ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესტონეთი ამერიკას ბალტიისპირეთში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას თხოვს


ესტონეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს, რომ საბრძოლო თვითმფრინავები ბალტიისპირეთში, სამი ქვეყნის ცის დასაცავად გააგზავნოს. ესტონეთში შიშობენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი კონფრონტაციას ბალტიის ქვეყნებთანაც დაიწყებს.

"არსებობს იმის შანსი, რომ თუ უკრაინა დაეცემა, ბალტიის ქვეყნები შემდეგი იყვნენ",- თქვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, კალე ლაანეტმა. ეს კომენტარი მან სააგენტო "როიტერთან" ამერიკის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია, ყოფილი საბჭოთა ქვეყნები პირველები იყვნენ, ვინც საბჭოთა კავშირის დატოვეს. ისინი ახლა ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, თუმცა რუსეთისგან სამხედრო აგრესიის შიში აქვთ. მათ არ გააჩნიათ საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავები, ამიტომაც დახმარებას ნატოს წევრი და მათი მოკავშირე ამერიკისგან ითხოვენ.

ნატოს მოკავშირეებს რეგიონში რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი მობილიზებული ჰყავთ 2004 წლიდან. "ისინი საჰაერო სივრცეს პატრულირებენ, თუმცა არ აქვთ შეტევის, ან თავდაცვის უფლება",- განმარტავს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი.

"თუმცა ჩვენ უნდა ვისაუბროთ საჰაერო თავდაცვაზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს არეალში მეტი მოიერიშე უნდა იყოს",- ამბობს ლაანეტი.

XS
SM
MD
LG