ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის კიდევ ერთი გამოცდა დასავლეთისთვის


რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. კრემლი ბაიდენის ადმინისტრაციასა და ტრანსატლანტიკურ კავშირებს გამოცდას უწყობს - ასე აფასებენ ბოლო კვირებში მიმდინარე მოვლენებს კონგრესმენები, სენატორები, ამერიკელი თუ უკრაინელი ანალიტიკოსები. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის აზრით, კრემლის ქმედებები არა უკრაინის, არამედ, ზოგადად დემოკრატიის წინააღმდეგაა მიმართული და სწორედ ამიტომ, ეს პრობლემა დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე - მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

რუსული სამხედრო ტექნიკისა და ჯარისკაცების ავისმომასწავებელი გადაადგილება მეზობელი სახელმწიფოების საზღვრებთან - აღმოსავლეთ ევროპისთვის კარგად ნაცნობი ეს სურათი ამჟამად კვლავ უკრაინისგან მიტაცებულ და მის მოსაზღვრე ტერიტორიებზე მეორდება. 2008 თუ 2014 წლებისგან განსხვავებით, დასავლელმა ლიდერებმა დღეს უკვე კარგად იციან: ყველაფერი მოსალოდნელია: ესკალაცია, შეტაკებები, ანექსია, მსხვერპლი. ამასთან ამ ყველაფერში კრემლის მხრიდან საკუთარი როლის უარყოფა.

ჩვენ უნდა გავხადოთ ძალიან ნათელი, რომ რუსეთი ვერ შეძლებს მეზობელი ქვეყნების  ტყვეებად ყოლას სამხედრო თუ ენერგეტიკული თვალსაზრისით,
- კონგრესმენი ადამ კინზინგერი

რუსეთს უკან დახევისკენ მოუწოდეს შეერთებული შტატებისა და ნატოს უმაღლესი ტრიბუნებიდან. გააქტიურებული სამხედრო მოქმედებები დაგმეს ევროპელმა ლიდერებმაც. ეს საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმაც. შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას რუსეთს შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევისა და მასშტაბური კიბერთვდასხმისთვის სანქციებიც დაუწესა. მართალია ეს სანქციები ამერიკის არჩევნებში ჩარევასა და კიბერთავდასხმებს უკავშირდება, თუმცა ანალიტიკოსების აზრით, ეს ზომები დროული და მნიშვნელოვანი იყო, რათა რუსეთმა იცოდეს, რომ მისი აგრესიული და მავნებლური ქმედებები დაუსჯელად არ ჩაივლის. ბაიდენის ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, რომ მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.

ამერიკელი კანონმდებლები ფიქრობენ, რომ ვლადიმირ პუტინი დასავლეთის ერთიანობის და მისი მზაობის გამოცდას აგრძელებს. ამავე დროს კი შიდა პრობლემებიდან ყურადღება ქვეყნის საზღვრებს გარეთ ხელოვნურად შექმნილ პრობლემებზე გადააქვს.

„ჩვენ ვიცით, რა ახასიათებს პუტინს. მას მოსწონს ამერიკისა და დასავლეთის გამოცდა. ის განაგრძობს მოქმედებას, სანამ რეაქციას არ მიიღებს“, - ამბობს ადამ კინზინგერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი. „ვფიქრობ, მას სურს გამოსცადოს ჯო ბაიდენი და დასავლეთის ერთობა. მაგრამ ასევე უნდა დავინახოთ ფაქტები: მას ქვეყნის შიგნითაც სირთულეები აქვს და ყოველთვის, როდესაც ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შიდა გამოწვევები აქვს, ის თამაშის ერთი და იმავე წესებს იყენებს, რაც მეზობელთან პრობლემების შექმნას ნიშნავს. ძალიან შეშფოთებული ვარ ამით და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რომ ამერიკასა და ჩვენს მოკავშირეებს ნატოში ჰქონდეთ მკაცრი პოზიცია, რომ თუ საჭირო გახდა, ჩვენ გვექნება რეაგირება და სანქციები ძალიან დამაზიანებელი იქნება.

კრემლის კიდევ ერთი გამოცდა დასავლეთისთვის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:14 0:00

უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიის კონტექტში სამხედრო გადაადგილებებთან ერთად, ვაშინგტონში ენერგორესურსების იარაღად გამოყენებაზეც საუბრობენ. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - მილსადენი, რომელიც რუსულ გაზს ევროპას უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის, კვლავ ყურადღების ცენტრშია და ჯერჯერობით ამერიკასა და გერმანიას შორის უთანხმოების საგნად რჩება.

ადამ კინზინგერი მიჩნევს, რომ სწორედ ახლა ამ გაზსადენის შეჩერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „გამიხარდებოდა, თუკი გერმანელები ამ საკითხშიც ჩვენი თანამოაზრეები იქნებოდნენ და გაგვეხადა ძალიან ნათელი, რომ რუსეთი ვერ შეძლებს მეზობელი ქვეყნების ტყვეებად ყოლას სამხედრო თუ ენერგეტიკული თვალსაზრისით.“

რესპუბლიკელი კონგრესმენის აზრს იზიარებს დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინიც, რომელიც რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით დასავლელი ლიდერების მიერ შეშფოთების გამოხატვითა და მკაცრი მოწოდებებით კმაყოფილია, მაგრამ ამბობს, რომ მოქმედება სხვა გზებთან ერთად სწორედ „ჩრდილოეთის ნაკადის“ კუთხით უნდა გაძლიერდეს.

“ეს არაა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებული თემა. ეს ეხება სულ მცირე, ამ რეგიონს, და უფრო ფართოდ - დემოკრატიულ გზას. ესაა მსოფლიოში დემოკრატიისთვის ბრძოლის საკითხი. ეს ყველაფერი ერთი დიდი სურათის მცირე ნაწილებია. ამიტომ ვფიქრობ, ესაა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ, დემოკრატია რეალურია და ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ,
- უკრაინის ყოფილი პრემიერი

„რუსეთის ქმედებების შესახებ შეშფოთების გამოხატვის კუთხით ჩვენი მოკავშირეების მხრიდან პოზიტიური რეაგირება მოხდა. ეს მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენ ასევე უნდა გადავხედოთ სხვა საკითხებს, რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ პუტინისთვის ნათელი გახდეს, რომ მათი ქმედებების გამო ძალიან შეშფოთებულნი ვართ. სწორედ ამიტომ ვიყავი [გაზსადენ] უკრაინაზე დრამატული გავლენის მქონე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მომხრე. ეს და ამის შესახებ მოკავშირეებთან დამატებითი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განმარტავს სენატორი „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან საუბარში.

კრემლი კი, როგორც ყოველთვის, უარყოფს, რომ აგრესიული მიზნები აქვს. ამბობს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება და პროვოკაციებს, პირიქით ნატო უწყობს. ეველინ ფარკასი, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ევროპის, რუსეთისა და უკრაინის საკითხებზე მუშაობდა, ამბობს, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია, რადგან რეგიონში უსაფრთხოება ნატოს უსაფრთხოებაცაა და ნატო არათუ თავს ესხმის რუსეთს, არამედ - მის შეკავებას ცდილობს.

„ნატო არ ამწვავებს დაძაბულობას. ნატო ამბობს, რომ მისი წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტსა და უკრაინელი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მთავრობა და საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს არაა პროვოკაცია. ამაში არაფერია ესკალაციის გამომწვევი. პირიქით, ეს შეკავებაა“, - ამბობს ფარკასი და დასძენს, რომ კრემლისთვის სიმტკიცის ჩვენება ახლაც, როგორც ყოველთვის, გამორჩეულად მნიშვნელოვანია.

„კრემლისთვის სიმტკიცის ჩვენება მნიშვნელოვანია, რადგან ის მხოლოდ ამაზე რეაგირებს. ჩვენ გვსურს თავიდან ავირიდოთ კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინელ ხალხს შორის. მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ამერიკა გამოოიყენებს არა იმდენად სამხედრო ჩარევას, რამდენადაც ეკონომიკური და დიპლომატიური წნეხის სხვადასხვა ზომას. ამასთან, არც რუს ხალხს სურს უკრაინელ ხალხთან ომი და არც უკრაინული ჯარია იმ მდგომარეობაში, რომ მოწინააღმდეგოს საკმარისი ზიანი ვერ მიაყენოს“, - ამბობს თავდაცვის დეპატრამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი.

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კი განმარტავს, რომ ქვეყნის მიმართ კრემლის აგრესია, სინამდვილეში დემოკრატიის, დასავლური დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. წარმატებული და დემოკრატიული მეზობელი სახელმწიფოები კი პუტინისთვის პირადი საფრთხეა.

„ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას, ეს მთელ მსოფლიოში დემოკრატიას ეხება. ძალიან მნიშვბელოვანია იმის გააზრება, რომ რუსეთი აგრესორია არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, არამედ მისი დემოკრატიული გზის, დემოკრატიული არჩევანის”, - უკრაინის ყოფილი პრემიერი, ოლექსი ჰონჩარუკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

“ეს არაა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებული თემა. ეს ეხება სულ მცირე, ამ რეგიონს, და უფრო ფართოდ - დემოკრატიულ გზას. ესაა მსოფლიოში დემოკრატიისთვის ბრძოლის საკითხი. რუსეთის მთელი ეს პროპაგანდაც არის ამერიკის, ევროკავშირის, უკრაინის საზოგადოებებში დაპირისპირების შეტანის მცდელობა, ეს ყველაფერი ერთი დიდი სურათის მცირე ნაწილებია. ამიტომ ვფიქრობ, ესაა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ, დემოკრატია რეალურია და ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, - მიიჩნევს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

კონგრესმენი ადამ კინზინგერი კი განმარტავს, რომ რუსეთი დასავლეთისთვის ამ გამოცდების მოწყობაში, გამარჯვებული ვერ დარჩება „რუსეთი დამარცხდება ყოველთვის, როდესაც დასავლეთს დაუპირისპირდება“, - ამბობს კონგრესმენი.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG