ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი კორპუსს შეეჯახა


რუსეთის ქალაქ ეისკში, რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა და აფეთქდა. ადგილობრივი ოფიციალური პირის თქმით, გარდაცვლილია, სულ მცირე, ორი ადამიანი. ვიდეო, რომელიც სამხედრო ახალი ამბების მაუწყებელ არხ „ზვეზდაზე“ გამოქვეყნდა აჩვენებს, რომ აალებული თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს ეჯახება.

რეგიონის გუბერნატორის ვიენიამინ კონდრატიევის თქმით, გამანადგურებელ-ბომბდამშენი „სუხოი სუ-34-ის“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავია. ახალი ამბების სააგენტოების ინფორმაციით, მინიმუმ 15 ადამიანი დაშავდა, ხოლო პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს.

სამთავრობო სააგენტო „რიას“ ინფორმაციით, ინციდენტი საწვრთნელი გაფრენის დროს მოხდა. სააგენტოს თქმით, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პილოტებმა აფრენისას გადასცეს, რომ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. მოგვიანებით კი, საცხოვრებელ კორპუსთან შეჯახებასთან ერთად, საწვავის ავზი აალდა და აფეთქება გამოიწვია.

რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ინციდენტს იძიებენ. კრემლის თქმით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია და ხელისუფლება დაზარალებულებს დაეხმარება.

რეგიონის გუბერნატორის თქმით, ადგილზე რეგიონული სახანძრო და საევაკუაციო რაზმები მუშაობენ. კონდრატიევის თქმით, ცეცხლი 17 საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ქალაქი ეისკი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიას ესაზღვრება.

XS
SM
MD
LG