ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ სატერი: "რუსეთი არასდროსაა ისეთი სტაბილური, როგორიც ჩანს"


დევიდ სატერი, ამერიკელი ჟურნალისტი და ავტორი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში და რუსეთის საკითხებზე მუშაობდა. ქვეყნის მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციის მიერ მიღწეულ მცირე გამარჯვებებს უმნიშვნელოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს დიდი ცვლილების დასაწყისი ვერ იქნება. რეალური საფრთხე კი რეჟიმისთვის უკრაინის რევოლუციის მსგავსი მოვლენებია. „რუსეთი არასდროსაა ისეთი სტაბილური, როგორიც ჩანს, რადგან სტაბილურობა პროპაგანდაზე და ფართოდ გავრცელებულ კორუფციაზეა დაფუძნებული“, - ამბობს სატერი. ის პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ცივი ომის შემდეგ ქვეყნიდან გამოაძევეს. სატერი რუსეთის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორი და პუტინის რეჟიმის აქტიური კრიტიკოსია.

რატომ იყო რუსეთის მუნიციპალური არჩევნები მნიშვნელოვანი, და როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ლოკალურ არჩევნებში ცვლილებების მიღწევით, უფრო დიდი ცვლილებების წახალისება და დაწყება?

ვფიქრობ, მუნიციპალური არჩევნები დიდად არაფერს შეცვლის და სისტემას, რომელიც ჩამოყალიბებულია, შეუძლია დაუშვას ზოგიერთი ტიპის დროებითი დამარცხებები, ის გულისხმობს, ანგარიშობს კიდეც ამას. ეს ხალხს იმის განცდას უქმნის, თითქოს რაღაცას მართლაც აღწევს, რაღაც მართლა იცვლება. მაგრამ რეალობა ისეთია, რომ პატარა გამარჯვებები, იმ სრულად მართული სისტემის კონტექსტში, თავისუფლების იდეას დიდად ნამდვილად ვერ აწინაურებს.

რუსეთი არასდროსაა ისეთი სტაბილური, როგორიც ჩანს, რადგან შექმნილი სტაბილურობა ყალბ პროპაგანდასა და კორუფციაზეა დაფუძნებული. რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი ხალხის ის განწყობა და შიშია, რომ ნებისმიერი ტიპის ცვლილება მდგომარეობას გააუარესებს. ეს აქამდე ეხმარებოდა რეჟიმს და რაღაც პერიოდის განმავლობაში კიდევ შეუწყობს ხელს.

ხალხი იღლება პატარა გამარჯვებებისთვის ბრძოლაში. და ამას არა უშავს, ხელისუფლების მხრიდან არსებობს „დასაშვები“ პოლიტიკური აქტივობის სივრცე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა სიტუაციას საკუთარ ხელში იღებს ან რომ მას შეუძლია მთავრობაზე რეალური გავლენა მოახდინოს.

მე მაშფოთებს მანიპულაციის ელემენტი. ერთი მხრივ, ვხედავთ დემონსტრანტების ცემას, სისასტიკეს და შემდეგ მოშვებულ დაძაბულობას და საშუალებას, რომ გაგრძელდეს პროცესი, ჩატარდეს არჩევნები და [ოპოზიციამ] მიიღოს ლიმიტირებული/შეზღუდული გამარჯვება.

წინა, მერის არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ, რომ ალექსეი ნავალნიმ, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა მედიაზე წვდომა, საკმაოდ ბევრი ხმა მიიღო, მაგრამ გამოიღო ამან შედეგი? იყო ცვლილებები? - არა. გამოიწვევს თუ არა ეს ახლაც რაიმე ცვლილებას? ძნელი სათქმელია, შესაძლოა, მცირე, უმნიშვნელო საკითხებზე შესაძლებელი იყოს გავლენის მოხდენა. მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ მცირე საკითხებში, დიდი სურათის ნაწილი უფრო და უფრო იკარგება. რეალური პრობლემა კი ის ფაქტია, რომ მთავრობა კანონს მიღმაა და მას არ აქვს განზრახვა დათმოს ძალაუფლება.

უცხოური პრესის ნაწილი ამას პუტინის მიერ შიდა ომის წაგებას უწოდებდა. როგორ ფიქრობთ, კარგავს ის მართლაც რამეს? და თუ ლოკალურ არჩევნებში მიღწეული წარმატება უმნიშვნელოა, რა არის ის, რაც რეჟიმს ამარცხებს?

რეალური საფრთხე ამ რეჟიმისთვის იმის მსგავსი რამაა, რაც უკრაინაში მოხდა - ანუ თუ ხალხი დაკარგავს იმის რწმენას, რომ რეჟიმს შეუძლია მათი ცხოვრების გაუმჯობესება და მათთან პატიოსნად მოქცევა. რუსეთში ეს სენტიმენტები არსებობს და საკმაოდ ფართოდ გავრცელებულიცაა.

პუტინი დღემდე იყენებს იმ კეთილგანწყობას, რომელიც 2000-იან წლებში ეკონომიკის გაუმჯობესებით მოიპოვა. ხალხი მზადაა, შეურიგდეს ამ უუფლებობას და კორუფციას, რადგან პუტინის მმართველობის ქვეშ რუსეთში მატერიალური გაუმჯობესება მართლაც იყო, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ვლადიმირ პუტინი ამოწურავს რუსეთის მოსახლეობის ამ კეთილგანწყობას, როცა ეკონომიკური მდგომარეობა მიაღწევს იმ საზღვრებს, რომ ხალხს რეალურად გაუჭირდება. ეს კი მართლაც შეუქმნის ადამიანებს მოტივაციას, რომ გადადგან ნაბიჯი კორუფციის წინააღმდეგ; როცა უკანონობა უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება აუტანელი, მოუთმენელი, რეალური [ცვლილებები] რუსეთში სწორედ ამ გარემოებების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

თქვენ რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში პერსონა ნონ-გრატად გამოგაცხადეს. მაშინვე ამბობდით, რომ რეჟიმი თავდაჯერებას კარგავს. ერთ-ერთ წიგნში რეჟიმის ზოგიერთ პერიოდს ახასიათებდით კიდეც როგორცსაფრთხეში მყოფ სისტემას“. რამდენად ძლიერია ვლადიმირ პუტინის პოზიციები ახლა? გრძნობს ის გამოწვევებს?

ეს ყოველთვის ძალიან ძნელი სათქმელია. რუსეთი არასდროსაა ისეთი სტაბილური, როგორიც ჩანს, რადგან შექმნილი სტაბილურობა ყალბ პროპაგანდასა და კორუფციის გავრცელებაზეა დაფუძნებული. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდება ეს სიტუაცია? ეს გამოცანაა. რეჟიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხის ის განწყობაა, რომ ნებისმიერი ტიპის ცვლილება მდგომარეობას გააუარესებს. ხალხს კი ეშინია არასტაბილურობისა და ცვლილებების, ეს ხელს უწყობდა რეჟიმს და რაღაც პერიოდის განმავლობაში კიდევ შეუწყობს.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა დაეხმარათ უკრაინაში შეჭრაც. ეს ხალხის ნაციონალისტურ ტენდენციებს/სენტიმენტებს შეესაბამებოდა. ამას ჰქონდა თავისი გავლენა. მაგრამ როცა ეს ყველაფერი და ამ ყველაფრის გავლენა, ეფექტი გაიცრიცება, გახუნდება, ჩვენ შეიძლება ვნახოთ სიტუაცია, როცა ხალხი მოითხოვს არა მხოლოდ მცირე ცვლილებებს მუნიციპალურ არჩევნებზე, არამედ რეალურ შესაძლებლობას, რომ აირჩიონ საკუთარი მმართველები, სასამართლოს ეფექტური სისტემა და ამ ეტაპზე სიტუაცია შეიძლება ძალიან გასერიოზულდეს.

თუმცა 2012 წლების არჩევნების შემდეგ რუსეთში უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო აქციები ვიხილეთ. როგორ ფიქრობთ, აქვს რუსეთში პროტესტს აღმავალი გზა? რამდენად მნიშვნელოვანი ან წარმატებული ხდება ის დროთა განმავლობაში?

2011-12 წლებში რუსეთში მართლაც იყო პოსტ-საბჭოთა ეპოქაში უდიდესი, მასობრივი დემონსტრაციები, და ეს დაკავშირებული იყო კორუფციასთან და არჩევნების გაყალბებასთან, უკანონობასთან. არც ერთი ეს სიტუაცია არ შეცვლილა, გაუმჯობესება არ ყოფილა. მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პროტესტის გასატეხად. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ხალხმა უბრალოდ დაკარგა რამის მიღწევის იმედი. შემდეგ კი იყო უკრაინაში შეჭრა, ყირიმის ანექსია და ამან რეჟიმის ირგვლივ ბევრი ადამიანი გააერთიანა. ზოგი ისეთიც, ვინც სხვა პირობებში შეიძლებოდა ოპოზიციაში ყოფილიყო.

საქართველოს მთავრობის მხრიდან „კარგი ურთიერთობა“ - იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სუვერენული ტერიტორიების დიდი ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ეს მხოლოდ წააქეზებს რუსებს, რომ იფიქრონ, თითქოს საკითხი მოგვარებულია, მოლაპარაკებულია და აღარაფერია განსახილველი.


ნაციონალიზმისა და გაფართოების სენტიმენტი არის ის, რაც რეჟიმს ყოველთვის აქვს იარაღად თავის არსენალში. მათ ეს იარაღი გამოიყენეს უკრაინასთან დაკავშირებით და შედეგად, პუტინის პოპულარობა, რომელიც იკლებდა, ისევ ზემოთ ავარდა. ახლა ის ისევ იკლებს.

მაგრამ ეს მმართველებისთვის მხოლოდ მოკლევადიანი გამოსავალი შეიძლება იყოს. ამ საგარეო თავგადასავლებით მათ შეუძლიათ მხარდაჭერა განსაზღვრული დროით მიიღონ, მაგრამ ის ძირეული საკითხები, რომლითაც ხალხი უკმაყოფილოა, არ არის მოგვარებული და ეს კვლავ, განგრძობითად არის საფრთხე რეჟიმისთვის.

საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას ზედმეტად რბილი პოზიციები აქვს მოსკოვის მიმართ. როგორ ფიქრობთ, .. „კარგი ურთიერთობებისდამყარების მცდელობას შეიძლება ჰქონდეს რეალურად დადებითი შედეგი საქართველოსთვის?

საქართველოს მთავრობის მხრიდან „კარგი ურთიერთობა“ - იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სუვერენული ტერიტორიების დიდი ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ეს მხოლოდ წააქეზებს რუსებს, რომ იფიქრონ, თითქოს საკითხი მოგვარებულია, მოლაპარაკებულია და აღარაფერია განსახილველი. მათი მოწოდება კარგი ურთიერთობისა და დიალოგისკენ, არის დაფუძნებული იდეაზე, რომ საქართველო უბრალოდ, მიიღებს იმას, რაც რუსეთმა გააკეთა - როგორც ძველი გამონათქვამი ამბობს: რაც ჩემია - ჩემია და რაც - შენია, შეგვიძლია მოვილაპარაკოთ.

ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მხრიდან „კარგი ურთიერთობის“ დამყარების მცდელობა ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, რომ რაიმე პროგრესს, მიაღწიოს და შეცვალოს ის უსამართლობა, რასაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია ჰქვია.

როგორ ფიქრობთ, ჯერ კიდევ რატომ აყენებენ საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ იმ საკითხს, თუ ვინ დაიწყო ომი? რამდენად საშიშია მსგავსი განცხადებები მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან?

ამას ვხედავთ ყველგან. რუსული დეზინფორმაციის მიზანი დაბნეულობის შექმნა და ადამიანებისთვის იმ ალტერნატიული არგუმენტების მიცემაა, რომელიც მათ სიმართლის წინააღმდეგ შეუძლიათ გამოიყენონ. განსაკუთრებით კი ისეთ კომპლექსურ სიტუაციებში, როგორიც სამხრეთ ოსეთში იყო, ერთ საზოგადოებაში, დასახლებაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქართული და ოსური ოჯახები. ხდებოდა ერთმანეთის დაბომბვა, ძალიან ადვილია დააბნიო ხალხი იმის თაობაზე თუ რა მოხდა სინამდვილეში, ისინი ცდილობდნენ დაეჩრდილათ სურათი.

ამ გარემოებებში, ყოველთვის იქნებიან ისინი, ვინც ამ ყალბ ლოგიკას დამაჯერებლად მიიჩნევს და დაიწყებს ამის გამეორებას, მაგრამ მთავარი მიზანი საპირისპირო მხარის დასუსტებაა, რომ მას საკუთარი თავისა და პრინციპების რწმენა არ ჰქონდეს. თავდაჯერებული არ იყოს. ესაა, რაც ხდება....

მაგრამ რამდენად სარისკოა მსგავსი განცხადებების მოსმენა მაღალი რანგის თანამდებობის პირებისგან? შეიძლება ამან საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ჩვენი პოზიციები შეასუსტოს?

რუსები ცდილობენ აჩვენონ, ვინაა უფროსი, მთავარი. მათ უნდათ, რომ საქართველომ, უკრაინამ და ქვეყნის შიდა ოპოზიციამაც გაიგონ, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ ლიბერალურები, დათმობებზე წავიდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ისინი არიან გადაწყვეტილების მიმღებნი: თუ მათ სურთ ტერიტორიის მიღება, მიიღებენ, თუ უნდათ, რომ საერთაშორისო წყლებში შესასვლელი დაკეტონ, გააკეთებენ ამას. ეს ფსიქოლოგიური წნეხის ფორმაა, მუდმივი.

არა, ვფიქრობ, რუსეთის ქცევა ადამიანებისთვის ძალიან ნათელია მაშინაც კი, როცა მათ არ იციან დეტალები. მაგრამ ამას შეუძლია საფრთხე შეუქმნას, დაასუსტოს წინააღმდეგობის გაწევის, საპასუხო ზომების მიღების სურვილი. შეიძლება შექმნას სიტუაცია, რომელიც იმდენად დამაბნეველია, რომ ხალხს აღარ ენდომება გაწიოს ძალისხმევა იმისთვის, რომ სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელოს. ემბარგო, სანქციები, თუ სხვა ზომები - ეს ძვირია და ქმნის უხერხულობასა და არაკომფორტულობას. ეს არაა ის, რაც ჩვეულებრივ, ხალხს უნდა, მაგრამ ესაა ის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი, რომ როგორმე გავლენა მოვახდინოთ რუსეთზე, შეიცვალოს ქცევა.

რა მიზანი აქვს რუსეთს რეალურად .. ბორდერიზაციის განახლებით? არის ეს შიშის დათესვის მცდელობა? საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც არშემდგარი სახელმწიფოსა და არასტაბილური ადგილის იმიჯის შექმნა?

ყველაფერი ის, რაც ახსენეთ, ამ სტრატეგიის ნაწილია, მაგრამ, ვფიქრობ, ის, რის გაკეთებასაც რუსები ცდილობენ არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ, მაგალითად, ქერჩის სრუტის დაბლოკვით და სხვა, არის იმისთვის, რომ აჩვენონ, ვინაა უფროსი, ვინაა გადაწყვეტილების მიმღები. ეს ძალიან ტრადიციული რამაა რუსეთში. მათ უნდათ, რომ საქართველომ, უკრაინამ და ქვეყნის შიდა ოპოზიციამაც გაიგონ, რომ მათ (ხელისუფლების წარმომადგენლებს) შეუძლიათ იყვნენ ლიბერალურები, დათმობებზე წავიდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ისინი არიან გადაწყვეტილების მიმღებნი: თუ მათ სურთ ტერიტორიის მიღება, მიიღებენ, თუ უნდათ, რომ საერთაშორისო წყლებში შესასვლელი დაკეტონ, გააკეთებენ ამას. და თუ ის ქვეყნები, რომლებზეც ამ ქმედებებით გავლენას ახდენენ, წინააღმდეგობას გაწევენ, ცუდია, რადგან მათ უნდა გაიგონ ვინაა ბოსი. ეს ფსიქოლოგიური წნეხის ფორმაა, მუდმივი.

ამას ვხედავთ რუსეთის მთავრობის დამოკიდებულებაშიც საკუთარი ოპოზიციის მიმართ. ერთ დღეს ისინი სცემენ ხალხს განურჩევლად, მომდევნო კვირას დემონსტრაციის გამართვის უფლებას აძლევენ, ზოგ ადამიანს უფლებას აძლევენ ოპოზიციურ საქმიანობაში ჩაერთოს, აძლევენ შეზღუდულ, ლიმიტირებულ გამარჯვებას. მაგრამ ვინ იცის, რას გააკეთებენ ხვალ, იქნებ საერთოდაც ყველა დასაჯონ. მთავარი ისაა, რომ მეტოქე სულ გამოცნობის რეჟიმში უნდა იყოს - რას გააკეთებენ: გამოიყენებენ რეპრესიას თუ სირბილეს გამოიჩენენ.

მეორე მხარეს ყოველთვის უნდა ესმოდეს, ვინაა მთავარი. ეს მიუღებელია ნორმალური ადამიანებისა და ქვეყნებისთვის და ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არავისთვისაა ეს სიტუაცია სტაბილური, რუსული რეჟიმისთვისაც კი. ის იყენებს ამ ტაქტიკებს და ამით არაპირდაპირ აღიარებს, გულისხმობს, რომ კანონის უზენაესობის გამოყენებით, პატიოსანი თამაშის წესებით, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაშიც, საერთაშორისო პრაქტიკების პატივისცემით, რეჟიმი საფრთხეში იქნება: კარგად ინფორმირებულ საზოგადოებას არ ენდომება ასეთი რეჟიმი.

რუსეთის აგრესიული ტაქტიკები კარგია მხოლოდ [მის მიერ] სიტუაციის მართვისთვის და არა მუდმივი და სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ახლა ომი, გვაქვს ძლიერი დაძაბულობა, რაც რუსული ტაქტიკებით და იმითაა გამოწვეული, რომ მათ არ სურთ, სხვების უფლებებს პატივი სცენ. იქნება ეს ოპოზიციის მიმართ რეჟიმის დამოკიდებულება თუ მათი ქმედებები რეგიონში.

თუმცა რუსეთს რეალურ შედეგებზე ორიენტირებული მიზნებიც აქვს. მის ინტერესებშია მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაცია, კონფლიქტების შექმნა, გამწვავება, მათთვისგაყინული კონფლიქტებისდარქმევა და ამ ქვეყნების .. რუხ ზონაში დატოვება ომსა და მშვიდობას შორის. ხედავთ დასავლეთის მხრიდან მზაობას იმისათვის, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს ამ ქვეყნების მომავლის მძევლად დატოვების საშუალება?

ეს რა თქმა უნდა მათი ერთ-ერთი მიზანია. სურთ, რომ ქვეყნები, როგორიც საქართველო და უკრაინაა, არ იყვნენ დასავლური საზოგადოების წევრები, ისინი ძალზე კვალიფიციურები არიან, რომ ამ ალიანსების წევრები იყვნენ და ბევრ შემთხვევაში ძალიან კარგი წევრები იქნებოდნენ.

თუმცა, ესეც არასტაბილური სიტუაციაა, რამდენხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს? იმ მომენტამდე, როდესაც რუსეთს ან აღარ შეეძლება ან აღარ ეცდება იმას, რომ მის საზღვრებზე არსებული სიტუაციების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ვფიქრობ, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ეს „გაყინული კონფლიქტებიც“ კი, რომლებიც კომფორტულია რუსეთისთვის, არაა აუცილებლად განწირული იმისთვის, რომ სამუდამოდ გაგრძელდეს. მათაც გარკვეული ძალისხმევა სჭირდებათ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტები შეინარჩუნონ.

როგორ ფიქრობთ, დასავლეთს რომ უფრო მკაცრი პასუხი ჰქონოდა 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, ეს უკრაინაში იმავე აგრესიის გამოვლენას და რუსეთის სხვა აგრესიულ ქმედებებს შეაჩერებდა?

ვფიქრობ ნათელია, რომ მათ არ გადაუხდიათ იმის საფასური, რაც საქართველოში მოხდა. როგორც კი ბარაკ ობამა ამერიკის პრეზიდენტი გახდა, მისი პირველი ნაბიჯები „გადატვირთვის პოლიტიკისკენ“ გადაიდგა. ამის მთელი ლოგიკა კი იყო იდეა, რომ ამერიკამ რაღაც არასწორად გააკეთა, და ვაპირებთ, გადავტვირთოთ, თავიდან დავიწყოთ ურთიერთობები, რათა ახლა ყველანი შევეწყოთ ერთმანეთს. ეს იყო ობამას პოლიტიკა, მსოფლიოში ყველაფერი ჯორჯ ბუშისთვის უფრო დაებრალებინა, ვიდრე სხვადასხვა უცხო ქვეყნის ქცევისთვის.

ცხადია, ამ გარემოებებში რუსეთმა იგრძნო, რომ ბევრი არაფერი ჰქონდა დასაკარგი, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო. გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს მისთვის გამართლებული იქნებოდა, რადგან ყირიმის წართმევითა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრით რეჟიმის [პუტინის] რეიტინგი მაღლა წავიდა. ეს კი რუსეთის მოსახლეობის განწყობასაც გამოხატავდა.

და არსებობს კი მოსახლეობაში იმის განცდა, რომ რაც უკრაინაში რუსეთმა გააკეთა, ისინი ამისთვის ისჯებიან?

ვფიქრობ, უკრაინის შემთხვევაში არის ასეთი შეგრძნება, რადგან სანქციები დაწესდა და რუსული მედია საუბრობს ამაზე, ხალხმა იცის, რომ ეკონომიკა დაზარალდა, და ნამდვილად ხედავენ განსხვავებას რუბლის კურსის განსხვავების ცვლილებას დოლართან თუ ევროსთან მიმართებით. ამან ხალხის ცხოვრების ხარისხი შეცვალა.

შორეულ პერსპექტივაში კი იმ ტექნოლოგიებზე თუ შესაძლებლობაზე წვდომის შეფერხება, რომ შორეული ნავთობის საბადოები აითვისონ, ასევე შეუქმნის რუსულ ეკონომიკას სირთულეებს. ხალხმა თუ ახლა ეს არ იცის, ეცოდინება აუცილებლად.

უკრაინაში მომხდარის საფასურმა ისინი არ შეაჩერა, შეიძლება ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათ არ მიიღეს ეს საფრთხე სერიოზულად სანამ უკრაინაში შევიდოდნენ, ან შეიძლება იფიქრეს, რომ ფსონები იმდენად მაღალი იყო, ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. მათ როგორმე უნდა „შეევიწროვებინათ“ მოსახლეობის გონებაში მაიდნის გამოცდილება და ეს გააკეთეს ისე, როგორც ბუნებრივია მათთვის: დაადანაშაულეს მაიდნის ლიდერები ფაშიზმში და განახორციელეს ოპერაცია უკრაინის ტერიტორიების მისატაცებლად.

აქვე ამბობთ, რომ ეს იყო ფასი, რომლის გადასახდელადაც მზად იყო ხელისუფლება. თუმცა მოსახლეობისთვის პროპაგანდა მაინც ხატავს სურათს, რომ დასავლეთი ებრძვის რუსეთს და არა პირიქით, რომ სანქციები მტრული დასავლეთის იარაღია და არა პასუხი ან სასჯელი რუსულ აგრესიაზე.

დიახ, ასეა. იქმნება წარმოდგენა, რომ დასავლეთია პასუხისმგებელი იმაზე, რაც უკრაინაში მოხდა, საინფორმაციო საშუალებების სრული კონტროლის პირობებში, იმის შანსი, რომ ასეთი ინტერპრეტაცია არ შეიქმნება, დიდი არ არის. მაგრამ მეორე მხრივ, რუსებმა იციან, რომ მათი ხელისუფლების ქცევა საერთაშორისოდ მიუღებელია.

როგორ ფიქრობთ, ვლადიმირ პუტინმა მოახერხა მსოფლიო წესრიგის ამოყირავება, როგორც ამას 2007 წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აანონსებდა?

ჩვენ არც ზედმეტად და არც საჭიროზე ნაკლებად ოპტიმისტურები უნდა ვიყოთ რუსეთში ცვლილებების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ეს ბევრი გარემოების სწორ განლაგებაზე, მათ თანხვედრაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ასევე, პოსტ-საბჭოთა პერიოდის შესახებ სიმართლის ცოდნაზეც.

მან გააკეთა რამდენიმე რამ, რამაც საფრთხე შეუქმნა მსოფლიო წესრიგს: ჩართული იყო სამხედრო აგრესიაში, რამაც მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვია, წაართვა მათ ტერიტორიები, ხდებოდა დასავლეთში პოლიტიკური ლტოლვილების მკვლელობის ორგანიზება, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება. ეს ნაბიჯები თავისთავად საკმარისად სერიოზულია. მაგრამ სრულიად ყირაზე დააყენა თუ არა მან მსოფლიო წესრიგი? არ ვფიქრობ, რომ ასეა. არ მგონია, რომ რუსეთს ამის საშუალება აქვს. თუმცა მან კრიმინალური აქტივობითა და აგრესიით რა თქმა უნდა გააკეთა რაღაცები, რაც მსოფლიო წესრიგს საფრთხეს უქმნის მაგრამ თუ ამოაყირავა? იმედია, რომ ჯერ არა.

მაგრამ რას მიაღწია მან საქართველოსთან მიმართებით? სადაა ახლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები?

მან შეაკავა საქართველო ნატოს გარეთ და ახლაც ის, რომ ქვეყანაში არის ხალხი, რომელიც პრორუსულ სენტიმენტებს გამოხატავს, არის რუსეთის შესაძლებლობების ტრიუმფი, გავლენა მოახდინოს მეზობელ ქვეყნებზე. მაგრამ გატეხეს თუ არა ქვეყნის სული, აქციეს თუ არა ის თავის კოლონიად, სატელიტად? არა, ეს ვერ მოახერხეს.

ქართველები და რუსები მეგობრობდნენ საბჭოთა კავშირის დროს, თუმცა ახლა ქართველებსაც და უკრაინელებსაც აქვთ აშკარა შეგრძნება, გაგება რუსული რეჟიმისა და მისი პოტენციალისა.

თუმცა ვხედავთ პრორუსული ძალების გააქტიურებას საქართველოში და უკრაინის საპარლამენტო არჩევნებშიც პრორუსული პარტიის არც ისე მცირე წარმატებას...

არა მხოლოდ დასავლეთი, ამ ქვეყნების მოსახლეობაც ხშირად იღლება კონფლიქტით, დაძაბულობით და ეძებს საკუთარ თავზე ამ წნეხის მოშვების შესაძლებლობას. ზოგჯერ ღირსების ფასადაც კი. მაგრამ როცა ვამბობთ, რომ ქართველ ხალხს ესმის, რა არის რუსული რეჟიმი, ვგულისხმობთ ხალხს მთლიანობაში და ეს არ ნიშნავს, რომ არ არიან ისეთები, რომლებიც კომპრომისს ეძებენ.

მაგრამ არის ახლო მომავალში ამუკეთესი რუსეთისიმედი? რუსეთის, რომელსაც აღარ შეუძლია“ ან „აღარ უნდა“ ამ ყველაფრის გაგრძელება? ერთი მხრივ, როგორც საპატიმროდან გათავისუფლებულმა ოლეგ სენცოვმა თქვა, რუსეთში ძალაუფლების ცვლილება გარდაუვალია, დრაკონებიც კი კვდებიან. მეორე მხრივ კი, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის პოზიციები სულაც არაა ნაკლებ იმპერიალისტური.

ძნელია იმის თქმა, რა არის გარდაუვალი და რა - არა, შეგვიძლია დავინახოთ ტენდენციები და როგორ შეიძლება ისინი განვითარდეს. რა თქმა უნდა, რუსული საზოგადოებაც ასევე იცვლება. რუსეთი არაა საბჭოთა კავშირი. მას აქვს დიდი საშუალო კლასი. ქვეყანა მსოფლიოსთვის უფრო გახსნილია, ვიდრე რამდენიმე ათწლეულის წინ და ძალები, რომელიც ამოძრავებს თანამედროვე განათლებულ საზოგადოებებს დემოკრატიული პრაქტიკისკენ, ასევე მოქმედებს რუსეთზეც.

ჩვენ არც ზედმეტად და არც საჭიროზე ნაკლებად ოპტიმისტურები უნდა ვიყოთ რუსეთში ცვლილებების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ეს ბევრი გარემოების სწორ განლაგებაზე, მათ თანხვედრაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ასევე, პოსტ-საბჭოთა პერიოდის შესახებ სიმართლის ცოდნაზეც. ხალხმა არ იცის და უნდა იცოდეს მწარე სიმართლე მაგალითად 90-იანების ბოლოს საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შესახებ, იმის თაობაზე, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი პუტინის ძალაუფლებაში მოსვლაზე, იგივე ბესლანზე, ნორდოსტზე, მალაიზიის ავიახაზების ჩამოგდებაზე, მოწინავე ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ფიგურების მკვლელობაზე. ესაა საიდუმლოებები და ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე იმის შესახებ, როგორი ხელისუფლება ჰყავს მას.

ვფიქრობ, საკმარისი კარგი რამაა რუს ხალხში და რუსეთში და როდესაც ხალხი დაუპირისპირდება სიმართლეს, ისინი შეძლებენ რომ იმოქმედონ ამის შესახებ. ბოლოსდაბოლოს ჩვენ სწორედ ეს ვნახეთ ე.წ. „პერესტროიკისას“. სტალინის დანაშაულების გამოვლენას უდიდესი ეფექტი ჰქონდა დემოკრატიზაციის პროცესზე და კომუნისტური რეჟიმისგან გათავისუფლების სურვილზე. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ შეიძლება მსგავსი რამ განმეორდეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG