ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატიიდან საბოტაჟამდე - შეთანხმების გარეშე დასრულებული მოლაპარაკებები


დიპლომატიის კვირა - შეხვედრები, რომლებსაც გასულ კვირას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს, დეესკალაციის პირობითაც კი არ დასრულებულა. რუსეთი ევროპაში მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდა, თუმცა როგორც ჩანს, მხოლოდ ულტიმატუმების გასამეორებლად. უკრაინის საზღვრებთან ათობით ათასი ჯარისკაცით და სამხედრო ტექნიკით საომრად მომზადებულ მოსკოვს, ნატოსგან გარანტიები სურს: ბუქარესტის სამიტზე გაცემული დაპირება არ უნდა შესრულდეს - საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები არ უნდა გახდნენ. მაგრამ, ალიანსის წევრთა პოზიციები უცვლელია, „ღია კარის“ დახურვას ისინი არ აპირებენ, მით უმეტეს კრემლის მუქარის გამო. ამ საერთაშორისო კონტექსტში ანალიტიკოსთა ნაწილს საქართველოს ხმის გაგონება სურს. რეგიონის მკვლევრები ამბობენ, რომ ახლა დემოკრატიული უკუსვლისა და დუმილისთვის განსაკუთრებით ცუდი დროა.

“გეშინოდეთ და ელოდეთ უარესს“ - ეს გზავნილი უკრაინის სამთავრობო უწყებებში კიბერთავდამსხმელებმა დატოვეს. ქვეყანა კიდევ ერთი ციფრული თავდასხმის სამიზნე ევროპაში უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებების დასრულებიდან რამდენიმე საათში გახდა. უკრაინა კიბერთავდასხმაში ბრალს ბელარუსთან დაკავშირებულ ჯგუფს სდებს და ამბობს, რომ ამ თავდასხმის უკანაც სავარაუდოდ, რუსეთი დგას.

პენტაგონი და თეთრი სახლი ადასტურებენ, რომ რუსეთი უკრაინის შიგნით მოქმედებაზე გადავიდა და შეჭრის წინაპირობების შესაქმნელად საბოტაჟს ამზადებს.

ის უთანხმოება, რაც ახლა საქართველოში ოპოზიციურ და მმართველ პარტიას შორის ხდება, არავის ეხმარება. ეს რუსეთს აძლევს ხელს. ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც საქართველოს და მის ლიდერებს შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ იმუშაონ ერთად, რათა ჰქონდეთ რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი,
სენატორი ჯინ შაჰინი

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთი უკვე აქტიურად მუშაობს პოტენციური შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად“, - თქვა პენტაგონის პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ და განმარტა: „სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ მათ განათავსეს ოპერატიული თანამშრომლების ჯგუფი იმისთვის, რასაც ჩვენ „ყალბი დროშის ოპერაციას“ ვუწოდებთ. ოპერაცია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გამოიყურებოდეს, როგორც თავდასხმა მათზე ან მათ ხალხზე, რუსულად მოსაუბრე ადამიანებზე უკრაინაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც საბაბი, გამართლება ქვეყანაში შესვლისთვის", - თქვა კირბიმ.

სენატორთა ორპტარტიული ჯგუფი მოლაპარაკების გარეშე დასრულებული დიპლომატიური ძალისხმევის შემდეგ, კვირის ბოლოს უკრაინაში ჩავიდა. სენატორები „ამერიკის ხმას“ ეუბნებიან, რომ მათი მიზანი „არსებითი მხარდაჭერის“ გამოხატვაა.

„უმთავრესი რამ არის დემონსტრირება - როგორც არსებითად, ისე გზავნილებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დააკვირდება მოვლენებს შორიდან, არ იჯდება უმიზნოდ, თუკი რამე მოხდება. ჩვენ გვინდა ამის პრევენცია, გვინდა შეკავება, გვინდა ვიყოთ გამოსავლის ნაწილი მანამ, სანამ ბრძოლა დაიწყებოდეს“, - ამბობს რესპუბლიკელი სენატორი კევინ კრამერი.

ორპარტიულ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი სენატორმა ემი კლობუჩარმაც: „ჩვენ გვყავს ადმინისტრაცია და გვყავს ძალიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლები აქ იმისთვის, რომ ვთქვათ, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. თუკი ვლადიმირ პუტინი აირჩევს ამ სახიფათო და ანტიდემოკრატიულ გზას, კიდევ ერთხელ შეიჭრება ამ ქვეყანაში, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი და სწრაფი სანქციები", ამბობს დემოკრატი სენატორი.

გასული კვირის შეხვედრები, რომელთაც ბევრი დაძაბულად ადევნებდა თვალს, დიპლომატიური გზის დასახვის გარეშე დასრულდა. დასავლეთმა მოსკოვს ერთიანი და მტკიცე პოზიციით უპასუხა: პარტნიორების, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებები დათმობის საგანი ვერ და არ გახდება. ნატო არ აპირებს მისცეს კრემლს უფლება, შექმნას ევროპის უსაფრთხოების ახალი ინფრასტრუქტურა.

ვენდი შერმანი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რომელიც რუს კოლეგებს რამდენიმე ფორმატის ფარგლებში ესაუბრა, ამბობს, რომ ალიანსის პოზიციები მოსკოვისთვის ნათელია: ნატო რუსეთის ულტიმატუმებზე დათანხმებას არ აპირებს, უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრა კი კრემლს ძალიან ძვირად დაუჯდება.

რუსეთს ჰყავს სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში, უკრაინაში და მოლდოვაში - ეს ძალები არ იმყოფებიან იქ მათი მთავრობების თანხმობით, ისინი იქ არ მიუწვევიათ და მათი ყოფნა იქ არ სურთ. მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს გაიყვანოს ჯარები ამ ქვეყნებიდან და პატივი სცეს მათ ტერიტორიულ მთლიანობას,
- იენს სტოლტენბერგი

“ამერიკამ და ნატოს მოკავშირეებმა ერთად ძალიან ნათლად თქვეს: ჩვენ არ ვაპირებთ ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე უარის თქმას, კარის დახურვას. ეს პოლიტიკა ყოველთვის იყო ნატოს თავდაცვითი ალიანსის ცენტრალური ნაწილი. ნატო არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას მისი წევრი სახელმწიფოები. ის არასდროს გაფართოებულა ძალის ან იძულების გამოყენებით“, - თქვა შერმანმა.

ალიანსის ერთობლივი პოზიციები დაადასტურა იენს სტოლტენბერგმაც: “ნატოს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ყველა ერის უფლებას, აირჩიოს, როგორი იყოს მისი უსაფრთხოება. მოკავშირეებმა ნათლად თქვეს, რომ ისინი არ იტყვიან უარს საკუთარ შესაძლებლობაზე, დაიცვან ერთმანეთი, და მათ შორის არ იტყვიან უარს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჯარების ყოფნაზე“, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა და რუსეთის აგრესია არამხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა მეზობლების მიმართაც კიდევ ერთხელ დაგმო:

„რუსეთს ჰყავს სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში, უკრაინაში და ასევე მოლდოვაში - ეს ძალები არცერთ ამ ქვეყანაში არ იმყოფებიან მათი მთავრობების თანხმობით, ისინი იქ არ მიუწვევიათ და მათი ყოფნა იქ არ სურთ. ნატოს მოკავშირეებმა, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, მოუწოდეს რუსეთს გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მკაცრი განცხადებები გაისმა თეთრი სახლის ტრიბუნიდანაც. უსაფრთხოების საკითხებში ადმინისტრაციის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ ამერიკა მოვლენათა განვითარების ყველა სცენარისთვის მზადაა:

„ჩვენ ყველა მიმართულებით მზად ვართ. მოლაპარაკების მაგიდასთან მზად ვართ სერიოზული, ხელშესახები პროგრესისთვის ისეთ სერიოზულ საკითხებზე, რომლებიც გვაწუხებს ჩვენ, ევროპასა და რუსეთს - დეესკალაციის გარემოში. ასევე, ჩვენ მზად ვართ გადავდგათ აუცილებელი და შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები, მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორებს და მრავალმხრივ ვუპასუხოთ ნებისმიერი ტიპის შიშველ აგრესიას, რომელიც შეიძლება მოხდეს. ჩვენი აზრით, დიპლომატია ყველაზე გონივრული გზაა. რუსებმა კი შეფასებები თვითონ უნდა გააკეთონ“.

რუსული მხარე კი კვლავ წერილობით გარანტიებს ითხოვს იმაზე, რასაც თავად „უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შემაშფოთებელ საკითხებს“, დასავლეთი კი ულტიმატუმებს უწოდებს. კრემლი უკრაინაზე თავდასხმის გეგმებს უარყოფს, თუმცა სამხედრო „ვარიანტების“ განხილვაზე და მოქმედებაზე საუბარს არ ერიდება.

ამასთან, კვლავ ხაზს უსვამს, რომ ევროპული უსაფრთხოების მომავალი მხოლოდ ვაშინგტონი-მოსკოვის დონის მოლაპარაკების საგანია. „ჩვენი მოთმინება ამოიწურა. ჩვენ ძალიან მომთმენნი ვართ, მაგრამ ახლა ჩვენი მოქმედების დროა“, - თქვა სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, 90-იანი წლების შემდეგ, „როდესაც დაპირება გაიცა, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, არ განათავსებდა სამხედრო ინფრასტრუქტურას აღმოსავლეთის მიმართულებით და მნიშვნელოვან სამხედრო ძალებს ახალი წევრების ტერიტორიაზე“, ბევრი საკითხი დაგროვდა. ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთმა „ეს ყველაფერი სანაგვეში გადაისროლა ყველაზე შეურაცხმყოფელი გზით“.

„ნატო, მისი გაფართოების ხუთი ტალღის შემდეგ, ზუსტად ჩვენს საზღვრებთან მოვიდა. ყველა იაზრებს, რომ შეთანხმების მიღწევა ამერიკაზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა არ აქვს, რას გვეუბნებიან ყველა მოკავშირესთან კონსულტაციებისა და ეუთოს ჩართულობის შესახებ, ეს არის საბაბი და გამართლება, პროცესის გაწელვის მცდლობა.

დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ანალიტიკოსები უპირობოდ აღიარებენ, თუმცა იმასაც უსვამენ ხაზს, რომ დასავლეთი ვერ წავიდოდა დათმობაზე მაშინ, როდესაც რუსეთი თავის მიერვე შექმნილი კრიზისის დეესკალაციის გარანტიასაც კი არ იძლევა. ყოფილი დიპლომატების აზრით, დიპლომატიისა და დიალოგის გაგრძელების შეთავაზებებთან ერთად, დასავლეთი მოსკოვის აგრესიული ნაბიჯებისთვისაც მზად უნდა იყოს.
ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში, ივო დაალდერი განმარტავს, რომ ამ პირობებში შეთანხმების მიღწევა თითქმის წარმოუდგენელი იყო:

“საბოლოოდ, ჩვენ არ შეიძლება გვქონდეს მოლაპარაკებები იმ პირობებში, როდესაც იარაღი უკრაინისკენ არათუ მხოლოდ მიშვერილია, არამედ ჩახმახიც გადაწეულია და სასროლადაა მომზადებული. ასეთ პირობებში, ასეთ გარემოში გამართული მოლაპარაკებებისას, როგორც წესი, გრძელვადიანი შეთანხმება ვერ მიიღწევა", - ამბობს დაალდერი და დასძენს, რომ მისი აზრით, თუკი რუსეთი ნამდვილად გეგმავს სამხედრო ინტერვენციას, ეს უახლოეს კვირებში, გაზაფხულის დადგომამდე მოხდება. რადგან სამხედრო ტექნიკის გადააადგილება ზამთრის პირობებში უფრო ადვილი იქნება.

კიდევ ერთი ყოფილი დიპლომატი, სხვადასხვა ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი უშიშროების საკითხებში და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დენიელ ფრიდი ამბობს, რომ გამოწვევა დასავლეთისთვის კვლავ გრძელდება:

„შეერთებულ შტატებს გამოცდა ელოდება. ჩვენ, ამერიკელები, და ამერიკელები და ევროპელები ერთად, შეიძლება აღმოვჩნდეთ ერთზე მეტი „ჭეშმარიტების მომენტის“ პირისპირ. თუკი რუსები მოლაპარაკებებს შეწყვეტენ, ან პროვოკაციას დადგამენ. ან იტყვიან, რომ უკრაინელები დაესხნენ თავს, რაც მსუბუქად რომ ვთქვათ, სასაცილოა. მაგრამ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ამ სცენის თავად დადგმა. ჩვენ „ფეხის წვერებზე უნდა ვიდგეთ“ - მომზადებულნი უნდა ვიყოთ. ეს უსიამოვნო და უწესო საქმეა“, - ამბობს ამჟამად „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენ ფრიდი.

ამერიკელ სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ბაიდენს მიმართა და თეთრ სახლს აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის ინტერესების დაცვისა და მათთან მუდმივი კონსულტაციებისკენ მოუწოდა.

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ისაუბროს რუსეთთან ამა თუ იმ საკითხზე, როგორიცაა ევროპაში სამხედრო წვრთნების მასშტაბები და მეტად გამჭვირვალედ წარმართოს პროცესები. თუმცა დათმობების შესძლებლობის შესახებ „ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე პასუხად სენატორი ბენ კარდინი ამბობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი ვაჭრობის საგანი ვერ იქნება.

„ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახავ დათმობაზე წასვლას. ჩვენ შეიძლება ვსაუბრობდეთ ისეთ თემებზე, რაც რუსეთს პროვოკაციულად მიაჩნია, და რაც ამა თუ იმ ქვეყნისთვის და ნატოსთვის საკუთარი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი მნიშვნელობის არ არის. ყოველთვის შეიძლება ამაზე პატიოსნად გვქონდეს დისკუსია. მაგრამ ის, რაც არ არის სამართლიანი დისკუსია, არის სუვერენული სახელმწიფოს მთლიანობის და მის მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის დათმობა“, - ამბობს ბენ კარდინი, დემოკრატი სენატორი.

მაშინ, როდესაც დასავლეთისგან ერთიანი პოზიციები ისმის, საქართველოს ხმის გაგონება სურს ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოსა და ეუთოში, იან კელის. ყოფილი დიპლომატი ამბობს, რომ ეს საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ქვეყნის მთავრობამ საკუთარი ევროატლანტიკური მისწრაფებები დასავლეთს კიდევ ერთხელ შეახსენოს:

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. იმიტომაც, რომ ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები და თქმა, რომ ჩვენ იგივე გავიარეთ 2008 წელს, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად და არ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მოსალოდნელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის“, - მიიჩნევს ამერიკის ყოფილი ელჩი.

ამერიკელი კანონმდებლები და ყოფილი დიპლომატები საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს შეახსენებენ, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთი პარტნიორების ინტერესების დათმობას არ აპირებს, ქვეყანაში შიდა დაპირისპირება მხოლოდ კრემლისთვისაა ხელსაყრელი.

„[ის, რაც ახლა ხდება,]ეს არის შეხსენება იმისა, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ისინი კვლავ აკონტროლებენ იქ ორ ტერიტორიას. რუსეთის აგრესიასთან გამკლავების საუკეთესო გზა საქართველოსთვის არის დემოკრატიულ რეფორმებზე მუშაობის გაგრძელება, ერთობლივი მუშაობა“, - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ჯინ შაჰინი, დემოკრატი სენატორი.

„ის უთანხმოება, რაც ახლა საქართველოში ოპოზიციურ და მმართველ პარტიას შორის ხდება, არავის ეხმარება. ეს რუსეთს აძლევს ხელს. ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც საქართველოს და მის ლიდერებს შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ იმუშაონ ერთად, რათა ჰქონდეთ რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად სწორედ ამ მიდგომის გამოყენება გვსურს. საქართველოს კი უკრაინის მსგავსად, ძალიან ნათლად ესმის, რა არის რუსეთის ქვეყანაში შეჭრის ფასი.

ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დემოკრატიული იმიჯის მნიშვნელობაზე საუბრობს იან კელიც. ამბობს, რომ დემოკრატიული უკუსვლისთვის „კარგი დრო“ არასდროსაა, მაგრამ ამ კონკრეტულ ვითარებაში ამგვარი პროცესებისთვის განსაკუთრებით ცუდი დროა და ეს საქართველოს შიდა დაპირისპირებაზე უფრო ფართო გამოწვევის წინაშე აყენებს:

„თუკი წარსულის მსგავსად კიდევ ერთი „დიდი აფეთქება“ მოხდება და გადაწყდება რამდენიმე ასპირანტი ქვეყნის ნატოში ერთდროულად, ერთბაშად გაწევრიანება, ბევრი იტყვის, მოიცადეთ, ჩვენ დემოკრატიული სტანდარტები გვაქვს. ..... საქართველო წინ უნდა მიუძღოდეს და მართავდეს რეფორმების მთელ ტალღას იმის საჩვენებლად, რომ ის ევროატლანტიკური ინსტიტუტის წევრობის ღირსია. მოსახლეობის 70%-ს ეს სურს და მაინც, ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის... ეს ძალიან ცუდი დროა ამ ყველაფრისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარეობს რეალური დისკუსია ნატოს გაფართოების შესახებ. მე ეს ძალიან, ძალიან მაშფოთებს“, - ამბობს იან კელი.

მაშინ, როდესაც დასავლეთი გამორჩეულად ერთიანია რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ანალიტიკოსები საქართველოს საკუთარი პოზიციების დაცვის, უფრო აქტიური როლის შესრულებისა და საკუთარ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე მეტი ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებენ.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG