ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა ლუჰანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების - ლუჰანსკისა და დონეცკის - დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. სატელევიზიო ეთერით გამოსვლის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ამ სეპარატისტული რეგიონების ლიდერებთან ერთად "მეგობრობის, ურთიერთდახმარებისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ" დეკლარაციებსაც მოაწერა ხელი.

კრემლმა რამდენიმე საათის წინ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო და რომ პრეზიდენტმა პუტინმა ამის შესახებ გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს უკვე აცნობა.

დასავლელი ლიდერები გასულ კვირასვე მოუწოდებდნენ რუსეთის პრეზიდენტს, არ მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება და აერჩია დიპლომატიური გზა. ევროპაში სანქციების შესაძლებლობაზეც საუბრობენ.

გადაწყვეტილებას აღიარებას გასული კვირის შემდეგ ელოდნენ. წინა კვირას რუსეთის სახელმწიფო დუმამ ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო და პრეზიდენტს მისი დამტკიცებისკენ მოუწოდა. თუმცა, დღეს სატელევიზიო ეთერითვე გადაცემული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ მიიღებდა.

ევროკავშირი რუსეთს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, სანქციებით დაემუქრა. ამის შესახებ ევროკავშირის პირველმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელიმაც განაცხადა.

კრემლში შეხვედრას რუსეთის უმაღლესი სამთავრობო პირები ესწრებოდნენ და ისინი მიმდინარე პროცესებზე მსჯელობენ. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუჰანსკის - დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადების საკითხი იყო.

XS
SM
MD
LG