15 ქართველის 489-დღიანი ტყვეობა დასრულდა

"ოლიბ ჯის" განთავისუფლებული ეკიპაჟი უკვე კენიაშია

489-დღიან ტყვეობის შემზარავ ისტორიას წერტილი დაესვა. სომალელმა მეკობრეებმა გამოსასყიდის, სამი მილიონი ამერიკული დოლარის (3 000 000 $) მიღების შემდეგ, 15 ქართველი და სამი თურქი მეზღვაური გუშინ გაათავისუფლეს.

მალტის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული ტანკერი „ოლიბ ჯი“, რომელიც სომალის სეპარატისტული მუდუქის პროვინციის პატარა ქალაქ ჰარარდჰერეს სანაპიროსთან იდგა, ბოლო ინფორმაციით, სომალის მეზობელ, კენიის ნავსადგურ მომბასაში შევიდა.

„სომალი რეპორტის“ ცნობით, „ოლიბ ჯის“ განთავისუფლება 8 იანვარს დილით მოხდა, როცა ვერტმფრენის მეშვეობით, „ოლიბ ჯის“ ბაქანზე სამი მილიონი ამერიკული დოლარი ჩააგდეს. ამის შემდეგ, მეკობრეებმა ტანკერი დატოვეს.

მოლაპარაკებებს ცნობილი სომალელი შუამავალი ლუიენი აწარმოებდა, იგი თავად სომალის მაჯეერტეენის კლანიდან არის. სწორედ ამ კლანის წარმომადგენელ, შედარებით უცნობი სუბ-კლანის ისა მოჰამედის წევრებს ჰყავდათ ტანკერი დატყვევებული. „სომალი რეპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მეკობრე დეექი კერძოდ ამბობს:

„ჩემმა მეგობრებმა დატოვეს ტანკერი ოლიბ ჯი, მას შემდეგ რაც მიიღეს მოთხოვნილი გამოსასყიდი - სამი მილიონი ამერიკული დოლარი. ამ ფულს ისინი დიდი ხანია ელოდნენ. გემის ეკიპაჟი უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არის. გემიც კარგ მდგომარეობაშია.“

ჯერჯერობით, უცნობია ვინ გადაიხადა გამოსასყიდი. ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს არც „ოლიბ ჯის“ მეპატრონე კომპანია „ფრიო ვენტურეს“ ათენის ოფისში, და არც საქართველოში თურქეთის საელჩომ. კომენტარისგან თავი შეიკავა ბრიტანელმა ადვოკატმა პიკერმაც, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში მეკობრეებთან მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული.

საქართველოს ტრანსპორტის სააგენტოში გამოსასყიდის გადახდის ფაქტს საერთოდ უარყოფენ და მეზღვაურების დაბრუნებამდე არც კომენტარს აკეთებენ. სააგენტოს ინფორმაციით, ამ უწყების ორი წარმომადგენელი მამუკა ახალაძე და თეიმურაზ შერვაშიძე ქართველ მეზღვაურებს კენიაში უკვე შეხვდნენ.

საქართველოს ტელეარხები, მეორე დღეა იუწყებიან, რომ მეზღვაურების გათავისუფლების ოპერაციას უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობდნენ, თუმცა სხვა უფრო კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება. გიორგი კარბელაშვილმა კერძოდ განაცხადა:

„ბიჭები არიან ჯანმრთელად, დავხვდით კენიის მომბასას პორტში, საქართველოში მაქსიმუმ 16 იანვრამდე ჩამოვალთ ყველა. აქ არის ჩვენი მთავრობის დელეგაცია. ყველაფერი უზრუნველყოფილია. საემიგრაციო და სამედიცინო სამსახურები ყველა ჩართულია. პრეზიდენტი სააკაშვილი ორი საათის წინ პირადად ესაუბრა გემის კაპიტანს მემედ ზაქარაძეს. მემედმა მოახსენა, რომ არიან ჯანმრთელად და მეორედ დაიბადნენ პრაქტიკულად.“

ჯერ კიდევ 14 დეკემბერს, ერთ-ერთი მეზღვაურის მეუღლემ ნათელა ვერძაძემ „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ გამოსასყიდი თანხა უკვე გადახდილი იყო და მეზღვაურები ახალი წლის შემდეგ განთავისუფლდებოდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია მაშინ არცერთ სახელმწიფოში უწყებაში არ დაგვიდასტურეს.

15 ქართველ მეზღვაურს საქართველოში ოთხ დღეში ელოდებიან. ერთ-ერთი განთავისუფლებული მეზღვაურის ასლან დემურაძის მეუღლემ ლერა შავლიძემ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ მამას განსაკუთრებით პატარა ნინო დემურაძე ელის, რომელიც მეზღვაურის დატყვევების დროს მხოლოდ ათი თვის იყო.

„ეს ამბავი რო გავიგეთ მე ვტიროდი და ნინიკოც ჩემსავით ტიროდა. ჯერ ვერ ხვდება ამ სიხარულს, ათი თვის იყო მამა ბოლოს რომ ნახა და ამიტომ რეაგირებას ვერ ახდენს.

ჩვენ გვითხრეს, რომ ამ დღეებში ყველაფერი დასრულდებაო. მეტი არაფერი ვიცით, ამიტომ გაჩერებულები ვართ, ვერც ჟურნალისტებს ვაძლევთ ვრცელ ინტერვიუებს. არ შეიძლებაო, სანამ არ ჩამოვლენო“

სომალელმა მეკობრეებმა ტანკერი „ოლიბ ჯი“ ადენის ყურეში 2010 წლის 8 სექტემბერს დაატყვევეს. თავდაპირველად გემი სეპარატისტული ანკლავის პუნტლენდის სანაპიროსთან იდგა, მოლაპარაკების გაჭიანურების შემდეგ კი მუდუქის სანაპიროსთან გადაიყვანეს.

მეკობრეები თავიდან 15 მილიონს, შემდეგ კი 9 მილიონ დოლარს ითხოვდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მეკობრეებთან მოლაპარაკებაზე არ წავიდოდა.

„ოლიბ ჯი“ რიგით მეორე იყო იმ გემებს შორის, რომლებმაც ტყვეობაში ყოფნის ხანგრძლივობით აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნეს. „შავ სიაში“ პირველ ადგილს ინარჩუნებს იემენის ტანკერი „აისბერგ 1“, რომლის 24 კაციანი ეკიპაჟი ტყვეობაში 2010 წლის 29 მარტიდან იმყოფება.

ტანკერ „ოლიბ ჯის“ განთავისუფლებული ეკიპაჟის სია

მემედ ზაქარაძე (63 წლის), შალვა ვერძაძე (62), თემურ ბედინაძე (63), თემურ მახარაძე (62), ანზორ ფართენაძე (52), დავით დევაძე (25), ზურაბ შერვაშიძე (28), გიორგი სირაძე (32), ჯაბა ქარჩავა (25), ნუკრი ჯიჯავაძე (37), ირაკლი ჯიქიძე (27), თემურ ვარშანიძე (28), ასლან დემურაძე (27), ჯიმშერ ასანიძე (31), გენადი ტიმოფეევი (26) - (ყველა საქართველო). იაკუბ ოზთურქი (32), ფუათ ოზჩელიქი (34), მუსტაფა არიცოღლუ (37) - (სამივე თურქეთი)