ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

13-წლიანი მოლოდინი - მზადაა, თუ არა უკრაინა მაპის მისაღებად


2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრები გახდებოდნენ. მაშინ ორგანიზაცია ორივე ქვეყანას დაჰპირდა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, „წევრობის სამოქმედო გეგმას“, ანუ მაპს მიანიჭებდა და ეს იქნებოდა მომდევნო ნაბიჯი ნატოს წევრობის გზაზე.

„უნდა გვახსოვდეს, რომ 2008 წელს საქართველოს და უკრაინას მაპი არ მისცეს რუსული ფაქტორის გამო, თუმცა ამ ნაბიჯს ჩვენი რეგიონი უფრო უსაფრთხო და სტაბილური არ გაუხდია".

2008 წლის შემდეგ, 13 წელი გავიდა. საქართველო და უკრაინა, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდნენ. 2008 წელს აგვისტოს ომი დასრულდა, თუმცა მცოცავი ბორდერიზაცია, საქართველოს მოქალაქეების გატაცება და მკვლელობა გრძელდება. 2014 წელს, ყირიმში დაწყებული ომი და უკრაინის ანექსია და ომი აღმოსავლეთში კი კვლავ მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთმა 100,000 ჯარისკაცი გადაისროლა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან.

13 წლის შემდეგ, რუსეთის აგრესია ამ ორი ქვეყნის მიმართ გრძელდება და მწვავდება, საქართველო და უკრაინა კი კვლავ მაპის მოლოდინში არიან. თუმცა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინა იმედოვნებს, რომ ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც 14 ივნისს, ბრიუსელში ჩატარდება, სწორედ უკრაინა იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავის განცხადებაში თქვა, რომ 14 ივნისს, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს „ ნატოს 2030 წლის დღის წესრიგის შესახებ, რათა გავუმკლავდეთ დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებს: რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, ტერორიზმის საფრთხეს, კიბეთავდასხმებს, განვითარებად და დამანგრეველ ტექნოლოგიებს, კლიმატის ცვლილებების გავლენას უსაფრთხოებაზე და ჩინეთის აღმასვლას“.

ბოლო დროს, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში რუსეთი საკმაოდ გააქტიურდა. ვიხილეთ ჩეხი დიპლომატების სკანდალი, თუმცა გაცილებით მასშტაბური იყო, უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული რუსული ჯარი, რომელსაც რუსეთმა სამხედრო წვრთნები, უკრაინამ და დასავლეთმა კი არსებული სიტუაციის ესკალაცია უწოდა. მართალია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან წნეხისა და დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთმა თავისი ჯარი უკან გაიწვია, თუმცა უკრაინელები ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებენ.

უკრაინის ოფოციალური პირების ინფორმაციით,.დონბასში 18,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი კვლავ რჩება. დაბომბვების რიცხვი არ მცირდება და ეს ხდება იმ იარაღით, რომელიც მინსკის შეთანხმებით აკრძალულია. ამ ფონზე უკრაინელები ნატოსა და დემოკრატიული სამყაროს ჩართულობას რუსეთის წინააღმდეგ, უმნიშვნელოვანეს ფაქტორად განიხილავენ.

„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, უკრაინა, ნატო და ევროკავშირის, დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები გაერთიანდნენ და აღიარეს არა მხოლოდ ესკალაცია დონბასში, არამედ აჩვენეს მზაობა, რომ გაემკაცრებინათ ფინანსური სანქციები და გაეზარდათ ფინანსური და პოლიტიკური წნეხი რუსეთზე.“,- ამბობს ოლჰა სტეფანიშინა, უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ვიცე პრემიერ-მინისტრი.

უკრაინას რომ ნატოს მხარდაჭერა აქვს, ამას ადასტურებს ჯეიმს აპატურაიც, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

„კითხვა, რომელიც ხშირად ისმის ისაა, არსებობს თუ არა ნატოს ნება და იქნება თუ არა ეს დაფიქსირებული სამიტის კომუნიკეში, როდესაც ღია კარის პოლიტიკაზე ვსაუბრობთ? ვფიქრობ, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ პასუხია-დიახ. ჩვენ 2008 წლის შემდეგ, ბუქარესტის გადაწვეტილებების პასუხისმგებლობა ავიღეთ და დავაფიქსირეთ ყველა კომუნიკეში 2008 წლის შემდეგ“,- განაცხადა აპატურაიმ.

თუმცა, მიუხედავად ყველა იმ განცხადებისა, რომელიც წლებია ისმის, მიუხედავად რეფორმებისა, რომელიც უკრაინამ გაატარა და რომელსაც დასავლეთშიც აღიარებენ, მიუხედავად მწვავე, სამხედრო სიტუაციისა ქვეყნის დიდ ნაწილში, უკრაინას მაინც არ აქვს მაპი.

უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავადაც ესმით, რომ ქვეყანას გრძელი გზა აქვს გასავლელი ნატოს წევრობამდე, თუმცა, მაპის მიცემა ქვეყნისთვის იქნებოდა გარანტია იმისა, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს ქვეყანას და ასევე გაუგზავნიდა მკვეთრ მესიჯს რუსეთს.

„ამ საკითხისთვის ნათელის მოფენა, აღარ დაუტოვებს რუსეთს შანს, რომ გააგრძელოს თავისი დღის წესრიგი. ამიტომაც არგუმენტი, რომ რუსეთი უკრაინას შეუტევს, თუ ნატო რამენაირად წინ გადადგამს ნაბიჯს უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის მაპის მიცემასთან დაკავშირებით, უბრალოდ იგნორირებას უკეთებს გასული 7 წლის რეალობას...ჩვენთვის მაპის შესახებ კონსულტაციების დაწყების გადადება, როგორც მინიმუმ ამ ფორმატში, გზავნის არც თუ ისე კარგ სიგნალს კრემლისთვის. ამ პროცესის დაწყება კი პირიქით, გააგზავნის იმ სიგნალს, რომ ტრანსატლანტიკური ერთიანობა არსებობს და რუსეთს არ აქვს ხმის უფლება ნატოს სტრატეგიული განვითარების და ღია კარის პოლიტიკის რეალიზების დროს“,- ამბობს სტეფანიშინა.

ახლა არის უნიკალური და მნიშვნელოვანი მომენტი, რეგიონში სტრატეგიის შესაცვლელად,- ამბობს უკრაინის ვიცე-პრემიერი. თუმცა, ჯეიმს აპატურაის თქმით, ჯერ არ არსებობს არც პოლიტიკური და არც პრაქტიკული მზაობა იმისთვის, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს.

„ უფრო დიდწილად მიზეზი ის არის, რომ ჩვენს მოკავშირეებს შორის არიან ისეთი ქვეყნები, ვისაც ეჭვები აქვთ და ეჭვები აქვთ იმიტომ, რომ წევრობის სამოქმედო გეგმას, როგორც მექანიზმს, არ მოჰყვება უსაფრთხოების გარანტია. უსაფრთხოებას, მხოლოდ [ნატოს] წევრობა უზრუნველყოფს, რაც კოლექტიურ დაცვას გულისხმობს. ისინი ღელავენ, რომ მაპის მინიჭება, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ასპირანტი ქვეყნებისთვის ზრდის რისკს, განარტიებისა და დამატებითი უსაფრთხოების გარეშე. ისინი ფიქრობენ, რომ პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ვიმუშაოთ პოლიტიკის მიმართულებით“,- განმარტავს აპატურაი.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაცია, საგარეო, თუ საშინაო საკითხების ფაქტორები და ნატოს წარმომადგენლების განმარტებები უკრაინისთვის სრულიად ნათელია, მთავრობის წევრები თვლიან, რომ რეგიონის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია დაიწყოს უკრაინისთვის მაპის მინიჭებაზე მოლაპარაკებები. ამის თქმის საშუალებას, კი უკრაინელებს წარსული გამოცდილება ალაპარაკებთ.

„უნდა გვახსოვდეს, რომ 2008 წელს საქართველოს და უკრაინას მაპი არ მისცეს რუსული ფაქტორის გამო, თუმცა ამ ნაბიჯს ჩვენი რეგიონი უფრო უსაფრთხო და სტაბილური არ გაუხდია. პირიქით, ამან კარდბლანში მოახდინა და ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო უკრაინაში ძალაუფლების უზურპაციას იანუკოვიჩის რეჟიმის ქვეშ“,- ამბობს ოლჰა სტეფანიშინა.

გაითვალისწინებს, თუ არა ნატო უკრაინის არგუმენტებს, ეს 14 ივნისს გამოჩნდება. ექსპერტები თვლიან, რომ ნატოს მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ეკონომიკური დახმარება, თუ სამხედრო წვრთნები, ასევე ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტი კიევში, ნათელს ხდის, რომ უკრაინას ამერიკისა და ნატოს მხარდაჭერა აქვს. თუმცა, ამ მხარდაჭერის გასამყარებლად გადადგამს, თუ არა ნატო კიდევ ერთ პრაქტიკულ ნაბიჯს წინ, ეს დაახლოებით ერთ თვეში, ბრიუსელში გამოჩნდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG