ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ღვინოზე ემბარგოს შეწყვეტის მოლოდინში


ემბარგოს მოხსნის თაობაზე საყურადღებო საუბრები განახლდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ექვსი წლის წინ, რუსეთმა საქართველოს ღვინოზე ემბარგო დაუწესა. ბაზარი, რომელზეც ქართული ღვინის 80 პროცენტის ექსპორტი მოდიოდა მოულოდნელად დაიკეტა. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, საქართველოდან ახლახანს დაბრუნებული ჯეიმს ბრუკი მოგვითხრობს დეტალებზე.

ახლა, როდესაც ქართველებმა ახალი პრემიერ მინისტრი აირჩიეს, ემბარგოს მოხსნის თაობაზე საყურადღებო საუბრები განახლდა.

თბილისიდან 120 კილომეტრით დაშორებულ სიღნაღში ღვინის მწარმოებლები ამბობენ, რომ მათ შეძლეს ბიზნესის მსხვილი რუსული ბაზრის გარეშე განვითარება.

საქართველოს აღმოსავლეთ ფერდობებზე, არქეოლოგების თქმით, ყურძნის მოშენებისა და მეღვინეობის მსოფლიოში ყველაზე ადრეული ნიმუშებია აღმოჩენილი. რვა ათასი წლის წინ, აქ ღვინო ცვილით დაფარულ და მიწაში ჩაფლულ მასიური თიხის ჭურჭელში - ქვევრში დამზადდა.

ამერიკელი ჯონ ვურდემანი „ხოხბის ცრემლების” სახელწოდებით ცნობილი თავისი საფირმო ღვინის დამზადებისას ძველ ტრადიციას მისდევს.

„ჩვენ აღმავლობის ხანაში ვართ,” - ამბობს ვურდემანი და მნახველებს თავის ვენახებსა და ქვევრებს ათვალიერებინებს. „ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, თუმცა, უმეტესწილად, საქმე განათლებას ეხება. განათლებაში კი იმას ვგულისხმობ, რომ ადამიანებს უნდა აუხსნა, რომ თუ უმეტეს დროს ვენახებში გაატარებ და არა ღვინის სარდაფში და თუ ყურძენი მართლაც ჯანსაღია, მას ზედმეტი მოვლა აღარ დასჭირდება,” - ამბობს ჯონი.

ერთ ვენახში გამოსაცდელად მან 340 სხვადასხვა ჯიშის ყურძენი დარგო. „ხოხბის ცრემლების” პოპულარიზაციას სპეციალური ტურების, ღვინის დაგემოვნებისა და ინგლისურ და ქართულ ენებზე მომზადებული ვებგვერდის მეშვეობით გაყიდვების ორგანიზებით ეწევა.

ხარისხის გაუმჯობესების გზით საქართველო ევროპულ და ამერიკულ ბაზრებს იზიდავს. მათ შორის არის სან ფრანცისკოს მახლობლად მდებარე ღვინის ბარისა და მაღაზიის მფლობელი ლიზა კოსტაც.

„ამ ღვინოში უდიდესი ხასიათი და უნიკალობაა,” - ამბობს ლიზა ღვინის დაგემოვნების შემდეგ. „ჯონის მსგავსი ადამიანები ცდილობენ, ტრადიციები, უძველესი ჯიშები და ღვინის დამზადების ძველთაძველი მეთოდები შეინარჩუნონ. ღვინო კი თავისზე მეტყველებს.”

შავი ზღვისპირეთის ამ პატარა ქვეყნაში დამზადებული ღვინო მსოფლიოს 50 ქვეყანაში იყიდება. ყოველივე ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 2006 წელს, პრო-დასავლური საქართველოდან ღვინის იმპორტზე უეცრად ემბარგო დააწესა. ვურდემანი იხსენებს, რომ საქართველო რუსეთზე დიდწილად იყო დამოკიდებული, რადგან ქართულ ღვინოს რუსეთის ბაზრების 80 პროცენტი ეკავა.

„ხუთი თუ ექვსი წლის წინ, ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო, ტრადიციული წესით დამზადებული ქართული ღვინო ქვეყნის გარეთ სადმე გენახათ,” - განმარტავს ჯონი. „ახლა, ქართული ღვინო ჩნდება პარიზის, სან ფრანცისკოს, ნიუ იორკის, ტოკიოს ბაზრებზე, რისი მიზეზიც, ერთის მხრივ, ღვინის დამზადების დღემდე შემონახული, უძველესი ტრადიციაა, მეორეს მხრივ, კი მისი სრულიად განსხვავებული არომატი.”

ღვინის ხარისხი იმდენად მკვეთრად გაუმჯობესდა, რომ საქართველო, ემბარგომდე პერიოდის მსგავსად, ჩამოსხმული ღვინის ერთ მესამედს ექსპორტზე უშვებს და იგივე შემოსავალს იღებს.

საპარლამენტო არჩევნების შემდგომი ცვლილებების ფონზე, მომავალ კვირას საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრი ეყოლება. ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა. ღვინის რუსი იმპორტიორები დარწმუნებულნი არიან, რომ ემბარგო მოიხსნება. ისინი ვურდემანს გარიგებების გასაფორმებლად უკავშირდებიან.

„რუსეთის ბაზრის გახსნის საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ იმპორტიორებს ნაკლებხარისხიანი, თუმცა დიდი რაოდენობით ღვინის შეძენის სურვილი გაუჩნდებათ,” - განმარტავს ამერიკელი მეღვინე. მისი თქმით, ათასობით წელია, რაც ღვინო ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. რუსეთმა კი, მისი თქმით, ახლახანს დაიწყო არყის კულტურიდან გამოსვლა.

„ღვინის კულტურის განვითარებას რუსეთში გარკვეული დრო დასჭირდება,” - ამბობს ჯონი. „ჩემზე რომ იყოს, მე ბოიკოტს გავაგრძელებდი. 5-10 წელიწადში, საქართველოში ძალიან ბევრი, კარგი, მცირე მეწარმე გაჩნდება, რომლებიც ნადვილი ღვინის ბაზარზე სათანადო ადგილს დაიმკვიდრებენ. ამის შემდეგ, საქართველო აღარ იქნება დაშანტაჟების საშიშროების წინაშე.”

ჟაკ ფლუღი ფრანგი მეღვინეა, რომელიც პატარა, ქართულ ღვინის ქარხანას - „შატო მუხრანს” ხელმძღვანელობს. თბილისში განთავსებულ ღვინის მაღაზიაში საუბრისას, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ემბარგოს შედეგად „საქართველოში ღვინის წარმოების მაღალი ხარისხი ბრუნდება, რადგან ქართულმა ღვინომ დასავლეთის ბაზრები უნდა აითვისოს, შესაბამისად, აქცენტებიც ხარისხზე კეთდება.”

ოფიციალური ვერსიის თანახმად, რუსეთი ქართულ ღვინოს ჯანმრთელობის მიზეზების გამო კრძალავს. თუმცა, ფლუღი მიიჩნევს, რომ რუსეთში ღვინის მოყვარულები ამ შეშფოთებას არ იზიარებენ. „რასაც მე ვხედავ, ხალხი სანქტ პეტერბურგიდან გემით ესტონეთში ან ფინეთში მიემგზავრება ჩვენი ღვინის შესაძენად და შემდეგ რუსეთში ქართული ღვინის ყუთებით ბრუნდება. ასე რომ, ვფიქრობ, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი არ ჩამცხრალა,” - განმარტავს ფრანგი მეღვინე.

ახლა სწორედ ის მომენტი დადგა, როდესაც რუსეთის მომხმარებლების დაცვის ფედერალურმა სამსახურმა ხელმეორედ უნდა აღმოაჩინოს ის, რაც ქართველებისათვის ათასობით წლის მანძილზე ცნობილი ფაქტია -- ამ უძველეს ფერდობებზე მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ერთი ჭიქა ქართული ღვინო ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
XS
SM
MD
LG