ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი სანქცირებული რუსების სიას აქვეყნებს


ბრიტანეთმა დღეს გამოაქვეყნა რუსეთის მოქალაქეების და იმ რუსული ორგანიზაციების სია, ვისაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო სანქციები უწესდება. ერთი დღით ადრე, მოსკოვმა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ორი რეგიონის - დონეცკის და ლუჰანსკის - დამოუკიდებლობა აღიარა და განაცხადა, რომ იქ რუსეთის ჯარები შედიან.

სანქციებში შემდეგი სუბიექტები და ობიექტები მოხვდნენ:

გენადი ტიმჩენკო

ის "რუსეთის ბანკის" აქციების მთავარი მფლობელია და ასევე წამყვანი ფიგურაა "ეროვნულ მედია-ჯგუფში". ლონდონის განცხადებით, ეს უკანასკნელი "ხელს უწყობს უკრაინის დესტაბილიზაციისადმი მიმართულ რუსეთის პოლიტიკას". ამას გარდა, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, "რუსეთის ბანკი" ყირიმში გაფართოვდა და ნახევარკუნძულის რუსეთთან შემომტკიცებას უწყობდა ხელს.

შეერთებულმა შტატებმა ტიმჩენკოს სანქციები სწორედ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა.

ბრიტანეთი თვლის, რომ ტიმჩენკო "რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა". ის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირია, რომელსაც 3 ქვეყნის მოქალაქეობა აქვს: რუსეთის, სომხეთის და ფინეთის.

ბორის როტენბერგი

ისიც ბიზნესმენი და პუტინის ახლო წრის წევრია. როტენბერგი SMP ბანკის აქციების მთავარი მფლობელია, ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი. ამასთან, ის თანამფლობელია გაზსადენების მშენებელი და ენერგომომარაგების გიგანტური რუსული კომპანიის SGM.

შეერთებულმა შტატებმა მას სანქციები 2018 წელს დაუწესა.

ბრიტანეთის განცხადებით, ძმები როტენბერგები სანქტ-პეტერბურგში პუტინთან ერთად იზრდებოდნენ. წარსულში ის ძიუდოს მწვრთნელი და ძიუდოში პუტინის თანაგუნდელი იყო. ზემოთ ჩამოთვლილი ბიზნესების გარდა, როტენბერგი ენერგიების ლობისტური ფირმის წევრია და რამდენიმე სხვა ენერგო-კომპანიასაც აკონტროლებს.

იგორ როტენბერგი

ის არკადი როტენბერგის შვილია, რუსი მილიარდერი ბიზნესმენის. ისიც პრეზიდენტ პუტინთან ძალზე დაახლოებული პირია. როტენბერგი "ეროვნული ტელემატური სისტემების" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.

"რუსეთის ბანკი"

ბანკის მფლობელები არიან რუსი მილიარდერები, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვთ პუტინთან და რომლებმაც უკრაინაში ყირიმის ანექსიისთანავე, იქ ფილიალები გახსნეს. ბრიტანეთის მონაცემებით, ბანკი უშუალოდ იყო ჩართული უკრაინის დამოუკიდებლობის და მისი სუვერენიტეტისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში.

შავი ზღვის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი

ყირიმში ეს ბანკი ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიისთანავე შეიქმნა, 2014 წელს. მისი მოგება უმეტესწილად დასავლეთის სანქციების შიშით, ყირიმში ბანკების ნაკლებობამ განაპირობა.

ერთობლივი სააქციო კომპანია გენბანკი

გენბანკიც რუსული ფინანსური კომპანიაა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურობს უკრაინის ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. ანექსირებულ ტერიტორიაზე თავისი საქმიანობით, ისიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას - ნათქვამია ბრიტანეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

IS ბანკი

მას შემდეგ, რაც ყირიმში უკრაინული ბანკები იძულებულნი გახდნენ საქმიანობა შეეწყვიტათ, ეს ბანკიც მთელი ყირიმის ტერიტორიაზე მოქმედებდა. ლონდონის განმარტებით, "ის ფინანსური მომსახურების გზით, ხელს უწყობდა ყირიმის რუსეთის ფედერაციაში და ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციას".

ერთობლივი საჯარო სააქციო კომპანია პრომსვიაზბანკი

სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი ეს ბანკი რუსეთის არმიას აფინანსებს. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს რუსულ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში და მომსაახურებას უწევს თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი კომპანიების 70%-ს. შესაბამისად, ეს ბანკიც გარკვეულ როლს ასრულებს უკრაინის დესტაბილიზაციაში.

შეერთებულმა შტატებმა მას სანქციები 2014 წელს დაუწესა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG