ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი მზადაა კოვიდ-19-ის გამოძიების საერთაშორისო კომისია მიიღოს


ვუჰანის ბაზარი ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში
ვუჰანის ბაზარი ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ ჩინეთი მზადაა მიიღოს ჯანმოს ექსპერტების საერთაშორისო გუნდი. ისინი კოვიდ-19-ის დასაწყისს და ახალი კორონავირუსის გამო, 2020 წლის მარტში გამოცხადებული პანდემიის მიზეზებს შეისწავლიან.

მანილაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებს აცნობეს, რომ ორგანიზაცია ჩინეთს უკვე ეკონტაქტება და ისინი განიხილავენ იმ ადგილებს, რომელთა მონახულებაც ჯანმოს ექსპერტ-გამომძიებლებს აინტერესებთ. განცხადება პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული საგანგებო ვითარებების დირექტორმა, ექიმმა ბაბატუნდე ოლოუოკორმა გააკეთა.

მანამდე, ჯანმომ ოთხშაბათსაც თქვა, რომ ჩინეთში თავისი ექსპერტების გუნდს იანვრის პირველ კვირაში გააგზავნის და რომ ისინი პანდემიის გლობალურად გავრცელების მიზეზების შესწავლას გეგმავენ. კოვიდ-19-მა 1.6 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დადასტურებულად, ინფიცირებულთა რიცხვი კი 74.2 მილიონს აჭარბებს.

კვირის დასაწყისში, გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, გერმანელმა ბიოლოგმა ფაბიან ლინდერცმა მედიასთან გაამჟღავნა, რომ ის ჯანმოს გუნდის წევრია და ჩინეთში მიემგზავრება. ლინდერცის თქმით, ვიზიტი, სავარაუდოდ, ვუჰანიდან დაიწყება, სადაც კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზი ჯერ დაუდგენელია, თუმცა ექსპერტების ნაწილი იხრება იქით, რომ ვირუსი ღამურებისგან გავრცელდა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ჩინეთი აქამდე საერთაშორისო ჯგუფის ქვეყანაში დაშვების წინააღმდეგი იყო. პეკინი აცხადებდა, რომ ეს ნაბიჯი ანტიჩინურ განწყობებს უწყობს ხელს, თუმცა, მოგვიანებით გამოძიებას დათანხმდა. ჩინეთის სახელმწიფო მედია იმასაც კი აცხადებს, რომ ვუჰანში გამოჩენამდე, ვირუსი უცხოეთში, კერძოდ ევროპაში არსებობდა და ის ვუჰანში იმპორტირებულ გაყინულ საკვებ პროდუქტს ჩამოყვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG