ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ხმა: დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორ აფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტს?

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: გმადლობთ. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო. ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეერთებული შტატების მთავრობის სხვადასხვა უწყებაში ასეთი მაღალი დონის შეხვედრები გამართა და პირისპირ შეხვდა პრეზიდენტს, ადასტურებს, რომ აშშ-ის ეს ადმინისტრაცია, წინამორბედის მსგავსად, საქართველოსთან ურთიერთობას უფრთხილდება. შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ურთიერთობა მყარია და ადმინისტრაციათა ცვლილება მას არ ეხება.

აშშ საქართველოს საიმედო მეგობარია, ყოველთვის მხარს უჭერდა მის ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

ამერიკის ხმა: ბოლო ხანს ადმინისტრაციამ და კონგრესმა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. თქვენი შეფასება?

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: მიმაჩნია, რომ ეს იმ სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც დიდი ხანია, ვითარდება. შეერთებული შტატები საქართველოს საიმედო მეგობარია, ყოველთვის მხარს უჭერდა მის ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. წლების გასვლასთან ერთად, ეს ურთიერთობა სულ უფრო მყარდება. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მეგობრები კონგრესში. ის, რომ კონგრესის წერილში საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერაა გამოხატული, კიდევ ერთი ნიშანია იმ მძლავრი თანადგომის, რომელიც აშშ-ს საქართველოს მიმართ ყოველთვის გააჩნდა. აღნიშვნის ღირსია, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ უკანასკნელი საბიუჯეტო კანონის განხილვისას სრულიად გარკვევით დააფიქსირეს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაუშვებს, აშშ-ის ფინანსური დახმარება მიიღონ ქვეყნებმა, ან ორგანიზაციებმა, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებენ. ეს ღირშესანიშნავი გარემოებაა და ამავე დროს, იმ ტენდენციის გაგრძელება, რაც აშშ-ისა და საქართველოს 25-წლიან თანამშრომლობას ახლავს.

ამერიკის ხმა: აშშ-ის მძლავრი მხარდაჭერის მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ანექსიას. კიდევ რა შეუძლია, გააკეთოს აშშ-მა, რათა საქართველოს რუსულ აგრესიასთან გამკლავებაში დაეხმაროს და აღარ დაუშვას 2008 წლის მსგავსი ტრაგედია?

საქართველოს მთავრობამ და ხალხმა ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს პროვოკაციას: მთელი ყურადღება დაუთმოს სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ვფიქრობ, რუსეთის ქმედებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოველთვის პროვოკაციული იყო და საქართველოსა და მისი ხალხის წყობიდან გამოყვანას ემსახურებოდა. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და ხალხმა ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს პროვოკაციას: მთელი ყურადღება დაუთმოს სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას, არ აჰყვეს ემოციებს და დაიცვას პრინციპული პოზიციები. ქართველები გონივრულად მოქმედებენ. ისინი განაგრძობენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობას, იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ფორუმს, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ეუთოს, სხვა საერთაშორისო ფორუმებს, რათა საერთაშორისო საზოგადოებას განუწყვეტლივ მიაწოდონ ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. ვფიქრობ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები მუდმივი განცხადებებით რუსეთს უგზავნიან სიგნალს, რომ მისი ქმედებები საერთაშორისო ნორმების დარღვევაა და ამაზე თვალის დახუჭვას არავინ აპირებს. ვფიქრობ, ეს პრობლემასთან გამკლავების მართებული გზაა. არსებულ ვითარებას არავინ ეგუება.

ამერიკის ხმა: შესაძლებელია თუ არა უახლოეს მომავალში მაღალი დონის ამერიკული დელეგაციის სტუმრობა საქართველოში, რაც უფრო მეტად გაამყარებდა ორმხრივ ურთიერთობებს?

ამერიკის ხმა: ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ, მე არ ვარ ამერიკელი დიპლომატი და არ ვმუშაობ შეერთებული შთატების ადმინისტრაციაში. არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს. როგორც დამკვირვებელი, ვხედავ, რომ აშშ-ის მთავრობა დიდი ზეიმით აღნიშნავს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთბების დამყარების 25 წლისთავს და ხაზს უსვამს საქართელოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას. ვიცი, რომ პრემიერმა პრეზიდენტი ტრამპი საქართველოში მიიწვია. ვიცი, რომ გავლენიანი სენატორები, მაკეინი და გრემი, იმყოფებოდნენ საქართველოში. ვიცი ისიც, რომ წინა ადმინისტრაციები გამუდმებით აგზავნიდნენ მაღალი დონის დელეგაციებს საქართველოში, რათა მტკიცე თანამშრომლობისათვის გაესვათ ხაზი. არ გამოვრიცხავ, ასე გაგრძელდეს.

ეს ადმინისტრაცია(ც) სერიოზულად უყურებს რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას.

ამერიკის ხმა: რა გზავნილი გაეგზავნა მოსკოვს საქართველოს პრემიერის ვაშინგტონში წარმატებული სტუმრობით?

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: გზავნილი ისაა, რომ აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები გრძელდება, რომ ეს ურთიერთბები ადმინისტრაციათა ცვლილებაზე დამოკიდებული არაა და რომ ეს ადმინისტრაციაც სერიოზულად უყურებს რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას.

ამერიკის ხმა: და უკანასკნელი შეკითხვა. მიგაჩნიათ, თუ არა, რომ ამერიკის მთავრობა სრულადაა ინფორმირებული საქართველოს მთავრობის მიერ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც საქართველოს წინაშე დგას?

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ჩემი აზრით, საქართველოს საელჩო ვაშინგტონში საქმეს შესანიშნავად უძღვება. საქართველოს საგარეო მინისტრი მეოთხე უცხოელი დიპლომატი იყო, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიიღო. ამჯერად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა. მაღალი დონის ურთიერთობები სახეზეა. გრძელდება ურთიერთობები კონგრესთან. ელჩმა კონგრესის საკომიტეტო მოსმენაში მიიღო მონაწილეობა. ის აქტიურად ურთიერთობს არასამთავრობო სექტორთან. მისი აქტიურობა შთამბეჭდავია. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი მხოლოდ უსაფრთხოების სფერო არაა. საქართველო იმსახურებს ქებას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისათვის, ნატოს არსებითი პაკეტის მოთხოვნების შესრულებისათვის. მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ეკონომიკის განვითარებას. ცდილობს, მაქსიმალურად ისარგებლოს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობით და მუშაობს ჩინეთსა და ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაზე. ვფიქრობ, კვირიკაშვილის ამერიკაში ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი შეერთებულ შთატებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების განხილვა იყო. მიმაჩნია, რომ ეკონომიკური კავშირები ურთიერთობებს ავსებს. აშშ-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ რუსეთის საკითხზე არაა აგებული და არც უნდა იყოს. საქართველოს არა პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, არამედ ევროპული ქვეყანაა, რომელიც რეგიონში დემოკრატიული ღირებულელებითა და მისწრაფებებით გამოირჩევა. აშშ-სთან ვაჭრობის გაღრმავებას ორი ქვეყნის ურთიერთობა სიმწიფის სტადიაში გადაჰყავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG