ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული სანქციების "პირველი ტრანში" რუსეთს


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკა, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების ნაწილს სანქციებს უწესებს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, თეთრ სახლში განაცხადა.

სანქციების ამ ნაწილს, ჯო ბაიდენი "პირველ ტრანშს" უწოდებს და მისი აღწერით, ამ ეტაპზე სანქციები რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის სუვერენულ ვალზე წესდება. ოთხშაბათიდან კი შეერთებული შტატები სანქციებს მოსკოვის პოლიტიკური "ელიტის" წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებს დაუწესებს.

პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი ვეღარ შეძლებს ფულის მოზიდვას დასავლეთიდან.

ჯო ბაიდენი, რუსეთისთვის დაწესებულ საქნციებს ასე აღწერს:

  • “ჩვენ ვახორციელებთ სრული დაბლოკვის სანქციების ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტზე: რუსეთის სახელმწიფო განვითარების კორპორაციასა (VEB) და მათ სამხედრო ბანკზე.
  • „ჩვენ ვახორციელებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვწყვეტთ რუსეთის მთავრობას დასავლური დაფინანსებისგან. მას აღარ შეუძლია ფულის მოზიდვა დასავლეთიდან.
  • „ჩვენ ასევე დავაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებზე. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ მიღწევებს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი“.
  • „ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" წინ არ წავა“.

ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიების ე.წ. "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებით, რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და ეს საერთაშორისო საზოგადოებისგან მტკიცე რეაგირებას მოითხოვს.

„საპასუხოდ მე ვაპირებ სანქციების დაწესებას, რაც ბევრად აღემატება იმ ნაბიჯებს, რაც ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა განვახორციელეთ 2014 წელს" - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, თუ რუსეთი „გაგრძელებს აგრესიას“, ამას შესაძლოა დამატებითი სანქციები მოჰყვეს.

ჯო ბაიდენი, ვლადიმირ პუტინის გუშინდელ სატელევიზიო მიმართვას გამოეხმაურა და მას „ისტორიის უკუღმა გადაწერა“ უწოდა.

„ამაში ჩაღრმავებას არ ვაპირებ“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა და თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი, საკუთარი განცხადებით, „უკრაინის არსებობის უფლებას დაესხა თავს.“

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კიევი უახლოეს მომავალში, ვაშინგტონისგან დამატებით დახმარებას მიიღებს. ამასთან, შეერთებული შტატები, კიდევ უფრო მეტად ჩაერთვება, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაში.

“დღეს, რუსეთის აღიარების საპასუხოდ, როცა მას არ გამოჰყავს თავისი ძალები ბელარუსიდან, გადავწყვიტე გავგზავნო დამატებითი სამხედროები და შეიარაღება ევროპაში, რათა გავაძლიერო ჩვენი მოკავშირეები, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა.

ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ბრძოლას, ჩვენ გვინდა გავაგზავნოთ უტყუარი გზავნილი, რომ შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან ერთად დაიცავს ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს და დაიცავს ნატოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს,“- ამბობს პრეზიდენტი ბაიდენი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG