ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-ბელარუსის ერთობილივი წრთვნები - ახალი საფრთხე უკრაინისთვის


"კავკასია 2020" - სამხედრო წრთვნები რუსეთში, 2020 წლის 23 სექტმებრი.
"კავკასია 2020" - სამხედრო წრთვნები რუსეთში, 2020 წლის 23 სექტმებრი.

"რუსეთის მიერ ბელარუსში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წრთვნები, უკრაინისთვის ახალ საფრთხეს ქმნის" - ანალიტიკოსები მოსკოვისა და მინსკის გადაწყვეტილებას, ახალი ფრონტის გახსნად აფასებენ.

სამხედრო ანალიტიკოსები მსჯელობენ, რა რეალობას ქმნის უკრაინისთვის რუსეთის და ბელარუსის მიერ დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წრთვნები . ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში განმეორებით შეჭრას გადაწყვეტს, ბელარუსში დაგეგმილი სამხედრო წრთვნები მას მოქმედების ახალ არეალს გაუხსნის.

სასწავლო მანევრები ბელარუსის დასავლეთით, ნატოს წევრ პოლონეთისა და ლიეტუვას საზღვართან და ასევე უკრაინის საზღვრის მიმდებარედაა დაგეგმილი.

რუსეთს უკვე განლაგებული ჰყავს ათობით ათასი ჯარისკაცი უკრაინის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით. თუმცა ამ დრომდე, კრემლი უსაფუძვლოს უწოდებს დასავლელი ლიდერების შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ უკრაინაში კიდევ ერთ შეჭრას გეგმავს.

ახალი ფრონტი - ახალი საფრთხე

კონრად მუზიკა, პოლონეთში დაფუძნებული საკონსულტაციო ორგანიზაცია „Rochan Consultancy“-ის დირექტორი ამბობს, რომ ბელარუსში რუსული ძალების განლაგება, უკრაინის თავდაცვისთვის ახალ საზრუნავად იქცევა.

ბელარუსიდან რუსული ჯარები უკრაინის დედაქალაქ კიევთან უფრო ახლოს იქნება განლაგებული. კიევიდან ბელარუსის საზღვრის უახლოეს წერტილამდე მანძილი 90 კილომეტრს არ აჭარბებს.

აშშ-ში დაფუძნებული „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ სამხედრო ანალიტიკოსის, რობ ლის თქმით, თუ რუსეთი ბელარუსში შორ მანძილზე მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებს განათავსებს, კიევის მახლობლად სამიზნეებზე დარტყმას, უკრაინაში შეჭრის გარეშეც კი შეძლებს.

ლის თქმით, რუსეთს ასევე შეუძლია, ბელარუსში ელექტრონული საომარი სისტემები განალაგოს. ამგვარი რადარების, ან სატელიტების განთავსებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, კიევის საკომუნიკაციო საშუალებების შეფერხებას შეძლებს.

რას ამბობს მინსკი და მოსკოვი?

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ წრთვნების ჩატარება უკრაინაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების გამო გახდა საჭირო. მინსკის და მოსკოვის თქმით, წრთვნები ორ ეტაპად ჩატარდება და გარე თავდასხმის მოგერიებაზე იქნება ორიენტირებული.

წრთვნების პირველი ეტაპი ძალების სწრაფ მანევრირებაზე, მნიშვნელოვანი უბნების თავდაცვის ორგანიზებაზე, საზღვრის დაცვასა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შეფასებაზეა ორიენტირებული.

მეორე ეტაპი შეიარაღებული ჯგუფების შეღწევის, ან იარაღის მიწოდების წინააღმდეგ, სახელმწიფო საზღვრის გაძლიერებაზე იქნება ფოკუსირებული. ასევე, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების აღმოჩენასა და განადგურებაზე.

რა ძალებია უკვე განლაგებული?

რუსი სამხედროები უკვე ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ორშაბათს მინსკმა განაცხადა.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ტელეკომპანია „ზვეზდას“ ინფორმაციით, რუსეთიდან ბელარუსში, ტექნიკის ტრანსპორტირება სარკინიგზო გზით მიმდინარეობს.

18 იანვარს მოსკოვმა განაცხადა, რომ 12 SU-35 ტიპის გამანადგურებლის, S-400 ტიპის თავდაცვის სისტემების და საჰაერო თავდაცვის სისტემების, Pantsir-S-ის ტრანსპორტირება უკვე მიმდინარეობს.

ჯერ საჯაროდ არ არის ცნობილი, დაგეგმილ წრთვნებში სრულად რა რაოდენობის ძალები იქნება ჩართული და რა ტიპის აღჭურვილობა განლაგდება.

კონრად მუზიკას თქმით, რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქი უკვე დატოვა ტაქტიკური ჯგუფის 7-დან 10-მდე ბატალიონმა, რომელიც ჩვეულებრივ 700-900 ჯარისკაცისგან შედგება.

XS
SM
MD
LG