ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის "ვაგნერის ჯგუფის" ქმედება უნდა შეწყდეს - დერეკ შოლე


ბელგრადი, სერბეთი. დერეკ შოლე პრეს-კონფერენციას მართავს, 13 იანვარი, 2023

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა დერეკ შოლემ ძლიერი შეშფოთება გამოხატა "ვაგნერის ჯგუფის" ქმედების გამო. რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფება ცდილობს ჯარისკაცების დაქირავებას სერბეთში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

შოლემ, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველის თანამდებობას იკავებს, 12 იანვარს განაცხადა, რომ მან ეს საკითხი წამოჭრა ბელგარდში, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან საუბარში. "ვნახეთ, რომ "ვაგნერის ჯგუფი" ცდილობს ჯარისკაცების დაქირავებას სერბეთში და სხვა ქვეყნებში, ამის მიღება შეუძლებელია" - უთხრა მან ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. "არ ვიცი, აქვთ თუ არა შეშფოთება [სერბეთში], ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს შეშფოთებებზე და რომ სულმოუთქმელად ველით მთავრობასთან თანამშრომლობას აქ, ბელგრადში და სხვა ქვეყნებშიც, სადაც "ვაგნერი" აქტიურობს, რათა დავასრულოთ მათი ქმედება" - დასძინა შოლემ.

"ვაგნერის ჯგუფი", რომელსაც რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი მართავს, ათეულობით ქვეყანაში აქტიურობს. მათ შორის უმეტესობა აფრიკის სახელმწიფოებია, სადაც რუსეთი საკუთარი პოლიტიკის გატარებას ცდილობს. ბოლო დროს, სამხედრო დაჯგუფება გააქტიურდა სერბეთში - ბელარუსის გამოკლებით ერთადერთ ევროპულ ქვეყანაში, რომელიც არ შეუერთდა ევროპულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. დაჯგუფების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბელგრადში ოფისებს ხსნიან, რაც მათ მოგვიანებით უარყვეს.

დასავლეთი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია "ვაგნერის ჯგუფის" წევრებს ადამიანის უფლებების უხეშ ხელყოფაში ადანაშაულებს, განსაკუთრებით - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ლიბიაში და მალიში. ცნობილია, რომ "ვაგნერის ჯგუფში" დიდი რაოდენობით არიან სისასტიკით გამორჩეული, რუსეთის ციხეებიდან აყვანილი და გაწვრთნილი დამნაშავეები. ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოქმედებისთვის, ჯგუფს "განსაკუთრებული შეშფოთების" კლასიფიკაცია მიანიჭა.

შეერთებულმა შტატებმა პრიგოჟინს და მის ჯგუფს უკვე წლებია სანქციები დაუწესა. ახლახან ვაშინგტონმა დამატებითი ზომები მიიღო, რომ "ვაგნერის ჯგუფს" იარაღის შესყიდვაზე წვდომა შეუზღუდოს. თუმცა, ის იარაღს მაინც ყიდულობს ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან. „შეერთებულ შტატებს შეუძლია იმის დადასტურება, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაასრულა შეიარაღების მიწოდების პირველი რაუნდი რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიისთვის, რომელიც “ვაგნერის ჯგუფის” სახელითაა ცნობილი" - განაცხადა რამდენიმე დღის წინ, გაეროში ამერიკის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG