ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვერშბოუ: რუსეთმა უკრაინაში კრიზისი ხელოვნურად შექმნა და შედეგად შესაძლოა ის მიიღოს, რის წინააღმდეგაც იბრძვის


ხედვა ვაშინგტონიდან, ინტერვიუ ნატოს გენერალური მდივნის ყოფილ მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუსთან
ხედვა ვაშინგტონიდან, ინტერვიუ ნატოს გენერალური მდივნის ყოფილ მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუსთან

შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები რამდენიმე ფორმატში გაიმართა. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, დიალოგი გაიმართა ნატოსა და რუსეთს შორის, შემდეგ კი საუბარი შედგა ეუთოში. მოლაპარაკებების მიზანი რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დეესკალაცია იყო. შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის კარი ღია დატოვა. რუსეთმა კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. არ ჩანს არც დეესკალაციის ნიშნები. პირიქით, უკაინაზე პარასკევს მასობრივი კიბერ შეტევა განხორციელდა.

ამერიკელი დიპომატი ალექსანდერ ვერშბოუ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე იყო. ის ამბობს, რომ რუსეთმა მიმდინარე კრიზისი ხელოვნურად შექმნა. ამას კი შედეგად შეიძლება ის მოჰყვეს, რომ ნატომ აღმოსავლეთ ფლანგი კიდევ უფრო გააძლიეროს და საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო მტკიცედ დაიცვას. საქართველოზე საუბრისას, ვერშბოუ ამბობს, რომ ჯერ არც ნატოა ქვეყნის ალიანსში მისაღებად მზად და არც საქართველო გასაწევრიანებლად. თუმცა ის დასძენს, რომ ძალიან მალე ნატოს მოუწევს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით. ალექსანდერ ვერშბოუს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ბატონო ალექსანდერ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორ აფასებთ ზოგადად შეერთებულ შტატებს, ნატოსა და რუსეთს შორის მიმდინარე კვირას გამართულ შეხვედრებს?

აქამდე მოლაპარაკებები, მეტ-ნაკლებად ისე მიმდინარეობდა, როგორც ყველა მოელოდა. რუსებმა წარმოადგინეს მათი ცალმხრივი და ექსტრემალური შემოთავაზება, რაც ასევე მოსალოდნელი იყო, თუმცა მათ მკაფიო პასუხი მიიღეს იმაზე, რომ მათი შემოთავაზებების ბევრი ელემენტი განხილვას არ ექვემდებარება. ისინი არა თუ ეწინააღმდეგება ჩვენს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც ჰელსინკის და პარიზის შეთანხმებების საფუძველია, არამედ ისინი არღვევს იმ პრინციპებსაც, რომლებსაც რუსეთი წლების განმავლობაში ეთანხმებოდა. ვფიქრობ, მოკავშირეები ცდილობენ რუსეთს დიპლომატიური გამოსავალი შესთავაზონ. რუსეთმა ეს კრიზისი თვითონ შექმნა, ახლა რუსეთმა დეესკალაცია თვითონ უნდა მოახდინოს.

ახლო პერსპექტივაში არც ისე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რუსეთი მომართულია შეატრიალოს ცივი ომის შემდგომი ყველა შეთანხმება, რომელმაც მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება მოიტანა შედეგად. ახლა რთული დროა. ძალიან რთული იქნება მშვიდობიანი თანაცხოვრების გზების მონახვა, ძალიან აგრესიულ და რევიზიონისტ რუსეთთან.

თქვენი აზრით, რატომ წამოაყენა რუსეთმა ეს მოთხოვნები, „უსაფრთხოების გარანტიები“ როგორც ამას თვითონ უწოდეს, მაშინ, როცა სავარაუდოდ უნდა სცოდნოდა რომ პასუხი უარყოფით იქნებოდა?

რუსებმა, ალბათ, იცოდნენ, რომ ამ შემოთავაზებების უმრავლესობაზე ჩვენ უარს ვიტყოდით. ასევე მგონია, მათ იციან ის, რომ არ არსებობს ამ მოთხოვნების არანაირი გამართლება. როდესაც 1990-ან წლებში ნატომ გაფართოება ვარშავის პაქტის და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისკენ დაიწყო, მაშინვე ცხადი და ცნობილი იყო, რომ ეს იყო პოლიტიკური ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაღრმავების სტრატეგია და იმ დროიდან მოყოლებული, ნატოს არაფერი გაუკეთებია ისეთი, რამაც რუსეთს საფრთხე შეუქმნა. მაგრამ პუტინი ნატოზე ბევრს ფიქრობს და ალიანსს გადატანით სამიზნედ იყენებს დასავლური იდეების და სისტემების წინააღმდეგ საბრძოლველად. მას ამის ეშინია. მას ეშინია, რომ უკრაინა, საქართველო და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები შეძლებენ დემოკრატიებად ჩამოყალიბებას. ეს კი რუსეთის უსაფრთხოებას კი არ ემუქრება, არამედ რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმს. სინამდვილეში საქმე სწორედ ამას უკავშირდება.

თქვენი აზრით, რატომ გააქტიურდა რუსეთი და რატომ იყენებს უკრაინას დასავლური იდეების წინააღმდეგ საბრძოლველად? რატომ ახლა?

ვფიქრობ, ახლა ამ ყველაფერს იწვევს ის, რომ პუტინის პოლიტიკა უკრაინის მიმართ მაინცდამაინც წარმატებული არ ყოფილა. ხალხი ახლა საუბრობს იმაზე, რომ უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოს. უკრაინა იყო ნეიტრალური მაიდანის რევოლუციამდე, როცა პუტინმა იანუკოვიჩს უბიძგა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმისკენ. პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა, რამაც უკრაინელების სულისკვეთება შეცვალა და ქვეყანა დასავლეთისკენ უფრო მეტად მიაახლოვა და რუსეთს უფრო მეტად დააშორა. ერთი ახსნა, თუ რატომ ჩქარობს ის ამას მიმდინარე კრიზისში ის არის, რომ შესაძლოა მას მიაჩნია, რომ უკრაინაზე დომინაციის შანს კარგავს. მაგრამ რადგან ეს უკრაინაში ზოგადად დემოკრატიის განვითარებასაც უკავშირდება და ამასთან, პუტინი ხედავს რა მოხდა შარშან ბელარუსში, ცოტა ხნის წინ ყაზახეთში, და ფიქრობს, რომ დემოკრატია შესაძლოა გადამდები აღმოჩნდეს და რუსეთსაც მოედოს, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთში ფერადი რევოლუცია არ მოხდეს, რომელსაც მისი რეჟიმის დამხობა შეეძლება.

რუსული სამხედრო შენაერთი ანექსირებულ ყირიმში გადაადგილდება, 18 იანვარი, 2022 წელი
რუსული სამხედრო შენაერთი ანექსირებულ ყირიმში გადაადგილდება, 18 იანვარი, 2022 წელი

თქვენი აზრით, რა იქნება ამ მოლაპარაკების შემდეგ წარმატება დასავლეთისთვის? აქ რეალისტური უნდა ვიყოთ და გავითვალისწინოთ ის, რომ შეერთებული შტატები და ნატო გარკვეულ პრინციპებზე დათმობაზე წასვლას არ აპირებენ, რუსეთი კი სამხედრო დეესკალაციის ნიშნებს არ იძლევა. თქვენი აზრით, როგორ გამოიყურება წარმატება დასავლეთისთვის?

პირველ რიგში წარმატება ის იქნება, რომ რუსეთი დეესკალაციაზე და იმაზე დავიყოლიოთ, რომ უკრაინაში კონფლიქტის ახალი რაუნდი არ დაიწყოს. ყოველთვის ვფრთხილობ არ ვახსენო სიტყვა „შეჭრა“, რადგან ისინი უკრაინაში უკვე შეჭრილები არიან. ამის მიღმა, წარმატება იქნება ის, რომ რუსეთთან სერიოზულ მოლაპარაკებებში ჩავერთოთ, რაშიც დასავლეთი უკვე წლებია დაინტერსებულია და იარაღის კონტროლის ბევრ შეთანხმებაზე რუსეთი უბრალოდ უარს ამბობს. მოლაპარაკებების დაწყებას ტემპერატურის დაწევა შეუძლია, რომელსაც რუსულ პოლიტიკაში ემოციები იწვევს. ეს არ იქნება მარტივი. ვფიქრობ, რუსებს საკუთარი პროპაგანდის სჯერათ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მათ გადაწყვეტილების მოლაპარაკების გზით მონახვისკენ უნდა ვუბიძგოთ.

რა არის თქვენი პროგნოზი - თქვენი აზრით, ამ დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრება?

ამაზე ჯერ ისევ ვნერვიულობ. მათ ეს კრიზისი შექმნეს და წამოაყენეს ეს ექსტრემალური მოთხოვნები. იმისთვის, რომ პუტინმა სახე შეინარჩუნოს, მან რაღაც შედეგი უნდა დადოს. მისი არცერთი მოთხოვნა ლეგიტიმური არ არის, რაც შეერთებულ შტატებს, დასავლეთს და უკრაინას ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს. რუსებისთვის იმის ჩვენება, რომ ისინი ძალიან, ძალიან მაღალ საფასურს გადაიხდიან უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრით, მნიშვნელოვანია. ეს არა მხოლოდ სანქციების მეშვეობით არის შესაძლებელი, არამედ უკრაინული ჯარისთვის იმ შესაძლებლობების მიწოდებით, რომლებიც რუსეთს სამხედრო ოპერაციას ძალიან ძვირს დაუსვამს. ამასთან ერთად, რუსეთი იმას მიიღებს, რაზეც მუდამ საყვედურებით საუბრობს და ეს ათმაგად დაუბრუნდება უკან. ისინი ამბობენ, რომ ნატომ აღმოსავლეთ ევროპაში დიდძალი ჯარი განალაგა. ეს არ არის სიმართლე, ნატომ აღმოსავლეთ ფლანგზე მცირე რაოდენობით გაზარდა ჯარის დანაყოფები. თუ რუსეთი გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის დარღვევას, მაშინ ნატო მართლაც გაზრდის საკუთარ ყოფნას აღმოსავლეთ ფლანგზე. პუტინი ასევე აფიქრებინებს ფინეთს და შვედეთს ნატოში გაწევრიანებაზე. ყველაფერი ის, რისი პრევენციაც მას სურს, შესაძლოა საწინააღმდეგოდ აუხდეს, თუ ამ გზაზე სიარულს გააგრძელებს. ამ ყველაფერს მისი შეკავება შეუძლია, მაგრამ ძალიან რთულია ოპტიმისტურები ვიყოთ.

თქვენი აზრით, ნატო მზად არის საქართველოსა და უკრაინაში გაფართოებისთვის?

პასუხი არის ის, რომ არა - ნატო მზად არ არის. არც საქართველო და უკრაინა არიან მზად. ორივე ქვეყანას აქვს პროგრესი წევრობის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ, ეს ნატოსთვის მაინც ძალიან რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მე მგონია, რომ რუსეთმა მიმდინარე კრიზისის გამოწვევით ნატო ჩააყენა იმ პოზიციაში, რომ მან ღია კარის პოლიტიკა მტკიცედ დაადასტუროს, ალიანსს სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა იმისა, რომ 2008 წლის დეკლარაცია დაიცვას და თქვას, რომ „ღია კარის“ პოლიტიკა გრძელდება, და უკრაინა და საქართველო ერთ დღეს მასში შეაბიჯებენ. პუტინმა ნატოს უბიძგა საკუთარ პოლიტიკაზე უფრო მკაფიო პოზიცია შეემუშავებინა. ამით გაწევრიანების ვადებზე არსებული გაურკვევლობა არ იცვლება, მაგრამ ის ილუზია, რომ რაღაცნაირად რუსეთის მართვას შევძლებთ ნატოს გაფართოების დაყოვნებით, ადვილად მოსაყვანი არგუმენტი აღარ იქნება.

ფიქრობთ თუ არა, რომ ეს საუბარი განახლდება? ცხადია, არა ახლავე, არამედ ამ კრიზისის დამთავრების შემდეგ? თქვენი აზრით, ზოგიერთი მოკავშირე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, გააქტიურდება თუ არა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად და დაიწყებს თუ არა აქტიურ საუბარს იმაზე, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსში მიიღონ?

ვფიქრობ, ეს პოლიტიკური განხილვების ძლიერ არგუმენტად ჩამოყალიბდება. არ მინდა დავაკნინო პოლიტიკური სირთულეები, რადგან ქვეყნის ნატოში მიღება ნიშნავს მეხუთე მუხლის გარანტიების გაცემას, ეს ნიშნავს, რუსეთთან, ბირთვულ ზესახელმწიფოსთან ომს. ამის გამო, ეს არ იქნება მარტივი გადაწყვეტილება. მაგრამ აქამდე, ნატო კმაყოფილი იყო სტატუს კვოთი. ყოველ წელს იმეორებდა ბუქარესტის დაპირებას. ახლა ეს ფუფუნება მოკავშირეებს, ვფიქრობ, აღარ ექნებათ. ამ კრიზისის დასრულების შემდეგ საუბარი უფრო მკვეთრი იქნება.

რამდენიმე ხნის წინ თქვენ ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვით, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის არატრადიციული გამოსავალი უნდა მოვნახოთ ნატოსთან მათ დასაახლოებლად. თქვენი თქმით, ეს შესაძლოა ასოცირებული წევრობა იყოს. რას ფიქრობთ ამ კონცეფციაზე ახლა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით - ეს კარგი იდეაა თუ ცუდი? შეიძლება, თუ არა მან პრაქტიკულად იმუშაოს?

ეს ერთგვარად დაუფიქრებელი კომენტარი იყო, რომელმაც ბევრი კითხვა წარმოშვა. გააჩნია რას ვგულისხმობთ ასოცირებულ წევრობაში. ეს სტატუსი, ნატოში ამ ეტაპზე არ არსებობს. საქართველოს და უკრაინას ნატოსთან უკვე აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა იმ მხრივ, რომ ისინი ყოველწლიური ეროვნული პროგრამის წევრები არიან, რომელიც სხვათა შორის, ძალიან ჰგავს მაპს - სამოქმედო გეგმას. არ მგონია ახლა კარგი დრო იყოს იმისთვის, რომ ახალი მოდელი შეიქმნას, რომელიც ასოცირებული წევრობა იქნებოდა. ვფიქრობ, ნატოში გაწევრიანება უნდა ნიშნავდეს რაღაცას. ამ კრიზისის დამთავრების შემდეგ, იქნება ეს ერთი წელი თუ ხუთი წელი, ნატომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა რთული წარმოსადგენია უკრაინის და საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის გარეშე და ნატოში გაწევრიანება ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია.

იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ხდება, რამდენად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი იმ იდეის მიმართ, რომელიც შეჯამებულია, როგორც ევროპა მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი?

ახლო პერსპექტივაში არც ისე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რუსეთი მომართულია შეატრიალოს ცივი ომის შემდგომი ყველა შეთანხმება, რომელმაც მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება მოიტანა შედეგად. ახლა რთული დროა. ძალიან რთული იქნება მშვიდობიანი თანაცხოვრების გზების მონახვა, ძალიან აგრესიულ და რევიზიონისტ რუსეთთან. მაგრამ ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ის ძალები, რომლებმაც საქართველოს და უკრაინას ცვლილებები მოუტანეს, ნაწილობრივ რუსეთსაც, მაგრამ შემდეგ ბატონმა პუტინმა ეს ცვლილებები უკან დაატრიალა, კვლავ დაბრუნდებიან. ვფიქრობ, დემოკრატიის, ანგარიშვალდებული მთავრობის, ადამიანის უფლებების დაცვის მომთხოვნი ძალები რუსეთში დაბრუნდებიან და ჩემი აზრით, სწორედ მაშინ შეგვეძლება კიდევ ერთხელ ვიფიქროთ ევროპის უფრო ოპტიმისტური და მშვიდობიანი მომავლის შესახებ.

XS
SM
MD
LG