76,7 მილიონი ბოთლი: რეკორდული წელი ქართული ღვინისთვის

ბოლო 30 წლის მანძილზე, ქართული ღვინის ექსპორტმა სარეკორდო ნიშნულს მიაღწია. ღვინის ეროვნული სააგენტოს დაზუსტებული მონაცემებით, 2017 წელს, მსოფლიოს 53 ქვეყანაში, 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გაიყიდა, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საუკეთესო მაჩვენებელია.

2017 წელს ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა თითქმის 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 54%-ით, ხოლო შემოსავალი 49%-ით არის გაზრდილი.

ქართული ღვინის გასაღების მთავარი ბაზარი ისევ რუსეთია, სადაც მთელი ექსპორტის 62% ანუ 47,7 მლნ ბოთლი ღვინო გაიყიდა. შემდეგ მოდის - უკრაინა (8,5 მლნ ბოთლი), ჩინეთი (7,5 მლნ), ყაზახეთი (3,3 მლნ), პოლონეთი (2,6 მლნ), ბელარუსი (1,8 მლნ) და ლატვია (1,5 მლნ).

ღვინის ექსპორტმა მოიმატა არატრადიციულ ბაზრებზეც: გერმანიაში 38%-ით (404 ათასი ბოთლი), აზერბაიჯანში 75%-ით (141 ათასი), მონღოლეთში 82%-ით (168 ათასი), ისრაელში 150%-ით (213 ათასი) და საფრანგეთში 178%-ით (99 ათასი).

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ 2018 წელს, მთავარი პრიორიტეტი ქართული ღვინის ხარისხის ზრდა და ახალ ბაზრებზე დამკვიდრება იქნება:

რუსეთის მიმართულება უნდა შენარჩუნდეს, ეს არის ძალიან დიდი ბაზარი, სადაც ქართულ ღვინოს დიდი ხანია იცნობენ და აფასებენ, მაგრამ ჩვენი მიზანია არ ვიყოთ დამოკიდებული არა მხოლოდ ერთ ბაზარზე, არამედ ერთ რეგიონზეც. გვინდა ქართული ღვინო რეგიონიდან ახალ ბაზრებზე გავიდეს"
გიორგი სამანიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

„რუსეთის მიმართულება უნდა შენარჩუნდეს. ეს არის ძალიან დიდი ბაზარი, სადაც ქართულ ღვინოს დიდი ხანია იცნობენ და აფასებენ, მაგრამ ჩვენი მიზანია არ ვიყოთ დამოკიდებული არა მხოლოდ ერთ ბაზარზე, არამედ ერთ რეგიონზეც. მიუხედავად იმისა,რომ გაყიდვები რუსეთსა და უკრაინაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, მაინც გვინდა ქართული ღვინო რეგიონიდან ახალ ბაზრებზე გავიდეს.

მეორე მნიშვნელოვანი ამოცანაა, მომავალ წლებშიც, სტაბილურად ამ ნიშნულზე შევინარჩუნოთ ექსპორტი. ეს რაოდენობა იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ უფრო მეტ ზრდას არც ველოდებით და არც ვგეგმავთ, განსაკუთრებულ აქცენტს ქართული ღვინის ხარისხის კონტროლსა და ამაღლებაზე გავაკეთებთ.“

თუ ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო სტრატეგიულ გათვლებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე (სინგაპური, ჰონგ კონგი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია) აკეთებდა, 2018 წელს, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ქართული ღვინის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე დამკვიდრება იქნება.

ამ მიზნით, ღვინის სააგენტო შეერთებული შტატებში რამდენიმე მნიშვნელოვან მარკეტინგულ ღონისძიებას გეგმავს, რომელიც გასულ წელს დაწყებული კამპანიის გაგრძელება იქნება.

გიორგი სამანიშვილი Boston Wine Expo-ზე

2017 წელს, ქართული ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ ბოსტონის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო - Boston Wine Expo-სა და ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენებზე - RAW NY და RAW LA.

ამერიკის ქალაქებში მოეწყო „ქართული ღვინის დღე“ და დეგუსტაციები, მათ შორის, ვაშინგტონში, კონგრესის შენობაში. საქართველოს ღვინის ინდუსტრიას კი ადგილზე რამდენჯერმე გაეცნენ ამერიკელი სომელიეების, იმპორტიორებისა და ღვინის მწერლების ჯგუფები. აშშ-ში გასულ წელს, სულ 457 920 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა, ზრდამ წინა წელთან შედარებით - 56% შეადგინა.

by Melissa Hom

გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ ქართულ ღვინოს კარგი პოტენციალი აქვს ეს მაჩვენებელი გაზარდოს ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე, სადაც წელიწადში 3 მილიარდ ლიტრ ღვინოს მოიხმარენ:

ველოდებით, რომ 2018 წელი გარდამტეხი იქნება და ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინო უკვე სოლიდურად გამოჩნდება, იმიტომ რო ჩვენი ღვინის ცნობადობა ძალიან არის გაზრდილი. ჩვენ ამერიკის ბაზარზე ვუმიზნებთ საშუალო (10-15 დოლარი) და საშუალოზე ცოტა მაღალ (15-25 დოლარი) საფასო სეგმენტს"

„ველოდებით, რომ 2018 წელი გარდამტეხი იქნება და ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინო უკვე სოლიდურად გამოჩნდება, იმიტომ რომ ჩვენი ღვინის ცნობადობა ძალიან არის გაზრდილი. ჩვენ ამერიკის ბაზარზე ვუმიზნებთ საშუალო (10-15 დოლარი) და საშუალოზე ცოტა მაღალ (15-25 დოლარი) საფასო სეგმენტს და ვფიქრობთ, რომ წელს ექსპორტს მინიმუმ გავაორმაგებთ და ერთ მილიონ ბოთლს გავყიდით.“

2017 წელს, ადგილწარმოშობის დასახელების საექსპორტო ქართულ ღვინოებს შორის, გაყიდვების ლიდერი ისევ „ქინძმარაული“ (12,8 მლნ ბოთლი) იყო, ხუთეულში ასევე შევიდის: „მუკუზანი“ (4,2 მლნ), „წინანდალი“ (3,4 მლნ), „ახაშენი“ (1,5 მლნ) და „ხვანჭკარა“ (887 ათასი).

გასულ წელს, საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 18,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 288 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ამ სეგმენტში ექსპორტი, შესაბამისად, 78% და 180%-ით გაიზარდა. მთლიანობაში - ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულიმა შემოსავლებმა - 283,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.