დამყოფი ნარატივის წინ წაწევით. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ: რეალურად შემაშფოთებელი ისაა, რომ გავლენა მათ ამერიკელთა მცირე რაოდენობაზე ექნებათ და სწორედ ამ მცირე რაოდენობაზე ზეგავლენა გჭირდება იმისთვის, რომ უფრო დიდი პრობლემა შექმნა. ვფიქრობ, ესაა საყურადღებო. რას ვაპირებთ რომ გავაკეთოთ, ამ მარგინალურ ჯგუფებთან დაკავშირებით? რუსეთი არ აპირებს რადიკალურად შეცვალოს ის, როგორ საუბრობენ ან ფიქრობენ ამერიკელები არჩევნებზე, ან მათი საერთო საზოგადოებრივი აზრი. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ამომრჩეველთა 1 %-ის მიერ აზრის შეცვლამ შეიძლება შედეგი შეცვალოს. ჩვენ გვაშფოთებს ეს ნაწილი დეზინფორმაციის გამავრცელებელი როგორც საგარეო, ისე საშინაო მოთამაშეებისგან.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეცვალა კორონავირუსმა ამ მხრივ ვითარება? დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ იყენებენ ავტორიტარი მთავრობები პროტესტს ამერიკაში, მაგრამ როგორია პოსტპანდემიური საზოგადოება? ხომ არ შეიქმნა უფრო ნაყოფიერი ნიადაგი იმისთვის, რომ საზოგადოებები უფრო მგრძნობიარე გახდეს მცდარი, ყალბი ცნობებისადმი? არის ადამიანების აზრით მანიპულირება ახლა უფრო მარტივი?

- დიახ, 100 პროცენტით. კორონავირუსმა ნამდვილად ბევრი მხრივ შეცვალა საინფორმაციო ლანდშაფტი. ადრე კონცენტრირებას ვახდენდით სოციალურად იზოლირებულ ადამიანთა მცირე ჯგუფებზე, რომლებიც ინფორმაციას ძირითადად სოციალური მედიის მეშვეობით იღებდნენ, რასაც ჩვენ „ფილტრიან ბუშტებს“ ვუწოდებდით. (ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულ საინფორმაციო ფილტრში გამავალ ინფორმაციას იღებდნენ) მაგრამ ახლა ყველა ჩვენგანი შეიძლება ასე დახასიათდეს.

თითქოს იმ ტიპის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობდით, თავდაყირა დადგა. ვფიქრობ ახლა ყველანი ცოტა უფრო მეტად მოწყვლადები ვართ დეზინფორმაციის მიმართ, რადგან ჩვენი ნორმალური ცხოვრებაც ამოყირავებულია. და რაც ამავე კონტექსტში ისევ და ისევ არჩევნებს შეეხება, ვფიქრობ ვირუსთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი ისაა, რომ ეს ამერიკაში კენჭისყრის ნორმალურ პროცედურებზეც მოახდენს გავლენას.

ჯანდაცვის რისკების გამო, ჩვენ ვნახავთ საფოსტო საშუალებით გაგზავნილ ბევრ ბიულეტენს. ბევრ ამომრჩეველს, რომელიც რეგისტრაციის ადგილზე მისვლის ნაცვლად, წერილობით მისცემს ხმას. ასე რომ სტანდარტული ფუნქციონირება, რაც ბოლო 3-4 ათწლეულის მანძილზე ხდებოდა, წელს განსხვავებული იქნება. ყოველთვის, როცა რაღაც ახალი ან განსხვავებული ხდება, ეს შესაძლებლობაა დეზინფორმაციისთვის. ვიცით, რომ გვეყოლება ხალხი, რომლებიც რეალურად იკითხავენ: როგორ უნდა მივცეთ ხმა, თუკი ჩვენს საარჩევნო უბანზე მისვლა არ შემიძლია? ცუდი აქტორები/ძალები ამით ისარგებლებენ.

ჩვენ ფაქტებს უნდა ვუსვამდეთ ხაზს. ვამბობდეთ, რომ დიახ, ამერიკაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ნახეთ, ჩვენი მედია ამას აშუქებს, შეგვიძლია საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულები ვიყოთ, თვალი გავუსწოროთ პრობლემებს და გავუმკლავდეთ მათ. ეს არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ გახსნილ, დემოკრატიულ საზოგადოებებში.

გლობალურად კი ვხედავთ, კორონავირუსმა და სხვა პროტესტებმაც როგორ მისცა რუსეთსა და ჩინეთს შესაძლებლობა, რომ საუბარი სასურველი მიმართულებით წარემართათ: რომ ამერიკა არის ახლა ნაჩვენები, როგორც არასანდო და შეიძლება უფრო სუსტიც კი, ვიდრე წარსულში. ასე რომ ჩვენ ვნახეთ გზავნილები, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან მომდინარე: „ჩვენ ვართ ევროპისთვის პირველი პარტნიორი“, „ჩვენ გაწვდით თქვენ სამედიცინო აღჭურვილობას და ამერიკა არ მოქმედებს“. ეს არის რეალური შესაძლებლობა ამერიკის ზოგიერთი მეტოქისთვის იმ მხრივ, რომ შეძლოს გაავრცელოს გზავნილები ამერიკის წინააღმდეგ თუნდაც მხოლოდ იმის თქმით, რომ „ისინი აღარ არიან სანდო პარტნიორები და ჩვენკენ და სხვა პარტნიორებისკენ უნდა მობრუნდეთ“, რაც ცხადია საზღვარგარეთ ამერიკის გავლენას ასუსტებს.

- როგორ შეიძლება რომ არ მივცეთ მათ ასეთი „საუბრის ფორმირების“ საშუალება? ერთი მხრივ ისეთმა ქვეყანამ როგორიც ამერიკაა და მეორე მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა? რა მსგავსი ან განსხვავებული სტრატეგია შეიძლება გვქონდეს?

- ვფიქრობ, უპირველესი მაინც ისაა, რომ თავად ხელისუფლებასა და ხელისუფლების მიღმაც, სანდო წყაროები უნდა გვყავდეს - ადამიანები, რომლებიც სანდო გზავნილებს ავრცელებენ და ხალხი ენდობა მათ. როდესაც მთავრობიდან თუ მედიიდან მომდინარე შეტყობინებებს ენდობი, ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროს აღარ ეძებ. ასე რომ როდესაც ხალხი გარიყულად გრძნობს თავს იმ ინფორმაციით, რასაც იღებს, ამ დროს ტრიალდება სხვა წყაროებისკენ. ამ დროს არიან ადამიანები მეტად დრეკადი, მიმღებელი იმ გზავნილების მიმართ, რომელიც ირანის, ჩინეთის თუ რუსეთის ან ბევრი სხვისგან მოდის.

უნდა გქონდეს სანდო, სარწმუნო გზავნილები, რომელიც მოდის მთავრობიდან და მედიიდან. ვფიქრობ, ერთი რამ, რისი ნახვაც მენდომებოდა ამერიკის მხრიდან, არის იმის თავიდან არიდება, რასაც რუსეთი, ჩინეთი და ირანი ახლა ფლოიდთან დაკავშირებით აკეთებენ. მგონი არსებობს მახე, რომელშიც შეიძლება ჩავცვივდეთ, არ უნდა ვთქვათ, რომ რასიზმის გამო მათ ჩვენი გაკრიტიკება არ შეუძლიათ, რადგან რუსეთსა და ჩინეთში უარესი ხდება. ეს რუსეთის ტაქტიკაა.

ჩვენ ფაქტებს უნდა ვუსვამდეთ ხაზს, ვამბობდეთ, რომ დიახ, ამერიკაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ნახეთ, ჩვენი მედია ამას აშუქებს, ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულები ვიყოთ, თვალი გავუსწოროთ პრობლემებს და გავუმკლავდეთ მათ. ჩვენ გვაქვს პრობლემები და ეს არის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ გახსნილ, დემოკრატიულ საზოგადოებებში: შევაფასოთ ეს პრობლემები, ვილაპარაკოთ გახსნილად. ვფიქრობ, სწორედ აქ უნდა გამოვაჩინოთ და წარვმართოთ ჩვენი ძალა: ამას უნდა ვუსვამდეთ ახლა ხაზს და არა იმას, რომ „თქვენ ჩვენზე უარესები ხართ“.

დიახ, ჩვენ გვაქვს პრობლემები, მაგრამ ვაპირებთ, გაჩვენოთ ეს პრობლემები განვიხილოთ ისინი, რადგან ვფიქრობთ რომ ჩვენი სიძლიერე ჩვენს თვითკრიტიკაში და გზადაგზა გამოსწორებაშია, გვყავს საზოგადოება, რომელიც პროგრესულად აუმჯობესებს ამ საკითხებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ალბათ აქაც მსგავსი რამაა მნიშვნელოვანი. სანდო ინფორმაცია, და განცდა ხალხისა, რომ არ სჭირდებათ ალტერნატიული წყაროების ძებნა.

ზოგი რამ სოციალურ მედიასაც ეხება. კომპანიები აუმჯობესებენ ძალისხმევას კოორდინირებული და არააუთენტური კამპანიების დახურვის საქმეში. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ 2016 წელს ე.წ. „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“ ტროლები თავს ადგილობრივ ხმებად ასაღებდნენ. აქ გვჭირდება სამოქალაქო საზოგადოების დახმარებაც, ამგვარი ქმედებების და საფრთხეებისთვის ყურადღების მიქცევა. მაგრამ ტექნოლოგიურმა კომანიებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ რეგიონსაც, რომელიც ხშირად უგულვებელყოფილია. ცენტრალურ თუ აღმოსავლეთ ევროპაში და ბალკანეთში პარტნიორებთან საუბრისას ხშირად გვესმის, რომ ისინი წუხან, ამ კომპანიების მიერ ზოგიერთი ასეთი ქმედება არ არის ისე სერიოზულად აღქმული, როგორც მაშინ, როცა ეს შეერთებულ შტატებში ხდება.

ვფიქრობ, ბევრ მოთამაშეს აქვს როლი შესასრულებელი, არის ადგილობრივ დონეზე ქვეყნების ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ცდილობს გამოვლენას, და ამ საფრთხეებისადმი ყურადღების მიქცევას. ხალხის გაკაჟებას ამის მიმართ.

- თუმცა დაყოფილ, პოლარიზებულ და დაპირისპირებულ საზოგადოებებში რამდენად ადვილად მისაღწევია ეს? როგორც ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, ისე საქართველოს თუ სხვა ბევრი ქვეყნის მოსახლეობა რუსეთის სამეზობლოში, ძლიერ დაყოფილია. რამდენად ართულებს ეს საქმეს?

- პოლიტიკური დაპირისპირება იდეალური შესაძლებლობაა იმ ძალებისთვის, რომლებსაც საზოგადოებების კიდევ უფრო მეტად დაყოფა სურთ. როდესაც ხალხი გაუცხოებულად, გარიყულად გრძნობს თავს ძალაუფლების მქონე პარტიის, მხარის მიერ, თუ მედიის პოლიტიკური გადახრის, მიკერძოების გამო, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.

ძალიან ძნელია ხალხის მოსაზრებების რადიკალურად შეცვლა, მაგრამ ესაა, რაც სწორად არ გვესმის. 2016 წელს ადამიანები, რომლებიც კლინტონის მხარდამჭერები იყვნენ, რუსული დეზინფორმაციის გამო, ტრამპის მხარდამჭერები არ გახდებოდნენ. მაგრამ დეზინფორმაცია და ეს საინფორმაციო ოპერაციები ახერხებს იმას, რომ უბიძგოს ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად იმ მიმართულებით, საითაც ისინი ისედაც იხრებიან. როდესაც უკვე გაქვს ეს დაყოფა, აი ამ დროს შეიძლება დეზინფორმაციამ იმუშავოს, რადგან ხალხი განწყობილია იმისთვის, რომ არ ენდოს მთავრობას თუ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. აი ამ დროს უცხოელი მანიპულატორები მოდიან და აძლევენ მათ იმ საბოლოო ბიძგს, რასაც შეუძლია რომ რეალურად პრობლემები შექმნას.

როდესაც რუსულ დეზინფორმაციაზე ვსაუბრობთ, ხშირად ერთი რამ კარგად არ არის გაგებული და გააზრებული: უმეტეს შემთხვევაში, ყველაზე საშიში სრულიად გამოგონილი ცნობები და აბსოლუტური ფაბრიკაცია კი არაა, არამედ რეალური ინფორმაციით მანიპულირება. რეალური ინფორმაციითაც შეიძლება ისეთი პერსპექტივა შექმნათ, რომ პრობლემა იმაზე უარესია, ვიდრე სინამდვილეში. ზოგ შემთხვევაში ე.წ. „ფაქტ-ჩექერებს" შეუძლიათ მიუთითონ რეალურ პრობლემებსა და ფაქტებზე. მაგრამ თუკი ადამიანთა მიერ ინფორმაციის აღქმას ცვლი ერთი კუთხით ნამდვილი, მაგრამ ძლიერ ცალმხრივი ინფორმაციით, რომელიც რეალობის სრულ სურათს არ ქმნის, ეს ისეთივე საშიშია, როგორც სრული დეზინფორმაცია.

ვფიქრობ ამგვარი ინფორმაციისგან თავის დასაცავად იმაზე ნაკლები საშუალება გვაქვს, ვიდრე უშუალოდ ყალბი ინფორმაციისგან, დეზინფორმაციისგან, რადგან მისი სიყალბის გამოვლენა ფაქტებზე მითითებით შეგიძლია. მაგრამ, როდესაც ფაქტები ნამდვილია, მისი გაბათილება განსაკუთებული გამოწვევაა. შენი დამცავი არგუმენტები თითქოს მოგონილია: ანუ ფაქტები და გამონაგონი კი არ უპირისპირდება ერთმანეთს, არამედ შენ ამბობ, რომ ეს ამბავი „სრულ სურათს“ არ ქმნის. ვფიქრობ ესაა ის, რაც კარგად არ არის გაგებული იმის შესახებ, თუ როგორ მართავს რუსეთი საზღვარგარეთ საინფორმაციო ოპერაციებს: მისი დიდი ნაწილი სიმართლეა, უბრალოდ მანიპულაციური სიმართლე.

XS
SM
MD
LG