ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა დუმის 351 დეპუტატს სანქციები დაუწესა


ევროპის კავშირში ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ, რომელთაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთს უწესებენ. სანქცირებულთა შორის გაცილებით მეტი პოლიტიკოსი, კანონმდებელი და ოფიციალური პირი ხვდება. ევროპის კავშირის ინვესტორებს ეკრძალებათ რუსული აქციებით ვაჭრობა. სანქციების სამიზნეა ასევე უკრაინის სეპარატისტული რეგიონებიდან წარმოებული იმპორტი და ექსპორტი.

სანქცირებულებში ევროკავშირს ჯერჯერობით არ შეუყვანია პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, განაცხადა დღეს პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში.

სანქციები დაუწესდა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებს, 351 კანონმდებელს, რომელთაც ლუჰანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნას მოაწერეს ხელი. მათ გაეყინებათ საბანკო ანგარიშები და აეკრძალებათ ევროპის კავშირის ქვეყნებში მოგზაურობა.

სანქციები ასევე მოიცავს 27 ინდივიდსა და ერთეულს, რომლებიც უკრაინის დესტაბილიზაციაში მონაწილეობენ, დეზინფორმაციას აწარმოებენ და ფინანსურ დახმარებას უწევენ სეპარატისტებს უკრაინის ამ ორ რეგიონში. ამ პირთა და ერთეულთა ჩამონათვალი ჯერჯერობით უცნობია.

ჯერ არ არის დაზუსტებული, როდის შევა სანქციები ძალაში. დიპლომატები ფიქრობენ, რომ ეს დეტალები მომდევნო რამდენიმე საათში, ან რამდენიმე დღეში გაირკვევა და გასაჯაროვდება.

ბორელის თქმით, რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ამ ორი რეგიონის, ლუჰანსკის და დონეცკის ფორმალურად აღიარება, უკრაინის სუვერენიტეტის მიუღებელი ხელყოფაა. "სანქციების ეს პაკეტი დიდ ტკივილს მიაყენებს რუსეთს" - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ, პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცალკე გრძელდება მუშაობა სანქციებზე, რომლებიც რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში გამოცხადდება - ეუბნება სააგენტო "როიტერს" ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი. სანქციების ამ ნაწილზე ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან ერთად მუშაობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG