ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"როიტერი": ამერიკა რუსულ ბანკებთან კავშირის გაწყვეტას გეგმავს


შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა აამოქმედოს სანქციების პირველადი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯი გულისხმობს ამერიკული საფინანსო ინსტიტუტების მიერ უმთავრესი რუსული ბანკებისთვის ტრანზაქციების დამუშავებაზე უარის თქმას. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" სამ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუკი რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრება, ზიანს მიაყენებს რუსულ ეკონომიკას, რადგან შეწყდება შესაბამისი საბანკო ურთიერთობები სანქციების სამიზნე რუსულ ბანკებსა და ამერიკულ ბანკებს შორის, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებს ახორციელებენ.

მართალია, ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები საბანკო სისტემის კუთხით სანქციების ამოქმედების გეგმებზე აქამდეც აცხადებდნენ, მაგრამ ამ დრომდე საჯაროდ არ ყოფილა საუბარი უშუალოდ ბანკების ამგვარი კავშირების - საერთაშორისო გადარიცხვების დაბლოკვის თაობაზე. ეს გლობალურად თანხის მიმოცვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.

ამერიკა ასევე აპირებს, რომ მნიშვნელოვანი სანქციები აამოქმედოს რუსეთის კონკრეტული მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც სპეციალურ სიას დაემატებიან, რათა ამის შედეგად ამერიკის საბანკო სისტემიდან მათი გარიცხვა მოხდეს, აეკრძალოთ ვაჭრობა ამერიკელებთან და გაიყინოს მათი ის ქონება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. ამ ზომების სამზადისის შესახებ ამერიკის ხაზინა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG