ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვლევა: აშშ-ში კოვიდ-19 2019 წლის დეკემბერში უკვე ვრცელდებოდა


კორონავირუსი ამერიკაში იმაზე რამდენიმე კვირით ადრეც იყო, ვიდრე მეცნიერები და ჯანდაცვის სპეციალისტები ფიქრობდნენ - მაშინაც კი, სანამ ჩინეთში ინფიცირების შემთხვევების თაობაზე საჯაროდ გახდებოდა ცნობილი. ამის შესახებ საუბარია ახალ, სამთავრობო კვლევაში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა.

ვირუსი და დაავადება, რომელსაც ის იწვევს - კოვიდ 19, პირველად ვუჰანის პროვინციაში, ჩინეთში, 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, თუმცა ჩინეთიდან დაბრუნებულ მგზავრს კოვიდ 19 ამერიკაში ოფიციალურად მხოლოდ 19 იანვარს დაუდასტურდა.

ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალში "კლინიკური ინფექციური დაავადებები" გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ვირუსი სარს-კოვ-2 ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანთა ინფიცირებას კიდევ უფრო ადრე იწვევდა.

"სარს-კოვ-2-ით ინფიცირება შესაძლოა ამერიკაში 2019 წლის დეკემბერში უკვე ყოფილიყო - იმაზე ადრე, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი", - წერენ კვლევის ავტორები.

ეს დასკვნა კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას მატებს იმ მოსაზრებას, რომ ვირუსი მსოფლიოში მანამდეც ვრცელდებოდა, სანამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები და მოსახლეობა ამას შეიტყობდნენ. ამერიკაში კი ვირუსის გავრცელება იანვარში იდენტიფიცირებული პირველი პაციენტით არ დაწყებულა.

მკვლევრები ამ დასკვნამდე სისხლის იმ სინჯების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით მივიდნენ, რომლებიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა შეამოწმა. "ამერიკის წითელმა ჯვარმა" უწყებას ამერიკის 9 შტატში შეგროვებული, 7 389 მოქალაქის სისხლის სინჯი გადასცა. მათგან 106-ს კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ის სინჯები იკვლია, რომლებიც 13 დეკემბრიდან 17 იანვრამდე იყო შეგროვებული. ამ სინჯებში ანტისხეულების არსებობა ნიშნავს, რომ ისინი კორონავირუსით დაინფიცირდნენ, თუმცა მათი იმუნური სისტემა საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა ვირუსთან საბრძოლველად.

მეცნიერებმა ანტისხეულები აღმოაჩინეს კალიფორნიიდან, ორეგონიდან და ვაშინგტონის შტატიდან მიღებულ სისხლის სინჯებშიც, რომლებიც დაახლოებით 13-16 დეკემბრის პერიოდში იყო აღებული. კონექტიკუტის, აიოვის, მასაჩუსეტსის, მიჩიგანის, როდ-აილენდისა და უისკონსინის შტატებში კი, როგორც ჩანს, ვირუსი იანვრის დასაწყისშივე ვრცელდებოდა, მანამ, სანამ ამ შტატებში პანდემია სერიოზულ მასშტაბებს მიიღებდა. თუმცა ამ მონაცემების მიუხედავად, ფართომასშტაბიანი, ე.წ. შიდა გადადება ამერიკაში სავარაუდოდ თებერვლის ბოლომდე არ ხდებოდა.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ეს ცნობები ჯანდაცვის სპეციალისტებს პანდემიის უკეთ შესწავლაში დაეხმარება. ასევე იმის უკეთ დაგეგმვაში, თუ როგორ გამოვლინდეს შემთხვევები უკეთ და როგორ მოხდეს ვირუსით მძიმედ დაავადებისა და გარდაცვალების პრევენცია.

მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული 63 384 168 შემთხვევაა. მათგან ყველაზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში - 13 546 787. მსოფლიოში ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 1 470 971 ადამიანი. თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა მსოფლიოში ბევრად მეტია, ვიდრე ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევები.

ვირუსი შეერთებული შტატების შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტადაა გავრცელებული ინდოეთში (9 462 809), ბრაზილიაში (6 335 878), რუსეთში (2 302 062), საფრანგეთში (2 275 016), ესპანეთში (1 648 187), დიდ ბრიტანეთში (1 633 734) და იტალიაში (1 601 554).

ამერიკის ბევრ შტატში, ისევე როგორც ევროპის არაერთ სახელმწიფოში, შემოდგომაზე ვირუსის გავრცელება გააქტიურდა, ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ, ადგილობრივი მთავრობები კი შემზღუდავ ზომებს ამკაცრებენ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG