ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი უკრაინაში გაემგზავრება


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მომავალ კვირაში უკრაინაში გაემგზავრება. ცოტა ხნის წინ, უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის თაობაზე, ვაშინგტონი კიევთან მჭიდრო კოორდინაციას ახდენს.

ბლინკენი უკრაინაში 5-6 მაისს იქნება. პარასკევს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა თქვა: “ის შეხვდება პრეზიდენტ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას, სხვა ოფიციალურ პირებს და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა რუსეთის მიმდინარე აგრესიის პირობებში, უკრაინის სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა დაადასტუროს.”

შეერთებული შტატები გულდასმით აკვირდება რუსეთის მოძრაობებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასულ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანას დაიწყებდა.

პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ ამ კვირაში თქვა, რომ დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია და მხოლოდ რუსეთის განცხადებას ეყრდნობიან, რომ ჯარი მთლიანად გაჰყავთ. იმავდროულად კი “უკრაინიდან [რუსეთის] გარკვეული ძალების გარკვეული წასვლა” აღნიშნა.

შეერთებული შტატების და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა თქვეს, რომ უკრაინის საზღვართან და ყირიმში დაახლოებით150 ათასიანი რუსული ჯარის დაჯგუფება მოხდა, უფრო მრავალრიცხოვანი ჯარის, ვიდრე ეს შვიდი წლის, 2014 წელს ყირიმში შეჭრისას მოხდა.

ბლინკენი სახელმწიფო მდივნის რანგში უკრაინაში პირველად გაემგზავრება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა თქვა, რომ კიევში “ის ასევე წაახალისებს უკრაინის ინსტიტუციური რეფორმის დღის წესრიგისუწყვეტ პროგრესს, განსაკუთრებით ანტიკორუფციულ საქმიანობას, რომელიც უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკური კეთილდღეობის და ევრო-ატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფის გასაღებია.”

უკრაინაში გამგზავრებამდე, აშშ-ს მთავარი დიპლომატი დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება, რომელიც 3-5 მაისს ლონდონში შედგება. ეს ორი წლის განმავლობაში პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება, მას შემდეგ რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG