ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა უნდა ვიცოდეთ ახალი კორონავირუსის ჯი-მუტაციაზე (D614G)


სარს-კოვ-2-ით (ყვითელი) ინფიცირებული პაციენტის იზოლირებული უჯრედი (წითელი). ფოტო: აშშ-ის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტი NIAID.
სარს-კოვ-2-ით (ყვითელი) ინფიცირებული პაციენტის იზოლირებული უჯრედი (წითელი). ფოტო: აშშ-ის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტი NIAID.

კარგი ამბით დავიწყოთ: კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსის მუტაცია სახელად დი-614-ჯი (D614G), დღევანდელი მოცემულობით, არ ხდის ადამიანებს კიდევ უფრო ავად, ან უფრო მეტად არ ამძიმებს ინფიცირებულებს. ამ ეტაპზე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის უფრო დამაზიანებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, ვიდრე სხვა მუტაციები, რომელიც იწვევს დაავადებას კოვიდ-19.

აღნიშნული მუტაცია სიახლეს არ წარმოადგენს. ის ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ახალ კორონავირუსზე გამოქვეყნებულ კვლევებში არაერთხელ აღწერეს. აღნიშნულ მუტაციაზე ერთ-ერთი პირველი კვლევა 29 აპრილით არის დათარიღებული და მისი ავტორები ბეტ კორბერის მეთაურობით, ნიუ-მექსიკოს ლოს-ალამოს ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერები არიან. „ამერიკის ხმა“ ამ მუტაციაზე 8 მაისს წერდა.

თუმცა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სულ უფრო მეტი მეცნიერი ფიქრობს, რომ შეიძლება სწორედ ეს მუტაცია იყოს პასუხისმგებელი სარს-კოვ-2-ის შედარებით დომინანტურ ვერსიაზე. დი-614-ჯი, ან უბრალოდ ჯი-მუტაცია (G) რამდენადმე განსხვავდება ვუჰანში პირველადი აფეთქების დროს გავრცელებული ვირუსის ორიგინალისგან.

პრობლემა იმაშია, რომ მეცნიერების აზრით, დღევანდელი მოცემულობით, ის უფრო გადამდები ჩანს, ვიდრე სარს-კოვ-2-ის სხვა მუტაციები. თუმცა, მეორეს მხრივ, ის, რომ დი-614-ჯი უფრო გადამდებია, ესეც ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიული ექსპერიმენტების საფუძველზეა ცნობილი.

ამ საკითხზე მეცნიერები ჯერ კიდევ კამათობენ. ნაწილი ფიქრობს, რომ ევროპაში ვირუსი შემთხვევითი აფეთქებებით გამრავლდა. მეორე ჯგუფი არ გამორიცხავს, რომ ეს მუტაციის ბრალი იყოს. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ამ ვირუსზე და მის მუტაციებზე სამეცნიერო კონსენსუსი არ არსებობს და არაფერი გადაჭრით ცნობილი არ არის. შესაბამისად, არც პანიკის და არც დამშვიდების საფუძველს ეს მონაცემები არ იძლევა.

საინტერესოა მუტაციის დი-614-ჯი გეოგრაფია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის მსოფლიოს ბევრ ნაწილში დომინირებს, იქ სადაც პანდემიის აფეთქება განსაკუთრებით ძლიერი იყო. კერძოდ - ევროპაში და ამერიკის შეერთებული შტატების უმეტეს ნაწილში.

მუტაციას ყველა ვირუსი განიცდის, ეს ჩვეულებრივი ამბავია და გამონაკლისს არც სარს-კოვ-2 წარმოადგენს - ვირუსი, რომელმაც მილიონობით ადამიანი კოვიდ-19-ით დააავადა და რომლის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. ჯი-მუტაცია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ერთი შედარებით ახალი კვლევის გამო მოხვდა, რომელიც ჯერ სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა.

ფლორიდაში მდებარე სკრიფსის კვლევითი ცენტრის მეცნიერთა ნაშრომი, 12 ივნისს მათივე ვებგვერდზე დაიდო. ის იმეორებს და ამყარებს ნიუ-მექსიკოს მეცნიერების კვლევების შედეგებს დი-614-ჯი მუტაციაზე. სკრიფსის მკვლევარები ადასტურებენ, რომ აღნიშნულ მუტაციაში ვირუსის ბიოლოგიური ფუნქცია რამდენადმე შეცვლილია.

ჯი-მუტაციის შემთხვევაში, ვირუსის ე.წ. სპაიკ-ცილები, რომლებიც გრაფიკულ გამოსახულებაზე საცეცებს ჰგავს, დაახლოებით, 5-ჯერ მეტი აქტივობით გამოირჩევა. როგორც ცნობილია, სწორედ მათი საშუალებით ეჭიდება ვირუსი უჯრედებს და აინფიცირებს მათ. შესაბამისად, რაც უფრო მეტად აქტიურია ეს სპაიკ-ცილები, მით უფრო დიდი უნარი აქვს ვირუსს ორგანიზმში შეღწევის. კვლევის წამყვანი ავტორები თვლიან, რომ ვირუსის ჯი-მუტაციას გადადების და გავრცელების 10-ჯერ მეტი შანსი აქვს, ვიდრე სხვებს.

პანდემიის დაწყებიდან, მეცნიერებმა შეისწავლეს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან აღებული ათასობით გენომის სიკვენსი (დნმ-ის შემადგენელი ერთეულების თანმიმდევრობა). ამ უნიკალურ პროექტში ლუგარის ლაბორატორიის სახით, საქართველო და ქართველი მეცნიერებიც მონაწილეობენ. ინფორმაცია ღია და განახლებად საერთაშორისო ინტერნეტ-ბაზაში იყრის თავს, რომელიც ვირუსების ევოლუციაზე და გავრცელების ტენდენციებზე დასაკვირვებლად, მეცნიერებისთვის ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენს.

სიფრთხილე დიდხანს მოგვიწევს, შეიძლება წლებიც კი…
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:29 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG