ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკის მიერ ნორმანდიის ფორმატის შეცვლის ინიციატივას კრემლი "საგანგაშოდ" აფასებს


უკრაინის პრეზიდენტმა გაზეთ „ფაინანშალ ტაიმსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესაჩერებლად, ნორმანდიის ფორმატით გათვალისწინებული მოლაპარაკებები უნდა შეიცვალოს. ვოლოდიმირ ზელენსკის პროცესში შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და კანადის ჩართვა სურს. ამჟამად მოლაპარაკებებში უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია მონაწილეობენ.

ზელენსკის თქმით, არსებობს „ორი ვარიანტი - ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მინსკის ფორმატი, მასში კორექტირება შევიტანოთ, ან შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ფორმატი. სიჩქარეს აქვს მნიშვნელობა. ამ პროცესის ტემპი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ ხალხს“, თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას უკვე გამოეხმაურა კრემლი. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ინიციატივა „საგანგაშო სიგნალია“. “ამ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა მინსკის ფორმატში ცვლილებების შეტანაზე, ზოგიერთი ქვეყნის შეერთებაზე და ა.შ. ეს საგანგაშო სიგნალია. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ უკრაინას მინსკის პროცესის შეცვლა სურს, მაგრამ არ არსებობს მისი შეცვლის გზა, ფაქტობრივად მისი შეწყვეტის გარეშე“, თქვა პესკოვმა.

ამ ფონზე, პრეზიდენტი ზელენსკი კვლავ აცხადებს, რომ მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს. დღეს გამართულ

პრესკონფერენციაზე, ზელენსკიმ თქვა, რომ უკვე დაავალა მისი აპარატის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკს, დაუკავშირდეს პრეზიდენტ პუტინის აპარატს, შეხვედრის ადგილისა და დროის შესახებ მოსალაპარაკებლად.

ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ საჯაროდ შესთავაზა პუტინს დონბასში შეხვედრა, რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ მზად არის ნებისმიერ დროს მოსკოვში უმასპინძლოს უკრაინელ კოლეგას.

22 აპრილს პუტინმა თქვა, რომ „რჩება შეკითხვა - რის განხილვა გვსურს ამ შეხვედრაზე? თუ საუბარი შეეხება დონბასის პრობლემას, მაშინ უკრაინის ხელისუფლება უპირველეს ყოვლისა, უნდა შეხვდეს ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებს და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს პრობლემები ისეთი მესამე ქვეყნის წარმომადგენლებთან, როგორიც რუსეთია“.

ამის პასუხად ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა, რომ არ აპირებს „ტერორისტებთან“ მოლაპარაკებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG