ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ქალების პირველი ღვინო


ახალი ღვინის ფესტივალზე წელს ქართველი ქალების მიერ დაყენებული პირველი ღვინის "მანდილის" პრეზენტაცია შედგა

ქალების დაწურული და ჩამოსხმული ღვინო ისეთი სიახლეა, რომელსაც საქართველოში ტრადიციული მეღვინეების დიდი ნაწილი აქამდე საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა. ოღონდ ეს იყო მანამ, სანამ მარინა კურტანიძემ და თეა მელანაშვილმა საქართველოში პირველად, 11 მაისს გამართულ ახალი ღვინის ფესტივალზე მათ მიერ დაყენებული ღვინო „მანდილი“ წარმოადგინეს.

ძალიან ბევრმა ადამიანმა გასინჯა. მართლა არაჩვეულებრივი შეფასებები იყო. თუმცა, რეაქციები იყო ძალიან უცნაური. „როგორ? ქალების“? - კითხულობდნენ ისინი. ზოგიერთ მამაკაცს ქონდა იცით, რა მომენტი: „ვაი, გავსინჯო“? ზოგი პირიქით, ძალიან ინტერესდებოდა, „უი, რა საინტერესოა! აბა, მაჩვენეთ ქალბატონებმაო“ - ყვება მარინა.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ის პროფესიით ბიოლოგია, თეა კი - უცხო ენების სპეციალისტი. ორივე მუშაობს და ძალიან დაკავებულები არიან, თუმცა წლების მანძილზე მეღვინეობით იყვნენ გატაცებულები და საკუთარი ღვინის ჩამოსხმა სულ ორი წლის წინ გადაწყვიტეს. იურიდიული სტატუსის მინიჭებას, ეტიკეტის დამზადებას და სხვა საორგანიზაციო სამუშაოებს დრო დასჭირდა და მანავის მწვანეზე დამზადებულმა „მანდილმა“ დღის სინათლე პირველად შარშან იხილა. წელს კი ქართველი ქალების დამზადებულმა პირველმა ღვინომ 2013 წლის ახალი ქართული ღვინის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

კუს ტბის გზაზე მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე გამართული ახალი ღვინის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. მისი ინიციატორია „ღვინის კლუბი“, რომელსაც გვერდში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიაც დაუდგა. ფესტივალს საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა და წელს ის უკვე მეოთხედ გაიმართა. ახლადდაყენებული ღვინის დაჭაშნიკების მსურველთა რიცხვმა ამჯერად 20 ათასს გადააჭარბა.

ახალი ღვინის ფესტივალი თითქმის ყველა ღვინით სახელგანთქმულ ქვეყანაში მიმდინარეობს, ამბობს „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია. ბევრ ქვეყანაში იციან ფრანგული „ბოჟოლე ნუვო“. ანალოგიურია „ვინო ნოველო“ იტალიაში და მრავალი სხვა.

აი ასეთი ტრადიცია სახალხო დღესასწაულის ჩვენთან არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ზოგადად დღესასწაულია ახალი ღვინის გასინჯვა ნებისმიერ ოჯახში და ნებისმიერ კუთხეში საქართველოში, მაგრამ ისეთი გამაერთიანებელი დღესასწაული, რომელიც თავს მოუყრიდა ყველა კუთხის ყველა ტიპის ღვინოს, ასეთი რამ არ ყოფილა არასდროს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ტრადიცია დაგვემკვიდრებინა და მემგონი უკვე ძალიან ბევრი აქტიურად იღებს ამ საქმეში მონაწილეობას“ - აღნიშნავს მალხაზ ხარბედია. და მართლაც, 2013 წლის ახალი ღვინის ფესტივალში 30 ღვინის ქარხანა და 40 მარანი იყო წარმოდგენილი, რომელთაც სტუმრებს ასზე მეტი დასახელების პროდუქტი დაახვედრეს.

მონაწილეთა შორის იყო ამერიკელი მხატვარი და მეღვინე, ჯონ ვურდემანი, რომელსაც საქართველოში „ხოხბის ცრემლების“ მარნით იცნობენ. მისი თქმით, ევროპაში ქალბატონების დაყენებული ღვინოების დიდი ტრადიცია არსებობს და ის პირადად იცნობს 4-5 არაჩვეულებრივ მეღვინე ქალს იტალიაში და საფრანგეთში, რომლებიც ძალზე წარმატებული არიან. ამიტომ მიესალმება ქართველი ქალების ინიციატივას და მათ მიერ სიყვარულით და რუდუნებით დამზადებულ ახალ ღვინოს.

ძალიან მომწონს უშუალოდ ღვინო, მარინას დაყენებული მწვანე. ძალიან არომატულია. ისეთი, კახური ხასიათი აქვს და ყველა ის თვისება აქვს, რასაც მე ვეძებ კახურ მწვანეში“ - ამბობს საქართველოში დასახლებული, წარმოშობით ამერიკელი მეღვინე.

მარინა და თეას ნაწარმი მას იმდენად მოეწონა, რომ ისინი 6 ივნისისთვის დაგეგმილ მეორე საერთაშორისო ქვევრის ღვინის სიმპოზიუმზე მიიწვია. პირველი სიმპოზიუმი საქართველოში 2 წლის წინ გაიმართა. ღონისძიება ქართული ქვევრის ღვინის და ღვინის ტურიზმისადმი ინტერესის გაძლიერებასთან ერთად, ზოგადად, გამოცდილებათა გაცვლა-გამოცვლას და ამ ტექნოლოგიებით დამზადებული ღვინის პოპულარიზებასაც ემსახურება.

სიმპოზიუმზე საქართველოს ათეულობით უცხოელი ღვინის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, რესტორნის მფლობელი, დეგუსტატორი, თუ მედიის წარმომადგენელი ეწვევა. ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისთვის გაიმართება ლექციები, დეგუსტაციები, შეხვედრები საწარმოებში და მცირე ზომის მარნებში.

მასპინძლებს შორის წელს პირველად იქნებიან ქართველი ქალები, მარინა კურტანიძე და თეა მელანაშვილი, რომლებიც უცხოელ და სტუმრებს საინტერესო სიახლეს, ქართველი ქალების მიერ წარმოებულ ღვინოს გააცნობენ. „მანდილი“ სამომხმარებლო ბაზარზე ჯერჯერობით გატანილი არ არის, თუმცა პირველივე წარმატებული ნაბიჯებით თუ ვიმსჯელებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ გაისად საქართველოს მაღაზიების დახლებზე ამ გაბედული ქალბატონების არა ერთ, არამედ ორ -წითელ და თეთრ- „მანდილს“ ვიხილავთ.

იხილეთ ფოტოგალერეა


ფოტოების ავტორია ქეთი ადეიშვილი

XS
SM
MD
LG