ზელენსკი დასავლეთის ლიდერებს რუსეთისთვის მეტი სანქციების დაწესებას სთხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი და ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ. კიევი, უკრაინა. 2 თებერვალი, 2023 წ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ჩასულ ევროპის ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთს კიდევ უფრო მეტი სანქცია დაუწესონ. ევროპის კავშირი უკრაინაში სამიტს ატარებს, რომელზეც კიევის დახმარების გზები და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხები განიხილება.

დასავლეთმა რუსეთს მკაცრი სანქციები უკრაინაში განმეორებით შეჭრის და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაუწესა. არაპროვოცირებულ და უსამართლო თავდასხმას ათობით ათასი ადამიანი შეეწირა, მილიონობით უკრაინელს სახლის დატოვება აიძულა და გლობალური ეკონომიკა სერიოზულად შეარყია.

ერთ-ერთი ბოლო იერიში მოსკოვმა უკრაინულ ქალაქ კრამატორსკზე მიიტანა. საცხოვრებელი სახლების დაბომბვის შემდეგ, იქ სულ ცოტა, 3 ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი ნანგრევებში მოჰყვა - აცხადებს უკრაინის პოლიცია.

რუსეთის განცხადებით, მათ იერიში ბახმუტის ჩრდილოეთით, შეერთებულ შტატებში დამზადებული რაკეტის გამშვებ დანადგარებზე მიიტანეს. ბახმუტი რუსეთის შეტევების ფოკუსში რჩება, სადაც კრემლმა ბოლო დროს ზედიზედ რამდენიმე წარმატებას მიაღწია.

ასევე ნახეთ: "მსჯელობა არ ნიშნავს ყოყმანს" - ამერიკელი სენატორები უკრაინის სამხედრო დახმარებაზე

კიევში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საზეიმოდ აღნიშნა ვოლგოგრადთან (ყოფილი სტალინგრადი) ნაცისტურ გერმანიაზე 80 წლის წინ მოპოვებული საბრძოლო გამარჯვება. შეკრებილებისადმი გაკეთებულ მიმართვაში, მან უკრაინაში ახალი გამარჯვება იწინასწარმეტყველა, მკაცრად გააკრიტიკა გერმანია უკრაინის დახმარების გამო და თქვა, რომ მზად არის ბრძოლაში რუსეთის შეიარაღების მთელი არსენალი ჩართოს, რაც ბირთვულ იარაღსაც მოიცავს.

"სამწუხაროდ, კვლავ მოწმე ვართ ნაციზმის იდეოლოგიის მოდერნისტული განსახიერების, რაც უშუალო საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას" - თქვა მან საზეიმო მიმართვაში. პუტინმა მტრად "კოლექტიური დასავლეთი" წარმოაჩინა და აქცენტი ისევ გერმანიაზე გადაიტანა: "წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ფაქტია: ჩვენ ისევ გვაშინებენ გერმანული "ლეოპარდის" ტანკებით, რომლებზეც ჯვარია გამოსახული".

პუტინი მეზობელ სახელმწიფოში დაწყებულ მსხვილმასშტაბიან ომს კვლავ "სპეცოპერაციას" უწოდებს. დასავლეთის სახელმწიფოები კი თვლიან, რომ მოსკოვმა უკანონო იერიში მიიტანა დამოუკიდებელ ქვეყანაზე და მისი სუვერენიტეტის ხელყოფის გზით, ტერიტორიების დაპყრობას ცდილობს.

ასევე ნახეთ: როიტერი: აშშ უკრაინას უფრო შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს

ხუთშაბათს, 2 თებერვალს, კიევში მატარებლით ჩასვლისთანავე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი კიევს კიდევ უფრო მეტ დახმარებას დაპირდა. "ჩვენი სანქციების გაღრმავების შედეგად, რუსეთის ეკონომიკა მძიმე საფასურს იხდის, რაც მას მთელი თაობით უკან გადასწევს. ჩვენ ზეწოლას მომავალშიც გავზრდით" - განაცხადა მან პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკიმ ევროკავშირს კიდევ უფრო მეტი სანქციის დაწესებისკენ მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი ტემპი "ოდნავ შენელდა" და მოსკოვი ადაპტირებას ახერხებს იმ ფონზე, როცა ის ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ შეიარაღებულ კონფლიქტს აწარმოებს. "რაც უფრო სწრაფად და უკეთ მოხდება ამ მიზნის [სანქციების დაწესების] მიღწევა, მით უფრო მივუახლოვდებით რუსეთის ფედერაციის აგრესიის მარცხს" - განაცხადა ზელენსკიმ.

ურსულა ფონ დერ ლეიენი ამბობს, რომ უკრაინა 24 თებერვლამდე, ომის წლისთავამდე კიდევ უფრო მეტ სამხედრო, ფინანსურ და პოლიტიკურ დახმარებას მიიღებს. მან ასევე გააკეთა განცხადება ჰააგაში ახალი საერთაშორისო ცენტრის დაფუძნების თაობაზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჩამდენ დამნაშავეებს გაასამართლებს. "ვიცით, რომ აქ ჩვენი კონტინენტის მომავალი იწერება... ეს არის დემოკრატიული ქვეყნების ბრძოლა ავტორიტარულ რეჟმთან" - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.