ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: თუ რუსეთი უფრო სტაბილურ ურთიერთობაზე გადავა, ჩვენც ასე მოვიქცევით


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ვაშინგტონს მოსკოვთან სტაბილური ურთიერთობა სურს, თუმცა ეს კრემლის პოლიტიკაზე და მისი აგრესიულობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. 3 მაისს, ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვები, რომ ამერიკას არ სურს რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია.

"პრეზიდენტი ბაიდენი დიდი ხანია გარკვევით ამბობს, მათ შორის პრეზიდენტობამდეც, რომ თუ რუსეთი უპასუხისმგებლო და აგრესიულ ქცევას აირჩევს, ჩვენგან პასუხი იქნება" - განაცხადა ბლინკენმა. თუმცა, ის ასევე ამბობს: "ჩვენ ესკალაციას არ ვესწრაფვით, გვირჩევნია უფრო სტაბილური, უფრო პროგნოზირებადი ურთიერთობა... და თუ რუსეთი ამ მიმართულებით წავა, ჩვენც ასე მოვიქცევით".

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა ჯერჯერობით გაუარესების გზაზეა. უთანხმოება გაღრმავდა კრემლის მხრიდან უკრაინისთვის შექმნილი სამხედრო საფრთხეების გამო, ასევე ამერიკულ ქსელებზე "სოლარუინდის" საშუალებით მიტანილი კიბერიერიშის შედეგად და მოსკოვის დამოკიდებულების გამოც ოპოზიციის დაჭერილი აქტივისტის, ალექსეი ნავალნისადმი.

ენტონი ბლინკენი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივან დომინიკ რააბს ლონდონში შეხვდა. გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში დიდი შვიდეულის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები შეიკრიბნენ.

ეს ბოლო ორი წლის მანძილზე მათ შორის გამართული პირველი შეხვედრაა, რომელიც პირისპირ ტარდება. დიდი შვიდეულის ფარგლებში საგარეო უწყებათა ლიდერების შეხვედრები 3-5 მაისს იმართება. შემდეგ კი სახელმწიფო მდივანი უკრაინას ეწვევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG