ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: დემონსტრაციები კრიზისს არ ნიშნავს


გამოსვლები მოსკოვში, 10 აგვისტო

რუსეთის მთავრობა დღეს მასობრივი საპროტესტო აქციების მნიშვნელობის გაუფასურებას შეეცადა. კრემლი უარყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მომწიფდა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვლადიმირ პუტინი მიმდინარე დემონსტრაციებზე კომენტარს არ აპირებს, რადგან ამას განსაკუთრებულ მოვლენად არ მიიჩნევს. პესკოვმა პოლიციის მიერ განხორციელებული დარბევები დაიცვა და განაცხადა, რომ მათი მტკიცე ქმედება აუცილებლობით იყო განპირობებული.

მოსკოვში საპროტესტო აქციები გასულ უქმეებზეც გაგრძელდა. კვირას, რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ისინი მომავალი ადგილობრივი არჩევნებიდან ოპოზიციის კანდიდატების ჩამოცილებას აპროტესტებდნენ. ეს ერთ-ერთი უდიდესი დემონსტრაცია იყო რუსეთის ბოლო 8 წლის ისტორიაში. პოლიციამ ბოლო ერთი თვის მანძილზე რამდენიმე ათასი აქციის მონაწილე დააკავა.

მთავრობა აცხადებს, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი რეგისტრაციისთვის, ამომრჩეველთა ხელმოწერების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვეს. კრემლის ამ ნაბიჯს ოპოზიცია არასასურველი კანდიდატების მოცილების მცდელობად და 2021 წლის ეროვნული საპარლამენტო არჩევნების პრელუდიად განიხილავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG