ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზამთარი ევროპაში და რუსული გაზი


უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად წარმოქმნილმა ენერგო კრიზისმა ევროპას ცხადად დაანახა, რომ ენერგორესურსებს კრემლი წლებია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ზეწოლის ბერკეტად იყენებს. თუმცა, ისევე როგორც უკრაინაში ფრონტზე, რუსეთს ამ ენერგო ომშიც გამოწვევები აქვს. დასავლეთში დღეს აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, თუ როგორ შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთის ხელმეორე შეჭრამდე ეს საკითხები მხოლოდ თეორიულად განიხილებოდა.

ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულების შეცვლა მოკლე ვადაში რთულია. ამის გამო, კრემლის მუქარანარევი განცხადებების ფონზე, ევროპის დედაქალაქებში ცივ ზამთარს ელიან.

“გადარჩება თუ არა ევროპა გაზის იმ მარაგით, რომელიც დღეს აქვს? პასუხი ძალიან მარტივია - გარანტიას ვერავინ მოგცემთ“ - ეს განცხადება მოსკოვში 18 ოქტომბერს ალექსეი მილერმა გააკეთა, რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა. მისი თქმით, შესაძლოა ამ ზამთარს „ევროპული ქალაქები... გაიყინოს“. სწორედ ამ გზავნილს იმეორებს ზოგიერთი რუსული პროპაგანდისტული ვიდეო, სადაც “ევროპის გაყინვის” შესახებ მღერიან კიდეც. მიუხედავად რუსული მუქარისა, პროგნოზები არცთუ ისე პესიმისტურია.

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსულ გაზზე დამოკიდებული ევროპული ქვეყნები მართლაც რთულ მდგომარეობაში არიან, თუმცა ევროპას გაყინვა არ ემუქრება.

გასული წლის განმავლობაში ევროკავშირში 155 მილიარდი კუბური მეტრის გაზი რუსეთიდან შევიდა, რაც იმპორტირებული გაზის დაახლოებით 45%-ს შეადგენდა. წელს ეს მაჩვენებელი შემცირებულია. რუსულ გაზზე დამოკიდებულება ქვეყნიდან ქვეყნამდე განსხვავდება - ზოგი მასზე მეტად არის დამოკიდებული და ზოგი ნაკლებად. კონტინენტის წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის ენერგო-მომარაგებაში რუსულ გაზს შედარებით დიდი წილი ჰქონდა.

გერმანიის პრობლემა

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ყველაზე დიდ დარტყმას სწორედ გერმანიის ეკონომიკა მიიღებს. 2021 წლის მონაცემებით გერმანიაში რუსეთიდან გაზის იმპორტის წილი 45% იყო, 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი 40%. “ნიუ-იორკ თაიმსის” ინფორმაციით, გერმანიაში საცხოვრებელი სახლების ნახევარზე მეტი ბუნებრივი აირით თბება. ამასთან, გაზი გერმანიის ბევრ სხვადასხვა მრეწველობაშიც გამოიყენება. გაზთან ერთად, 2021 წელს გერმანიის ნავთობის იმპორტის 35% რუსეთზე მოდიოდა. რუსეთის მიერ ევროპისთვის შემცირებული გაზის მიწოდების და მისი ბოლომდე გადაკეტვის მუქარის ფონზე, ბერლინი ენერგორესურსების დასაზოგად და ალტერნატივების მოსაძებნად აქტიურ ნაბიჯებს დგამს.

მდგომარეობას ის ართულებს, რომ ნავთობისგან განსხვავებით, გაზის ალტერნატიული გზის პოვნა უფრო რთულია - მილსადენებთან ერთად, ნავთობი საზღვაო და სარკინიგზო მეთოდებითაც შეიძლება გადაიზიდოს, ბუნებრივ აირს კი მილსადენი სჭირდება.

გაზის ახალი წყაროების მოძიებამდე, გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამთავრობო შენობები ამ ზამთარს მხოლოდ 19 გრადუსამდე გათბება. საერთოდ გამოირთვება გათბობა შენობის შესასვლელებსა და მოსაცდელებში. „ცვლილებები შეეხება ყველა შენობას, გარდა სამედიცინო დაწესებულებებისა“ - თქვა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.

ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით ღამით გამოირთვება გარე განათებების ნაწილი. მთავრობის გადაწყვეტილებას შესაძლოა მაღაზიების გარე განათებებიც დაემატოს.

მსგავსი სცენარის თავიდან ასაცილებლად, გერმანიას დასავლეთის არაერთი ლიდერი მოუწოდებდა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება შეემცირებინა, მათ შორის იყო ვაშინგტონიც. როგორც დონალდ ტრამპის, ასევე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციები რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელ ახალ მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ აშენებას ეწინააღმდეგებოდნენ. ამერიკამ მილსადენს სანქციებიც დაუწესა. თითქმის ბოლომდე მიყვანილი პროექტი საბოლოო ჯამში გერმანიამ შეაჩერა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ანგელა მერკელი, რომელიც გერმანიის კანცლერის თანამდებობას 16 წლის განმავლობაში იკავებდა და რუსული მილსადენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხარდამჭერი იყო, აცხადებს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სწორი იყო. „ცივი ომის დროსაც კი, რუსეთი იყო საიმედო მომწოდებელი. მე არასდროს მჯეროდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. საერთოდ არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებებს, უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ მაშინდელი გადასახედიდან ეს სწორი იყო“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ანგელა მერკელმა.

გაზი - შანტაჟის იარაღი

გერმანიასა და მაშინ საბჭოთა კავშირს შორის გაზის საკითხზე თანამშრომლობა ცივი ომის დროს დაიწყო. ბერლინის მიერ მოსკოვის გაზის ყიდვა, ნაწილობრივ, კეთილი ნების ჩვენება იყო. ეს დასავლეთ გერმანიის კანცლერის ვილი ბრანტის „ოსტპოლიტიკის“ ნაწილი იყო, რომლის მიზანიც დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას შორის ურთიერთობის ნორმალიზება იყო.

ბრანტის კანცლერობის პერიოდში ნატოს მოკავშირეები ბერლინის პოლიტიკით უკმაყოფილოები იყვნენ, თუმცა ბერლინი ბრიუსელს არწმუნებდა, რომ გაზის იმპორტი მისი საჭიროების 10 პროცენტიც კი არ იქნებოდა. წლების განმავლობაში, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გერმანიის პოლიტიკა შეიცვალა და დაახლოებით, 50 წელში გერმანიის მიერ მოხმარებული გაზის ნახევარი 2021 წლისთვის რუსულ გაზზე მოდიოდა.

დროსთან ერთად, რუსული გაზი არა მეგობრობის, არამედ მანიპულირების სიმბოლოდ იქცა. 2005 წელი ერთგვარი წყალგამყოფი იყო. ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ, როცა უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა და მოსკოვი და კიევი გაზის საფასურზე ვერ შეთანხმდნენ, მოსკოვმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუზღუდა. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ევროპისკენ მიმავალი რუსული გაზის ყველაზე მსხვილი სატრანზიტო ქვეყანა იყო, ამ შეფერხებამ ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდებაზეც იქონია გავლენა. მოგვიანებით, 2009 წლის ზამთარში რუსეთმა უკრაინის გავლით გაზსადენების მუშაობა ყველაზე დიდხანს 20 დღის განმავლობაში გააჩერა. უკრაინასთან ერთად ბევრი ევროპული ქვეყანა დარჩა გაზის გარეშე. სიცივის გამო პოლონეთში 11 ადამიანი დაიღუპა.

ამის შემდეგ ბერლინსა და მოსკოვს შორის ენერგო-თანამშრომლობა გაღრმავდა. 2011 წელს ამოქმედდა “ჩრდილოეთის ნაკადი 1” ხოლო 2021 წლის სექტემბერში, ამერიკული სანქციების მიუხედავად, გერმანიამ რუსეთთან ერთად შეძლო და დაასრულა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა. "ჩრდილოეთის ნაკად1"-ის მსგავსად "ჩრდილოეთის ნაკად2"-ს გერმანიაში გაზი უკრაინის გვერდის ავლით უნდა ჩაეტანა.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთი ახლა ცდილობს მილსადენს ახალი სიცოცხლე აჩუქოს და ბერლინს მისი ამოქმედება აიძულოს.

„ვთავაზობთ ევროპას „ჩრდილოეთ ნაკად 2-ით“ მივაწოდოთ ბუნებრივი აირი. ეს არის კომერციული პროექტი და არა პოლიტიკური, რომელშიც ჩართულია ევროპული და რუსული კომპანიები“ - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

პუტინმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ჩრდილოეთ ნაკადი 1-ზე“ აფეთქება მოხდა და მილსადენის ორი მილიდან გაზის მასიური გაჟონვა მოხდა. წყალქვეშ მომხდარი აფეთქების გამოძიება გრძელდება, თუმცა მოსკოვი უარყოფს, რომ მომხდარი რუსეთს უკავშირდება.

ცივი ზამთრის მოლოდინში

გერმანია დღეს გამოსავალს ეძებს. პარტნიორების დახმარებას ცდილობს შეერთებული შტატებიც, რომელიც ევროპის ზოგიერთ ქვეყანას გათხევადებულ ბუნებრივ აირს (LNG) აწვდის. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამერიკა წლის ბოლომდე გათხევადებული გაზის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანა გახდება მსოფლიოში.

გათხევადებული გაზი ევროპის ბევრი ქვეყნისთვის უკვე ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა არა გერმანიისთვის. ამ ეტაპზე ქვეყანას გათხევადებული გაზის ისევ აირად ქცევის შესაძლებლობა და ტერმინალები შეზღუდული რაოდენობით აქვს.

შეერთებული შტატები ევროპას ბუნებრივი აირის მისაღებად ახალი მარშრუტების მოძიებაშიცეხმარება. ევროკავშირმა აზერბაიჯანთან მიმდინარე წლის ზაფხულში შეთანხმებაც გააფორმა, რომლის თანახმადაც, ბაქო თურქეთის გავლით ევროპას დამატებით გაზს მიაწვდის.

მონეტის ორი მხარე

მიუხედავად პესიმისტური გათვლებისა, ექსპერტების ანალიზით, მონეტას ორი მხარე აქვს - მოსკოვი გაზით მანიპულირებს, მაგრამ დაკარგული შემოსავლით მისი ბიუჯეტიც მნიშვნელოვნად ზიანდება, განსაკუთრებით დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე. ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ კრემლი ევროპისთვის განკუთვნილ გაზს აზიაში გაიტანს. თუმცა, ისინი ასევე ადასტურებენ, რომ რუსეთს ამ ეტაპზე აზიაში გაზის დიდი რაოდენობის გასატანად საჭირო ინფრასტრუქტურა არ გააჩნია.


Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG