ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარიის შემდეგ, საქართველო მეორე ევროპული ქვეყანა გახდა, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (FTA) ხელშეკრულება გააფორმა.

მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის 2015 წლის მარტში დაიწყო და ბოლო, 7 თვიანი ინტენსიური დიალოგის შემდეგ, საბოლოო შეთანხმება 13 მაისს პეკინში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჟონგ შანგმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერეს.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან (მოიცავს ასევე ჰონგკონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონს) ქართული ექსპორტისთვის მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარს ხსნის, რომელიც 1,373 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. საბაჟო გადასახადისგან, ქართული საექსპორტო პროდუქციის, დაახლოებით 94% თავისუფლდება.

მათ შორის: ღვინო, ლუდი, მინერალური წყლები, წვენები, თხილი, თაფლი, ჯემები, ჩაი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, შოკოლადის ნაწარმი, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, აზოტოვანი და მინერალური სასუქები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია და სხვა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე ამბობს:

ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო კონკურენტიანი გახდეს, ასევე იძლევა, სექტორების მიხედვით, ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექსპორტის ზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის“

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა. ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო კონკურენტიანი გახდეს, ასევე იძლევა, სექტორების მიხედვით, ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექსპორტის ზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.“

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის, 2017 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, ჩინეთი ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა, რუსეთისა და თურქეთის შემდეგ; ხოლო, იმპორტის მიხედვით, მე-4 ადგილზე, თურქეთი-რუსეთი-აზერბაიჯანის ტრიოს უკან.

თუ 2012 წელს, ჩინეთში მხოლოდ 25 მილიონ 674 ათასი აშშ დოლარის ქართული საექსპორტო პროდუქცია შევიდა, უკვე 2016 წელს, ამ ციფრმა 169 მილიონ 586 ათასი დოლარი შეადგინა, ანუ ექსპორტი თითქმის, 7-ჯერ გაიზარდა.

ქართული ღვინის სახლი ჩინეთში
ქართული ღვინის სახლი ჩინეთში

საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს ღვინოზე აკეთებს, 2017 წლის იანვარ აპრილში, ჩინეთში 2 391 981 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 207%-ით მეტია.

ამ მაჩვენებლით ჩინურმა ბაზარმა უკვე გადაასწრო ისეთ ტრადიციულ ღვინის ბაზრებს, როგორებიც უკრაინა-პოლონეთია და რუსეთის შემდეგ (11 076 015 ბოთლი) მეორე ადგილზეა.

ჩინური იმპორტის ბუმი კი საქართველოში 2011 წლიდან - 527 მილიონიდან დაიწყო, პიკს 2014 წელს მიაღწია - 733 მილიონი და 2016 წელს - 547 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება პირდაპირ ინვესტიციებს ჩინეთიდან: აქაც საუკეთესო მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა - 218 მილიონი დოლარი, რასაც მომდევნო წლებში მკვეთრი კლება მოჰყვა და 2016 წელს - სულ 27 მილიონი დოლარი შეადგინა.

ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი საქართველოში ჩინური "ჰუალინგ ჯგუფია"
ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი საქართველოში ჩინური "ჰუალინგ ჯგუფია"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის გიორგი ღაღანიძის აზრით, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის შეზღუდულობიდან და ერთგვაროვნებიდან გამომდინარე, ჩინეთის ბაზრისკენ გარღვევის მოლოდინი არასწორია:

„ევროკავშირთან სანამ გავაფორმებდით DCFTA-ს შედგა სერიოზული კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ უცებ ევროკავშირის ბაზარზე ჩვენ ექსპორტს ვერ გავზრდით. ეს ასეც მოხდა. მაშინაც, როგორც ახლა საუბარი იყო, რომ ეს პოტენციალი უნდა გამოგვეყენებინა.

ის, რომ ჩინეთს საქართველოსთან FTA-ს გაფორმების სურვილი გაუჩნდა აიხსნება სწორედ პოტენციალით, პეკინი საქართველოს უყურებს როგორც პლატფორმას, დიდ მოთამაშეებთან ვაჭრობისთვის. ჩვენი პრობლემა ბაზრებზე წვდომაში არ გახლავთ, პრობლემა არის საექსპორტო პროდუქციის მოცულობასა და ხარისხში“

ის, რომ ჩინეთს საქართველოსთან FTA-ს გაფორმების სურვილი გაუჩნდა აიხსნება სწორედ პოტენციალით, პეკინი საქართველოს უყურებს როგორც პლატფორმას, დიდ მოთამაშეებთან ვაჭრობისთვის. ჩვენი პრობლემა ბაზრებზე წვდომაში არ გახლავთ, პრობლემაა არის საექსპორტო პროდუქციის მოცულობასა და ხარისხში.“

ჩინეთისთვის საქართველოსთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რიგით მეთხუთმეტეა.

წინა 14 პეკინს გაფორმებული აქვს: აზიის (პაკისტანი, სინგაპური, ტაილანდი, ტაივანი, სამხრეთ კორეა), ევროპის (შვეიცარია), ამერიკის (ჩილე, პერუ, კოსტა-რიკა) და ოკეანეთის (ავსტრალია, ახალი ზელანდია) 11 ქვეყანასთან;

ორ სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონთან (ჰონკონგი, მაკაო) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში (ASEAN) შემავალ (ფილიპინები, მალაიზია, ვიეტნამი, ბრუნეი, კამბოჯა, ლაოსი, ინდონეზია, მიანმარი, ტაილანდი, სინგაპური, აღმოსავლეთ ტიმორი) 11 სახელმწიფოსთან.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს ევროკავშირთან (DCFTA) თავისუფალი ვაჭრობის ევროპის ასოციაციის (EFTA) ოთხ ქვეყანასთან (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია), თურქეთთან და დსთ-ს რვა (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი) სახელმწიფოსთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG