ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის საქმე - როგორ, რატომ და ვინ მოწამლა ოპოზიციონერი საბჭოთა აგენტით


2020 წლის 20 აგვისტოს, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა, შემდეგ გონება დაკარგა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ნავალნის გარემოცვა ცდილობდა, რომ პუტინის მწვავე კრიტიკოსი და არაერთი კორფუციული გეგმის გამომძიებელი პოლიტიკოსი რუსეთიდან წაეყვანა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად მკურნალობა სხვაგან გაეგრძელებინათ. ქალაქ ტომსკიდან ნავალნის გერმანიაში გადაყვანა ორი დღის შემდეგ მოახერხეს.

„რუსეთში, არსებობს სახელმწიფოს მიერ შექმნილი, მოწამვლით ადამიანების მკვლელობის პროგრამა.... მათი ერთადერთი საქმეა მოწამლონ ხალხი“

კომაში მყოფი ოპოზციონერი ექიმებმა გადაარჩინეს და ისიც დაადგინეს, რომ ნავალნი საბჭოთა ნერვული აგენტით, „ნოვიჩიკით“ იყო მოწამლული. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ევროპის რამდენიმე სხვა ლაბორატორიამაც დაადასტურა. ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამვლასა და თავისი მკვლელობის მცდელობაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, სდებდა ბრალს. ნავალნის თქმით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) გამოყენებით, პუტინმა მისი მოკვლა სცადა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნავალნის ბრალდებები "ეფესბესა" და პუტინთან დაკავშირებით, მხოლოდ მის თეორიულ მოსაზრებებად რჩებოდა, სანამ ბრიტანეთში არსებულმა საგამოძიებო მედია-ორგანიზაცია „ბელიგქეთმა“ ახალი გამოძიება არ გამოქვეყნა. ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ნავალნი, ნამდვილად „ეფესბეს“ აგენტებმა მოწამლეს და მისი მკვლელობის მცდელობა პირველი შემთხვევა არ იყო.

რას მიაგნო „ბელინგქეთმა“?

ჟურნალისტებმა, რომლებიც ფიზიკურად რუსეთში არ იყვნენ, თუმცა წვდომა ჰქონდათ სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებთან და ასევე, იცოდნენ, რომ „ეფესბეს“ აგენტები შავ ბაზარზე ინფორმაციით ვაჭრობენ, გადაწყვიტეს, რომ სწორედ ამ გზით დაეწყოთ გამოძიება.

ნავალნის მოწამვლის გამოძიებას წინ უსწებდა „ბელინგქეთის“ კიდევ ერთი ანგარიში, სადაც მათ გაარკვიეს, რომ რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, განაახლა ქიმიური იარაღის წარმოების პროგრამა და ის სახელწმიფო ინსტიტუტებს ფარულად დაუქვემდებარა. ზოგიერთი, თითქოს რიგითი, სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლები, სინამდვილეში სამხედრო პირები და ის ქიმიკოსები არიან, ვინც საბჭოთა კავშირის დროს მუშაობდნენ ქიმიურ იარაღზე.

„ისინი დღემდე აგრძელებენ ნოვიჩოკის შემუშავებას, ასევე იკვლევენ და აუმჯობესებენ, როგორც ნოვიჩოკს, ისე სხვა მსგავს საწამლავებს“, ამბობს კრისტო გროზევი, „ბელინგქეთის“ ერთ-ერთი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც აკრძალული ქიმიური იარაღის ლაბორატორიების თემასა და ნავალნის მოწამვლის გამოძიებაზე მუშაობდა.

გროზევმა და მისმა კოლეგებმა სწორედ ამ ლაბორატირებში მომუშავე ადამიანების გადაადგილებისა და საქმიანობის შესწავლით დაიწყეს გამოძიება. აღმოჩნდა, რომ „ეფესბეს“ თანამშრომლებს მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ ქიმიკოსებთან, რომლებიც ქიმიურ იარაღზე მუშაობენ. გარდა ამისა, „ეფესბეს“ აგენტები, 2017 წლიდან მოყოლებული, მუდმივად დაჰყვებოდნენ ნავალნის და იმავე მიმართულებით დაფრინავდნენ ქვეყნის შიგნით, რა მიმართულებითაც ნავალნი მოგზაურობდა.

"რა თქმა უნდა, ასეთი მასშტაბის და ხანგრძლივობის ოპერაცია ვერ დაიგეგმებოდა ვერავის მხრიდან, გარდა „ეფესბეს“ ხელმძღვანელის, ბორტნიკოვისა. ის კი ვერასდროს გაბედავდა ეს გაეკეთებინა პუტინის ბრძანების გარეშე“

„ბელინგქეთმა“ გაშიფრა ამ აგენტების სახელები და გვარები და სცადა მობილურების მეშვეობით, მათი გადაადგილება და ადგილსამყოფელი დაედგინა. ერთ-ერთმა აგენტმა შეცდომა დაუშვა და საკუთარი ტელეფონი სულ რამდენიმე წამით ჩართო, რამაც საშუალება მისცა გამოძიებელ ჟურლაისტებს გაეგოთ, რომ ნავალნის მოწამვლის დროს, „ეფესბეს“ აგენეტები იმავე ქალაქში იყვნენ, სადაც ოპოზიციონერი.

გარდა იმისა, რომ „ბელინგქეთმა“ დაადასტურა, რომ ნავალნი, ნამდვილად „ეფესბეს“ აგენტებმა მოწამლეს, გამოაშკარავდა კიდევ უფრო მასშტაბური ამბავი, რომელიც აქამდე დადასტურებული არ იყო. აღმოჩნდა, რომ „ეფესბეში“ არსებობს ქვედანაყოფი, რომელსაც ოფიციალურად ტერორიზმთან ბრძოლა ევალება, თუმცა ამ დანაყოფში შედიან ექიმები, სამხედროები და პირები, რომლებიც ადამიანის მოწამვლასა და მკვლელობაში არიან გაწაფულები. „ეფესბეს“ აქვს ქვეყადანყოფი, რომელიც მუშაობს ადამიანების მოწამვლაზე.

„რუსეთში, არსებობს სახელმწიფოს მიერ შექმნილი, მოწამვლით ადამიანების მკვლელობის პროგრამა.... მათი ერთადერთი საქმეა მოწამლონ ხალხი“, ამბობს გამომძიებელი ჟურნალისტი, კრისტო გროზევი.

"იუთუბის" საკუთარ არხზე, ამ გამოძიების შესახებ გადაღებულ ვიდეო მიმართვაში ნავალნი ამბობს, რომ შეუძლებელია „ეფესბეს“ აგენტებს ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანების გარეშე ემოექმედათ და ასეთი მასშტაბური, მრავალწლიანი ოპერაცია დაეგეგმათ.

„საქმე გვაქვს სახელმწიფო ოპერაციასთან. ესენი არ არიან „ეფესბეს“ აგენტები, რომლებიც რომელიმე ოლიგარქის დაკვეთით მუშაობენ, იმიტომ, რომ მე ისინი ჩემი გამოძიებით გავაღიზიანე. ეს არის „ეფესბეს“ მთელი დეპარტამენტი, რომელსაც გენერლები ხელმძღვანელობენ და სამ წელიწად-ნახევარი ატარებენ ოპერაციას, რომლის მსვლელობის დროსაც რამდენჯერმე სცადეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მკვლელობა, საიდუმლო ქიმიური იარაღის გამოყენებით. რა თქმა უნდა, ასეთი მასშტაბის და ხანგრძლივობის ოპერაცია ვერ დაიგეგმებოდა ვერავის მხრიდან, გარდა „ეფესბეს“ ხელმძღვანელის, ბორტნიკოვისა. ის კი ვერასდროს გაბედავდა ეს გაეკეთებინა პუტინის ბრძანების გარეშე“, ამბობს ნავალნი.

„ატლანტიკური საბჭოს“, ევრაზიის პროგრამების მკლვევარი, რომელიც მოსკოვში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა, ახლა კი რეგიონს იკვლევს და სადაზვერვო და სხვა საკითხების მიმართულებით, ამბობს, რომ სიახლე არაფერია იმაში, რომ რუსეთის მთავრობა მკვლელობებს უკვეთავს.

„არაფერია ახალი ამაში. რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში კლავდა საკუთარ მოქალაქეებს. ადრე ამას „ხალხის მტრების ლიკვიდაცია“ ერქვა. მეორე მსოფლიო ომის დროს ისინი ტროცკის მოკვლით უფრო იყვნენ დაინტერესებული, ვიდრე იმის გარკვევით, რა მიზნები ჰქონდა ჰიტლერს“, ამბობს ჯონ სიპერი.

მისივე თქმით, თანამედროვე რუსული „ეფესბე“ საბჭოთა სუკის (კაგებეს) მემკვიდრეა და მათი მეთოდები არაფრით განსხვავდება. „1950-იან წლებში, გამოიცა, არაჩვეულებრივი, წიგნი, „კაცი საწამლავის იარაღით“, სადაც აღწერილია როგორ მოკლეს სტეფან ბანდერა, უკრაინელი ნაციონალისტი, სუკის აგენტებმა საწამლავის იარაღით. წლების განმავლობაში ხალხს ეგონა, რომ ბანდერა გულის შეტევით გარდაიცვალა, სანამ აგენტი სიმართლეს არ მოჰყვა. ასე რომ, თუ შევცვლით ამ წიგნში გვარ ბანდერას და ჩავსვამთ სკრიპალს, ვნახავთ, რომ არ არსებობს განსხვავება იმას შორის, რასაც სუკი აკეთებდა 50-იან წლებში და რასაც ახლა აკეთებს „ეფესბე“ 2000-იანებში“, ამბობს მკვლევარი ვაშინგტონიდან.

რა საფრთხეს წარმოადგენს ნავალნი პუტინისთვის?

თავად ნავალნი ამბობს, რომ „ბელინგქეთის“ გამოძიების მიხედვით,

„არაფერია ახალი ამაში. რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში კლავდა საკუთარ მოქალაქეებს."

მისი თვალთვალი, მასთან ერთად ფრენა და რამდენჯერმე მკვლელობის მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა.

მართალია, ზუსტად არავინ იცის, რატომ შეუკვეთეს ნავალნის მკვლელობა, თუმცა ექსპერტებს ვაშინგტონსა და ევროპაში, რამდენიმე მოსაზრება აქვთ. ექპსერტების ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ნალავნის პოლიტიკური აქტივობა და ამბიციები შემაწუხებელი და საშიშია პუტინისთვის. თუმცა, „ნიუ-იორკერის“ მოსკოვის კორესპონდენტი, ჯოშუა იაფა, რომელიც ადგილიდან აკვირდება სიტუაციას ფიქრობს, რომ პუტინმა გადაჭარბებულად შეაფასა ნავალნის, როგორც პოლიტიკოსის საფრთხე. სინამდვილეში, პუტინს იმის გამო, რომ თავად სუკ-ში მუშაობდა, ყველგან შეთქმულების თეორია ეჩვენება.

იაფას ეთანხმება რუსი ჟურნალისტი ირინა ბოროგანიც, რომელიც თვლის, რომ პუტინი ნავალნის დასავლური კონსპირაციის ნაწილად, შესაბამისად, პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამს.

„ნიუ-იორკერის“ ჟურნალისტი თვლის, რომ სინამდვილეში ნავალნი პუტინისთვის და სისტემისთვის საფრთხეს წარმოადგენს, როგორც გამომძიებელი და როგორც ადამიანი, რომელმაც სისტემის მიერ კონტროლირებად საინფორმაციო მედიუმში იპოვა ადგილი სიმართლის სათქმელად.

ნავალნის "იუთუბ" არხს, 4,63 მილიონი გამომწერი ჰყავს. ერთი კვირის წინ დადებულ ვიდეოს, რომელიც „ბელინგქეთის“ გამოძიებას ეხებოდა 19 მილიონი ნახვა აქვს, ხოლო მეორე ვიდეოს, სადაც ნავალნი „ეფესბეს“ ერთ-ერთ აგენტს ურეკავს და მის აღიარებას იღებს „ნოვიჩოკით“ მოწამვლაზე, 14 მილიონი ნახვა. ვიდეო მხოლოდ, ერთი დღის წინ დაიდო. მის არხზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო კი დმიტრი მედვედევის კორუფციული სქემების შესახებ გამოძიებაა, რომელსაც 37 მილიონი ნახვა აქვს. ეს რიცხვები აჩვენებს, რომ ნავალნის არხი, მართლაც, ძალიან პოპულარულია.

„ტრადიციული, კონტროლირებადი ინსტრუმენტი, როგორიცაა სახელმწიფოს მიერ მართული ტელევიზია, რომელზე უფლებამოსილებაც კრემლმა პუტინის პრეზიდენტობის ძალიან ადრეულ ეტაპზე მოიპოვა, კარგავს თავის ქმედითუნარიანობას და ახალი ინსტურმენტები, რომელთა ეფექტური კონტროლიც, ჯერ კრემლმა კარგად არ იცის და ჩინეთივით ჯერ არ ბლოკავს ინტერენტს, ან იუთუბს, აძლევს ნავალნის იმის შესაძლებლობას, რომ გაავრცელოს თავისი მესიჯები“, ამბობს იაფა.

როგორ და რატომ მოწამლეს ნავალნი „ნოვიჩოკით“?

ბოლოს, როდესაც საერთაშორისო პრესაში სიტყვა „ნოვიჩოკი“ გაჟღერდა 2018 წელი იყო. სწორედ 2018 წლის 4 მარტს მოწამლეს სკრიპალები „ნოვიჩოკით“ და მაშინვე, ეჭვი პუტინის რეჟიმზე მიიტანეს. ამიტომ გაჩნდა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რატომ სცადეს ნავალნის მოწამვლა „ნოვიჩოკით“, საბჭოთა ნერვული აგენტით, რომელიც ეჭვმიტანილად, ავტომატურად პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას აქცევდა.

თავად ნავალნი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ოპერაცია წარმატებული იქნებოდა და მას მოკლავდნენ, მაშინ „ნოვიჩოკის“ აღმოჩენა შეუძლებელი იქნებოდა, ის უბრალოდ ორგანიზმიდან გაქრებოდა და ეს ყველაფერი გულის შეტევას, ან სხვა დაავადებას დაბრალდებოდა.

ამ აზრს ეთანხმება ჯონ სიპერიც. მისი აზრით, იმ აუდიო ჩანაწერიდან, რომელიც ნავალნისა და „ეფესბეს“ ერთ-ერთ აგენტს შორის შედგა, ნათელი ხდება, რომ „ეფესბეს“არ სურდა ეს ოპერაცია გახმაურებულიყო და მოსახლეობისთვის გაეგზავნა მესიჯი, რომ ყველა, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ წავა ნავალნის მსგავსად დაისჯება. პირიქით, ეს უნდა ყოფილიყო ბუნებრივი სიკვდილის დადგომის მსგავსი სცენარი. გარდა ამისა, სიპერი თვლის, რომ „ნოვიჩოკი“ კარგი გზა იქნებოდა იმისთვის, რომ ოფიცილაურ ვერსიად გულის შეტევა დაეფიქსირებინათ.

ექსპერტისთვის ისიც ნათელია, რომ ამ სატელეფონო ზარმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ნავალნის მკველობის უკან, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დგას.

რაც შეეხება იმას, კონკრეტულად როგორ მოწამლეს ნავალნი. კრისტო გროზევი ყვება, რომ „ეფესბეს“ აგენტებს კარგად ჰყავდათ ნავალნი შესწავლილი და იცოდნენ, როდის მიდიოდა ის საცურაოდ. სწორედ ამ დროს გათიშეს მათ კამერები სასტუმროში, შევიდნენ ნავალნის ოთახში და მისი საცვლები საწამლავით დაამუშავეს. გამომძიებელი ჟურნალისტი ამბობს, რომ ასე, აგენტებმა თავიდან აიცილეს ყველანაირი შანსი იმისა, რომ სკრიპალების საქმის მსგავსად რაიმე ტიპის ვიდეო მტკიცებულება მაინც დარჩენილიყო.

დასავლეთის პასუხი

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს. ეს აგვისტოში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე იყო პასუხი. ინიციატორები საფრანგეთი და გერმანია იყვნენ.

ჯონ სიპერი თვლის, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთს პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ საერთაშორისო დანაშაულებისთვის, რომელსაც ქვეყანა წლების განმავლობაში ჩადის. მისი აზრით, „დასავლეთმა უნდა გადახედოს იმას, რომ რუსეთს იწვევენ ყველა საერთაშორისო, მაღალი დონის შეხვედრაზე და რუსებს აქვთ წვდომა დასავლურ საბანკო სისტემებთან“.

ნავალნი ახლა გერმანიაშია, რეაბლიტაციის პროცესს გადის და როგორც ამბობს, რუსეთში დაბრუნებას აპირებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

ტვიტერი

XS
SM
MD
LG