ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მოუწოდებს, “ვაგნერის ჯგუფის” წინააღმდეგ სანქციებს სხვებიც შეუერთდნენ


"ვაგნერის ცენტრის" ოფისი რუსეთში. 3 ნოემბერი, 2022 წ.
"ვაგნერის ცენტრის" ოფისი რუსეთში. 3 ნოემბერი, 2022 წ.

პარასკევს, 10 იანვარს, თეთრმა სახლმა განცხადება რუსეთისთვის დაწესებული, სანქციების მორიგი რაუნდის თაობაზე გააკეთა. ვაშინგტონი სანქციებს უწესებს რუსულ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფებას, რომელიც "ვაგნერის ჯგუფის" სახელით არის ცნობილი.

დაჯგუფებას შეერთებული შტატები ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციის კლასიფიკაციას ანიჭებს. ხაზინის დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ძალაში მომავალი კვირიდან შევა.

ბაიდენის ადმინისტრაცია სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, შეუერთდეს ამ დამნაშავეობრივი ჯგუფის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს. აღნიშნული კერძო საჯარისო დაჯგუფება რუსი ოლიგარქის და პუტინის ახლო მოკავშირის, ევგენი პრიგოჟინის მიერ იმართება და ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ამას გარდა, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ნოემბერში გადაღებული ფოტოები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეიდან "ვაგნერის ჯგუფს" სარკინიგზო ვაგონებით მიაწოდეს სახმელეთო ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღება, რაკეტები და ჭურვები. ფოტოები ვაშინგტონმა გაეროს უშიშროების საბჭოსაც წარუდგინა, რომელსაც ევალება სანქციების დაწესება ჩრდილოეთ კორეისთვის, თუკი აღნიშნული ფაქტი დადასტურდა და ფხენიანმა იარაღით ვაჭრობის საკითხებზე მიღებული, უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დაარღვია.

"ამერიკის ხმის" თეთრი სახლის ბიუროს დირექტორი პეტსი ვიდაკუსვარა ესაუბრა შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორს, ჯონ კირბის. საუბარი "ვაგნერის ჯგუფის" წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსაც შეეხო. ამ დაჯგუფებას ახლა 40 000 ჯარისკაცი ჰყავს უკრაინაში საბრძოლველად დაქირავებული, რომლებიც ძირითადად ყოფილი პატიმრები არიან.

ჯონ კირბის თქმით, "ვაგნერის ჯგუფის" ტრანსნაციონალურ კრიმინალურ დაჯგუფებად გამოცხადება, შეერთებულ შტატებში მათი ქონების და საბანკო ანგარიშების გაყინვის საშუალებას იძლევა. მათ შეუწყდებათ ამერიკიდან ნებისმიერი კერძო თუ იურიდიული პირის მიერ დაფინანსება.

კირბის განმარტებით, აქამდე დაწესებული სანქციები კერძო კონტრაქტორ კომპანიებზე, მათ შორის "ვაგნერის ჯგუფის" წევრებზე და რუსეთის ექსპორტზე ვრცელდებოდა. თუმცა, ახალი ზომა მხოლოდ ამ ჯგუფს ამოიღებს მიზანში და მისი გავლენა მყისიერი იქნება.

დამატებითი ინფორმაცია ახალ სანქციებზე მომავალ კვირას გახდება ცნობილი, როცა განცხადებას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი გააკეთებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG