ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: რუსეთის ქმედებებს ვუპასუხებთ


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კონგრესში თავისი პირველი გამოსვლის დროს, სხვა თემებთან ერთად საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და რუსეთის საკითხს შეეხო. მისი თქმით, ამერიკა არ ეძებს ურთიერთობის “გამწვავებას” რუსეთთან, თუმცა ამ ქვეყნის ქმედებებს საპასუხო რეაქცია ყოველთვის მოჰყვება.

"რაც შეეხება რუსეთს, მე ძალიან ნათლად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინის, რომ ესკალაცია არ გვსურს, თუმცა მათ ქმედებებს პასუხიც ექნება. რუსეთის მიერ ჩვენს არჩევნებში ჩარევასა და ჩვენს მთავრობასა და ბიზნესზე კიბერთავდასხმას (და მათ ეს ყველაფერი გააკეთეს) მე პირდაპირი და პროპორციული გზით ვუპასუხე",- თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ 15 აპრილს, რუსეთს სანქციები დაუწესა. სანქციების მიზეზი, მათ შორის, ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, კიბერ-თავდასხმები და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები იყო.

სიტყვით გამოსვლაში პრეზიდენტმა თქვა, რომ მიუხედავად არსებული დაძაბული მდგომარეობისა, რუსეთი და ამერიკა თანამშრომლობენ საერთო ინტერესების თემებზე, როგორიცაა, მაგალითად "ახალი სტარტის" შეთანხმება და კლიმატის ცვლილებები.

"ჩვენ ასევე შეგვიძლია ვითანამშრომლოთ იმ საკითხებში, რომლებიც ორივე ჩვენთაგანის ინტერესებშია, ჩვენ გავაგრძელეთ „ახალი სტარტის“ ხელშეკრულება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით და ვმუშაობთ, რომ იგივე გავაკეთოთ კლიმატის ცვლილების კუთხითაც“, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

პრეზიდენტის სიტყვა კონგრესში ერთ საათს გაგრძელდა და მას სიტყვა ტაშით 57-ჯერ შეაწყვეტინეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG