ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიღნაღელი ჯონის ხოხბის ცრემლები


ჯონ უერდემანი "ანდერგრაუნდში" აუქციონის დროს

„150 - ორი! 400 - ერთი! 410 - ერთი! 410 - ორი! 410 - სამი, გაიყიდა!“

აუქციონერის ეს უჩვეულო ხმა თბილისში, ღვინის ბარ „ანდერგრაუნდში“ ისმოდა. პირველად ქართული მეღვინეობის ისტორიაში, აქ, ქართული ნატურალური ღვინოების აუქციონი, საქმელმოქმედო მიზნით გაიმართა.

„ანდერგრაუნდის“ დარბაზი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა ერთადერთი მიზნით გაავსეს, დახმარებოდნენ, ამერიკული წარმოშობის ქართველ მეღვინეს, ჯონ ჰენრი უერდემანს, რომელსაც 10 დეკემბერს, სიღნაღის ცენტრში, ძლიერმა ხანძარმა, ისტორიული, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაუნადგურა.

საქველმოქმედო ღონისძიებამ მოლოდინს გადააჭარბა. გაიყიდა აუქციონზე გამოტანილი 56-ვე ბოთლი ღვინო. მათგან ყველაზე ძვირად, 1200 ლარად - ნიკოლოზ ანთაძის 2010 წლის რქაწითელი. 1010 ლარად კი ზაზა ჯაყელის 2010 წლის საფერავი და იაგო ბითარიშვილის 2003 წლის ჩინური.

აუქციონზე წარმოდგენლი იყო კახეთის, ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, მესხეთისა და გურიის ნატურალური ღვინოები, მათ შორის უნიკალური ქარვისფერი და ვარდისფერი ჩხავერი, ასევე ჩხავერის, ჯანისა და სხილათუბანის კუპაჟი, რომლებიც ასევე მაღალ ფასად შეფასდა.

ცოტა მრცხვენია, მგონია რომ არ დამიმსახურებია ამდენი სიყვარული და მეგობრობა, მაგრამ, ძალიან მადლიერი ვარ. რაც მთავარია, არ მეშინია, ნათელი მომავალი გვექნება ყველას ერთად, რადგან ამდენი მეგობარი, ჯარი, ძმები და დები გვყავს ჩვენს გვერდში.
ჯონ უერდემანი

ჯამში, აუქციონიდან, სიღნაღელი მეღვინის მხარადსაჭერად 18200 ლარი შეგროვდა. კარდენახის მარანისა და ღვინის კლუბის შემოწირულობის შემდეგ კი თანხამ 20 000 ლარს გადააჭარბა. ჩარდახელმა მეღვინემ იაგო ბითარიშვილმა კერძოდ აღნიშნა:

„ეს არის ჩვენი სიმბოლური გვერდში დგომა და მხარდაჭერა. ამდენი წლის მანძილზე, თავად ჯონს და მის ოჯახს აქვს, ძალიან დიდი წვლილი ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში. ხალხი, რომელიც მოვიდა აუქციონზე დასასწრებად უკვე ადასტურებს, რომ მხარდაჭერა ძალიან დიდია.“

პროფესიონალი მხატვარი, 40 წლის ჯონ უერდემანი ამერიკის სამხრეთ დასავლეთის, ერთ-ერთ მთიან შტატში - ნიუ მექსიკოში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიას ჯერ ბალტიმორის ხელოვნების კოლეჯში, შემდეგ კი მოსკოვში, სურიკოვის ინსტიტუტში დაეუფლა.

20 წლის ასაკში პირველად მოხვდა საქართველოში. ამბობს, რომ კახეთის საოცარმა ფერებმა სამუდამოდ დაატყვევა. 1996 წელს სიღნაღში სახლი იყიდა. 1998 წლიდან კი საქართველოში სამუდამოდ გადმოსახლდა, ქართული ენა შეისწავლა და ქეთევან მინდორაშვილთან ერთად, ქართულ-ამერიკული ოჯახი შექმნა.

თავიდან ჯონის გატაცება მხატვრობა და ქართული პოლიფონიური სიმღერები იყო. იგი, მეუღლესთან ერთად ანსამბლ „ზედაშეს“ ხელმძღვანელობს, რომელიც მივიწყებულ სასიმღერო ტრადიციების გაცოცხლებას ემსახურება.

2006 წლიდან კი, რუსული ემბარგოს პირობებში, ჯონ უერდემანი ბოდბისხეველ გელა ფათალიშვილთან ერთად, ღვინის ბიზნესში ჩაება და კომპანია „ხოხბის ცრემლები“ დაარსა. მოგვიანებით, ამ ბიზნესს ასევე შეუერთდნენ ამანდა ბლასკო, ერიკ ანდერმო, ჯეკობ მორნდალი და ჰენრიკ კალერსტანდი.

2015 წლის 11 დეკემბერს, როცა ჯონ უერდემანს სიღნაღში საცხოვრებელი დაეწვა, უამრავმა ადამიანმა, რომლებიც მას პირადად იცნობენ, გააპროტესტა ქართულ მედიაში გასული ინფორმაცია, რომ „ჯონი ამერიკელი ბიზნესმენია“.

მართლაც, ბოლო 20 წელიწადში, საქართველო, ქართული ღვინო და ქართული პოლიფონიური მუსიკა, როგორც სიღნაღში, ისე საზღვარგარეთ,უამრავმა უცხოელმა სწორედ, საქართველოს მოქალაქე, ქართველი მეღვინის ჯონ უერდემანის დიდი ძალისხმევით გაიცნო და შეიყვარა. აუქციონის დასრულების შემდეგ, ჯონიმ სწორედ მეგობრობაზე ისაუბრა:

„მდიდარი კაცი ვარ. ჩემი მეგობრების წრე დიდია, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში იმდენმა ადამიანმა დამირეკა, მომწერა და სხვადასხვა ფორმით ცდილობდა რომ დამხმარებოდა, რომ ვერც ვასწრებდი, ელემენტარულად პასუხი რომ გამეცა და მადლობა გადამეხადა.

ცოტა მრცხვენია, მგონია რომ არ დამიმსახურებია ამდენი სიყვარული და მეგობრობა, მაგრამ, ძალიან მადლიერი ვარ. რაც მთავარია, არ მეშინია, ნათელი მომავალი გვექნება ყველას ერთად, რადგან ამდენი მეგობარი, ჯარი, ძმები და დები გვყავს ჩვენს გვერდში.“

საინტერესოა, რომ ორი კვირის წინ, გავლენიანმა „ბლუმბერგ ბიზნესმა“ ჯონ უერდემანის ღვინო, ქვევრში დაყენებული 2013 წლის რქაწითელი, ამერიკის შეერთებული შტატების ღვინის ბაზარზე არსებულ, 50 საუკეთესო ღვინოს შორის დაასახელა, რომლებიც 50 დოლარზე ნაკლები ღირს.

„თუ სიცოცხლე არ არის ვენახში, სიცოცხლე ჭიქაშიც არ იქნება“ - ეს სიღნაღელი მეღვინის, ქართველი ჯონ უერდემანის ღვინის ფილოსოფიაა. მეგობრები კი მის დახმარებას აგრძელებენ, ამის გაკეთება თქვენც შეგიძლიათ.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG