ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ეკონომიკა ისევ „ძალიან ნელა“ გაიზრდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ელოდება, რომ 2016 წელს, ქვეყნის ეკონომიკა 3-3,5 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2017 წელს, ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში უკვე 5,5-6 პროცენტს მიაღწევს. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერმა უკვე წარმოადგინა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელმაც ეკონომიკური წინსვლა უნდა მოიტანოს. მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია: ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული განათლების რეფორმა, მმართველობის რეფორმა, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა.

ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკის“ რედაქტორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ მთავრობის ამ პროგნოზის განხორციელების შემთხვევაშიც კი, ეს ზრდა არ იქნება საგრძნობი ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის.

„რიგითმა მოქალაქემ რომ იგრძნოს აუცილებელია მინიმუმ 7 პროცენტიანი ზრდა. პერ კაპიტა, ერთ სულზე გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი უნდა გაიზარდოს 4500-დან 5000 აშშ დოლარამდე, რომ რიგითმა, საშუალო, საქართველოს მოქალაქემ შეძლოს ბინის, მანქანის შეძენა, ცხოვრების პირობების მოწყობა.

რიგითმა მოქალაქემ რომ იგრძნოს [ეკონომიკის ზრდა] აუცილებელია მინიმუმ 7 პროცენტიანი ზრდა
ემზარ ჯგერენაია

ჩვენ რასაც ვეძახით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, ეს უნდა გადავიდეს და აისახოს, მოქალაქეების პირადი ცხოვრების ზრდაზე.“

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პროგნოზი 2016-17 წლებისთვის, განსხვავდება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის პროგნოზისგან, რომელიც სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ერნესტ სერგენტიმ ინვესტორებს წინა კვირას წარუდგინა.

Moody's-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკა 3 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2017 წელს - მხოლოდ 4 პროცენტით. სააგენტო აღნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკას აქვს კარგი პოტენციალი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე.

ამასთან, Moody's-ის ანალიტიკოსების აზრით, პირველი რიგში, რუსეთის და მთლიანად, დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის ეკონომიკების შემცირების დინამიკის ფონზე, სადაც გადის ძირითადი ქართული ექსპორტი, საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა 3-4 პროცენტზე მეტი ვერ იქნება.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტი ნიკო მჭედლიშვილი ამბობს, მთავრობის ეკონომიკურ ნაბიჯებს ქვეყანა მხოლოდ საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში იგრძნობს:

„ციფრებში სხვაობა, ეკონომიკის ზრდის 2,8 პროცენტს, რაც ჩვენ შარშან გვქონდა და 4 პროცენტს შორის დიდი არ არის. Moody's-ი თვლის, რომ რაღაც ცვლილებები მოხდება ქართული ეკონომიკის სტრუქტურაში, ზოგიერთი დარგი შეიძლება უფრო მეტად გააქტიურდეს და ეს ექსპორტის ზრდაზე აისახოს.

თუმცა, დღეს დაგეგმილი ან უკვე მიმდინარე რეფორმები, იგივე მოგების გადასახადის გაუქმება და 2017 წლიდან, „ესტონური მოდელის“ შემოღება, ამას ერთ წელიწადში, ხელშესაღები მნიშვნელოვანი ეფექტი არ ექნება, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა ექნება.“

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით გამორჩეული იყო 2005-2007 წლების პერიოდი. 2005 წელს ეკონიმიკა 9,6 პროცენტით გაიზარდა, 2006 წელს - 9,4 პროცენტით და 2007 წელს, ზრდის უკვე სარეკორდო მაჩვენებელი - 12,6 პროცენტი დაფიქსირდა.

შემდეგ, რუსეთის აგრესიას და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს საქართველოს ეკონომიკის სერიოზული დაცემა მოჰყვა. 2008 წელს, ქართული ეკონომიკა მხოლოდ 2,6 პროცენტით გაიზარდა, 2009 წელს კი - უკვე 3,7 პროცენტით შემცირდა.

ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ქართული ეკონომიკის ზრდის ტემპი ასეთია: 2013 წელს - 3,4 პროცენტი, 2014 წელს - 4,6 პროცენტი და 2015 წელს - უკვე 2,8 პროცენტი.

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი (2004-2016)

2004 - 5.9%

2005 - 9.6%

2006 - 9.4%

2007 - 12.6%

2008 - 2.6%

2009 - მინუს 3.7%

2010 - 6.2%

2011 - 7.2%

2012 - 6.4%

2013 - 3.4%

2014 - 4.6%

2015 - 2,8%

2016 – 3% (საპროგნოზო მაჩვენებელი)

2017 – 4% (საპროგნოზო მაჩვენებელი)

XS
SM
MD
LG