ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტენგელი: რუსეთის მიზანი დემოკრატიისადმი რწმენის შესუსტებაა


რიჩარდ სტენგელი

„რუსული დეზინფორმაციის ისეთი ცუნამი, როგორიც 2014 წელს, ყირიმის მოვლენებისას ვიხილეთ, აქამდე არასდროს გვინახავს“, - ამბობს რიჩარდ სტენგელი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე საჯარო დიპლომატიის საკითხებში. სტენგელმა, რომელიც წლების განმავლობაში ჟურნალ „ტიამის“ რედაქტორი იყო, გასულ კვირას ახალი წიგნი წარმოადგინა. რატომ დავმარცხდით მზარდ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში - ამ და სხვა საკითხებზე ავტორი და დიპლომატი „ამერიკის ხმას“ ესაუბრა.

- როგორ დავმარცხდით გლობალურ ბრძოლაში მზარდ დეზინფორმაციასთან? ეს თქვენი წიგნის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. რატომ ფიქრობთ, რომ ამ ბრძოლაში დავმარცხდით?

ეს უწყვეტი ბრძოლაა. მაშინაც კი, თუ აგებ, არ ნიშნავს, რომ [საბოლოოდ] დამარცხდი. წიგნის ეს ქვესათაური სახელმწიფო დეპარტამენტში 2014-16 წლებში ჩემი სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილებიდან მოდის.

"მათი მიზანი დასავლეთში დემოკრატიებისთვის, ნატოსთვის, ევროკავშირისთვის ძირის გამოთხრაა, იმ რწმენის შესუსტება, რომ დემოკრატია მუშაობს, რომ ინდივიდუალურ არჩევანს აქვს მნიშვნელობა. ვფიქრობ, სურთ, რომ მათი მმართველობის რეჟიმი, რომელიც ავტოკრატიულია და არა დემოკრატიული, წარმოადგინონ, როგორც უკეთესი არჩევანი, ვიდრე დემოკრატიაა."

დეზინფორმაციის ეს ცუნამი პირველად სწორედ მაშინ, 2014 წელს ვნახე, ყირიმის ანექსიის თემის შესახებ. მთელი ცხოვრება მედიაში ვმუშაობდი, ვიყავი ჟურნალ „ტაიმის“ რედაქტორი და [ამ მასშტაბის] რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა მანამდე არასდროს მინახავს. როცა ამის შესწავლა დავიწყეთ, ვნახეთ „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“ შექმნა საკნტ პეტერბურგში და როგორ ავრცელებდნენ რუსები ტყუილებს ყირიმის შესახებ. საბოლოოდ კი ვიხილეთ, როგორ გადაიზარდა მოქმედებად ეს ყველაფერი 2016 წლის ამერიკის არჩევნებში. ჩვენ არ გვქონდა დრო თუ ცოდნა იმისთვის, რომ რამე მოგვემოქმედებინა.

რუსებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საქართველოში, უკრაინაში და გერმანიასა და საფრანგეთშიც კი დეზინფორმაციის შექმნა-გავრცელების ხანგრძლივი ისტორია აქვთ. მაგრამ ხშირად ეს იყო რუსულად, უკრაინულად, სხვა ენებზე. ამჯერად კი ეს იყო კონცენტრირებული იმაზე, რომ პუტინის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შესახებ ნარატივი შეეცვალათ.

- რამდენად და როგორ ხდებოდა ამის აღქმა ამერიკის ხელისუფლებაში და რა ზომები იყო მიღებული მაშინ, როდესაც დაიწყო გააზრება, რომ ინფორმაცია დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ იარაღად გამოყენებოდა?

რუსეთისა და მისი ე.წ. “აქტიური ზომების” შესახებ დაზვერვის ინფორმაცია თუ ცოდნა დიდი ხანია არსებობს. ცივი ომის დროიდან მოყოლებული, ვიცით, რომ მათ დასავლეთისა და ნატოს ერთობის დარღვევა სურთ. ჩვენ ვხედავდით, რას აკეთებდა რუსეთი მის სამეზობლოში, ევროპაში და შემდეგ, როდესაც დავინახეთ, რომ ეს 2016 წელს ჩვენამდე მოვიდა, ცოტა არ იყოს, გვიან იყო.

- რამ ითამაშა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ რუსული დეზინფორმაციის მანქანა ასეთი ძლიერი და ეფექტური გახდა? როგორ შეაღწია მან ამდენად ამერიკის დემოკრატიასა და საარჩევნო პროცესებში?

კიევი, უკრაინა, თებერვალი, 2016
კიევი, უკრაინა, თებერვალი, 2016

მე არ ვფიქრობ, რომ ის ძალიან წარმატებული იყო. არც ის მგონია რომ ის ძალიან დახვეწილი ან კომპლექსურია. პრობლემა ისაა, რომ ზოგჯერ ჩვენ არ ვართ საკმარისად მომზადებულები. დეზინფორმაცია მხოლოდ მიწოდების პრობლემა არაა, ეს მოთხოვნის პრობლემაცაა. ძალიან დიდი გულგრილობაა ამერიკელთა შორისაც, ფაქტსა და გამონაგონს შორის განსხვავების გარჩევის კუთხით. სულ ვამბობ ხოლმე, ჩვენ არ გვაქვს ყალბი ახალი ამბების პრობლემა, ჩვენ გვაქვს მედია წიგნიერების პრობლემა. ხალხს არ ესმის, საიდან მოდის ინფორმაცია.

ვფიქრობ, რუსები ჩვენს საკუთარ გულუბრყვილობასა და გულგრილობას იყენებდნენ ჩვენ წინააღმდეგ. თვითონ დეზინფორმაციული მასალები კი ხშირად სულაც არ იყო გამართული ინგლისურით დაწერილი, ამ და სხვა მიზეზებით, ადვილი მისახვედრი იყო ბევრი რამ, მაგრამ ხალხი, ვისთვისაც ეს იყო გამიზნული, ამ განსხვავებას ვერ ხედავდა.

- ბევრი სხვა მოთამაშეცაა ამ სფეროში, სხვა რეჟიმები. ამბობთ, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ არ არსებობს სასჯელი, პასუხი, მათთვის ცუდი შედეგები არ დგება. რა უნდა იყოს ასეთი შედეგი?

რუსები ცდილობენ უკვე არსებული, რთული და დამყოფი საკითხები გააღრმავონ. აღმოსავლეთ ევროპაში ეს ხდება ხალხებს შორის, მაგალითად რუსულად მოსაუბრე და სხვა ენებზე მოსაუბრე მოსახლეობას შორის, სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების ჯგუფებს შორის და ეს ძალიან საშიშია.

ამას ასიმეტრიულ ომს ვუწოდებთ, ეს არაა ექსპანსიური ომი. შეიძლება ერთი საწყობი გქონდეს და ლეპტოპებმომარჯვებული ადამიანების ჯგუფი. არ გჭირდება საჰაერო შეიარაღებისა თუ ხომალდების ყიდვა.

აქამდეც ბევრი პასუხი იყო. მაგალითად, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს არჩევნებში ჩარევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციამ ზოგიერთი ამ სანქციის მოქმედება გააგრძელა. მაგრამ, მგონია, რომ ეს აქტიური კიბერ-ომია და პასუხიც ზოგ შემთხვევაში უფრო მკაცრი უნდა იყოს. გარდა ამისა, ჩვენ, ამერიკელებიც არ უნდა ვაკეთებდეთ იმას, რასაც სხვები გვიკეთებენ.

- რატომ არის დეზინფორმაიცია ასეთი დიდი საფრთხე დემოკრატიისთვის? განსაკუთრებით კი გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებისთვის, როდესაც ის ისეთ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებზეც მოქმედებს, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნები თუ ამერიკაა?

ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია ამბობს, რომ ხელისუფლება ხალხის თანხმობით მოქმედებს, ხალხი ირჩევს და ძალაუფლების გადაცემის ეს თანხმობა არის დაფუძნებული ფაქტებზე, ინფორმაციაზე. დამოუკიდებელ ადამიანებს სჭირდებათ ინფორმაცია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. როცა ეს ინფორმაცია დამახინჯებულია, დამაბნეველია, მაშინ არჩევანიც აღარაა გონივრული, სამართლიანი, კანონიერი. და ესაა პრობლემა. დემოკრატია იმ ადამიანებს ეფუძნება, რომლებიც ინფორმირებულ არჩევანს აკეთებენ და სწორი, ნამდვილი ინფორმაციის თავისუფალი მიმოცვლა ამისთვის აბსოლუტურად აუცილებელია.

- აღმოსავლეთ ევროპაში რუსული დეზინფორმაცია ხშირად ეთნიკურ განსხვავებებსა თუ სხვა დამაპირისპირებელ საკითხებზე კონცენტრირდება. დეზინფორმაცია ზოგჯერ სამხედრო აგრესიის წინაპირობებსაც კი ქმნიდა. რა არის თქვენი აზრით ის, რასაც კრემლი წარმატებული კამპანიისთვის ყველაზე ეფექტურად იყენებს?

მოსკოვი. რუსეთი, მარტი 2018 წ.
მოსკოვი. რუსეთი, მარტი 2018 წ.


რუსები ცდილობენ უკვე არსებული, რთული და დამყოფი საკითხები გააღრმავონ. როგორც ამას ამერიკაში რასობრივ საკითხებთან დაკავშირებით აკეთებდნენ. აღმოსავლეთ ევროპაში კი ეს ხდება ხალხებს შორის, მაგალითად რუსულად მოსაუბრე და სხვა ენებზე მოსაუბრე მოსახლეობას შორის, სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების ჯგუფებს შორის და ა.შ. ეს ძალიან საშიშია. და ვფიქრობ, სოციალური მედიის კომპანიებმა, რომლებიც ამა თუ იმ პლატფორმას ფლობენ, უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ მოხდეს იდენტიფიცირება: რა ინფორმაცია მოდის ადამიანებისგან, რა - ბოტებისგან, ავტომატიზირებული ონლაინ-ანგარიშებისგან. ის ინფორმაცია კი, რომელიც დასტურდება, რომ ყალბია, პლატფორმებიდან უნდა მოიხსნას.

- დეზინფორმაციას სხვადასხვა ავტორიტარული რეჟიმი მეტ-ნაკლებად მსგავსი, მაგრამ ალბათ მაინც განსხვავებული, კონკრეტული მიზნებისთვის იყენებს. როგორ ფიქრობთ, რა არის რუსული დეზინფორმაციული მანქანის მთავარი მიზანი და როგორ უნდა დავუპირისპირდეთ მას.

ვფიქრობ, რუსები ჩვენს საკუთარ გულუბრყვილობასა და გულგრილობას იყენებდნენ ჩვენ წინააღმდეგ.


მათი მიზანი დასავლეთში დემოკრატიებისთვის, ნატოსთვის, ევროკავშირისთვის ძირის გამოთხრაა, დემოკრატიისადმი ხალხის რწმენის შესუსტება. იმ რწმენის, რომ დემოკრატია მუშაობს, რომ ინდივიდუალურ არჩევანს აქვს მნიშვნელობა. ვფიქრობ, სურთ, რომ მათი მმართველობის რეჟიმი, რომელიც ავტოკრატიულია და არა დემოკრატიული, წარმოადგინონ, როგორც უკეთესი არჩევანი, ვიდრე დემოკრატიაა. საბოლოოდ, ისინი უკმაყოფილების იარაღად ქცევას ცდილობენ. სურთ უბედურების და უკმაყოფილების დათესვა საზოგადოებაში. და როგორც პოლიტიკური მეცნიერები 500 წელია ამბობენ, რუსეთი თავს უფრო დაცულად მაშინ გრძნობს, როდესაც მის ირგვლივ ქვეყნები დაუცველები არიან. მათ სწორედ ეს უნდათ: რომ მათ სამეზობლოში ქვეყნები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ.

ვფიქრობ, უფრო პროაქტიულები უნდა ვიყოთ. საჭიროა რუსეთის გაფრთხილება, რომ ასე არ მოიქცეს, სანქციების გაგრძელება და მცდელობა, შევაჩეროთ მცდარი ინფორმაციის შემოდინება. ამასთან, მედია წიგნიერების გაზრდა. რაც უფრო მეტი ადამიანი გააცნობიერებს და მეტს ეცოდინება, რომ მიღებული ინფორმაცია შესაძლოა არა ამერიკელებისგან, არამედ რუსებისგან, ჩინელებისგან ან ირანელებისგან მოდიოდეს, მით უფრო კარგი იქნება. ხალხმა უნდა დაიწყოს იმის განსხვავება, რა ჩანს უფრო სანდო და რა - არა, რა არის ფაქტებზე დაფუძნებული, და ეს მოგვიტანს ცვლილებებს. მთავრობებმა, ინსტიტუტებმა და სოციალური მედიის კომპანიებმა შესაძლოა იმუშაონ, მაგრამ საბოლოოდ მაინც საზოგადოება, ადამიანები წყვეტენ, სანდოა თუ არა ესა თუ ის ინფორმაცია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

ტვიტერი

XS
SM
MD
LG