ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ღვინის ინდუსტრია დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წელს, გაყიდვებმა ისევ მოიმატა და 53 ქვეყნის ბაზრებზე, 50 მილიონამდე ბოთლს მიაღწია. სულ ექსპორტზე - თითქმის, 114 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც 16%-ით მეტია, 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქართული ღვინის ექსპორტის 50 პროცენტზე მეტი ისევ რუსეთზე მოდის, სადაც 2016 წელს - 27 მილიონზე მეტი ბოთლი გაიყიდა. შემდეგ მოდიან - უკრაინა (5 811 050), ჩინეთი (5 299 149), ყაზახეთი (3 393 435), პოლონეთი (2 329 820), ბელარუსი (1 174 362) და ლატვია (1 258 632).

ტრადიციული ბაზრების გარდა, ღვინის ექსპორტის ზრდა შეინიშნება შედარებით ახალ ბაზრებზე, რომლებსაც ღვინის ეროვნული სააგენტო სტრატეგიულ მიმართულებად მიიჩნევს.

მათ შორის, აღსანიშნავია, ქართული ღვინის ექსპორტის 89 %-იანი ზრდა ჩინეთში, 46%-იანი - პოლონეთში, 28%-იანი დიდ ბრიტანეთში და 19%-იანი - ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 2016 წელს, 294 ათასი ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა.

გიორგი სამანიშვილი, რომელიც ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს ამბობს:

თითქმის, ყველა მიმართულებით იზრდება ექსპორტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს, ახალ სტრატეგიულ ბაზრებზე. ეს არის აშშ, სადაც გაიზარდა გაყიდვები, ასევე, ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით გამოვყოფდი: დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთს, სადაც ძალიან კარგი ზრდა გვაქვს. რაც ყველაზე უფრო მახარებს, გაჩნდა მოთხოვნა მაღალხარისხიან ქართულ ღვინოზე"

„თითქმის, ყველა მიმართულებით იზრდება ექსპორტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს, ახალ სტრატეგიულ ბაზრებზე. ეს არის აშშ, სადაც გაიზარდა გაყიდვები, ასევე, ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით გამოვყოფდი: დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთს, სადაც ასევე ძალიან კარგი ზრდა გვაქვს.

აზიის მიმართულებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2016 წელს, განსაკუთერით ჩინეთი, აქ არა თუ გაიზარდა, გასამმაგდა ჩვენი ღვინის ექსპორტი.

რაც ყველაზე უფრო მახარებს, გაჩნდა მოთხოვნა მაღალხარისხიან ქართულ ღვინოზე და შესაბამისად, მიწოდებაც აუცილებლად მაღალხარისხიანი იქნება.“

ადგილწარმოშობის დასახელების საექსპორტო ღვინოებს შორის, 2016 წლის ლიდერებში: ოთხი კახური და ერთი რაჭული ღვინო მოხვდა. გაყიდვების აბსოლუტური ლიდერია „ქინძმარაული“, რომლის წარმოების მიკროზონაც ყვარლის რაიონში მდებარეობს. გასულ წელს, ექსპორტზე - 7 417 333 ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა.

2016 წელს, გაყიდვების აბსოლუტური ლიდერი "ქინძმარაული" იყო
2016 წელს, გაყიდვების აბსოლუტური ლიდერი "ქინძმარაული" იყო

ხუთეულში ასევე შედიან: „მუკუზანი“ (2 568 547 ბოთლი) და „ახაშენი“ (923 780) გურჯაანიის რაიონის მიკროზონიდან, „წინანდალი“ (2 023 915) თელავის რაიონის მიკროზონიდან და ალექსანდროულისა და მუჯურეთულის კუპაჟი, რაჭული „ხვანჭკარა“ (413 823), ამბროლაურის რაიონის მიკროზონიდან.

ახალ, 2017 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ღვინის კომპანიებთან ერთად, გეგმავს კიდევ უფრო გაზარდოს ექსპორტი აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით ჩინეთში.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ახალი სტრატეგიული მიმართულება - ქართული ღვინის იაპონიის ბაზარზე დამკვიდრება იქნება.

2017 წელს, მიზნობრივ სამოქმედო ბაზრებს დაემატება იაპონიის ბაზარი, სადაც ჩვენ რეგულარულად ვახორციელებთ მარკენტიგულ ღონისძიებებს. მომავალ წლებში, არ გამოვრიცხავ, რომ იაპონიის ბაზარზეც ისეთივე წარმატება ჰქონდეს ქართულ ღვინოს, როგორიც ჩინეთის ბაზარზე აქვს“

„ჩვენ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დავასრულეთ, რაც დამატებით შესაძლობლობებს ქმნის, ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის განვითარების, დამკვიდრებისა და ექსპორტის ზრდისთვის.

შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩინეთში უკვე მოხდა ქართული ღვინის დამკვიდრება, გარკვეული ცნობადობა შეიქმნა და ახალ სავაჭრო პირობებში, გვიჩნდება დამატებითი შესაძლობლობა, რომ ჩინეთის უზარმაზარი საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

2017 წელს, მიზნობრივ სამოქმედო ბაზრებს დაემატება იაპონიის ბაზარი, სადაც ჩვენ რეგულარულად ვახორციელებთ მარკენტიგულ ღონისძიებებს და მომავალ წლებში, არ გამოვრიცხავ, რომ იაპონიის ბაზარზეც ისეთივე წარმატება ჰქონდეს ქართულ ღვინოს, როგორიც ჩინეთის ბაზარზე აქვს.“

გურულ "ჩხავერს" იაპონიაში უკვე კარგად იცნობენ
გურულ "ჩხავერს" იაპონიაში უკვე კარგად იცნობენ

საინტერესოა, რომ 2016 წელს, იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვებმა 16%-ით მოიმატა და თითქმის, 160 000 ბოთლი შეადგინა. იაპონიაში უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ეკოლოგიურად სუფთა ყურძნისგან დაყენებული ბიო ღვინოები: მათ შორის, გურული „ჩხავერი“, ქართლის „ჩინური“, კახური „ართანული“ და მესხური „მწვანე“.

დამოუკიდებლობის პერიოდში ქართულ ღვინის ინდუსტრიას, ორჯერ ჰქონდა გაყიდვების ბუმი: 2005 წელს - 81 მილიონის ღვინო გაიყიდა. 2014 წელს კი აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა - ღვინის ექსპორტმა ქვეყანაში 185 მილიონი დოლარი შემოიტანა.

ორივე წელს გაყიდვებმა რუსეთის ბაზრის ხარჯზე მოიმატა. თუმცა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების თუ კრიზისის გამო, მომდევნო წლებში, გაყიდვები მკვეთრად დაეცა.

ამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოს ღვინის ინდუსტრია ცდილობს, აღარ იყოს ჩამოკიდული ერთ ტრადიციულ ბაზარზე და ახალი ბაზრების ძიებაშია.

ქართული ღვინის საწინააღმდეგო კამპანია რუსეთში, 2006 წელი
ქართული ღვინის საწინააღმდეგო კამპანია რუსეთში, 2006 წელი

ქართული ღვინის გაყიდვებით შემოსული თანხა (1995-2016)

1995 – 3 700 000 აშშ დოლარი

1996 – 3 700 000

1997 – 12 500 000

1998 – 15 000 000

1999 – 15 500 000

2000 – 29 000 000

2001 – 32 300 000

2002 – 33 200 000

2003 – 42 600 000

2004 – 48 700 000

2005 – 81 300 000

2006 – 41 100 000

2007 – 29 200 000

2008 – 36 900 000

2009 – 32 000 000

2010 – 41 000 000

2011 – 54 100 000

2012 – 64 800 000

2013 – 128 000 000

2014 – 185 000 000

2015 – 98 100 000

2016 – 113 800 000

XS
SM
MD
LG